მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირებას იწყებს

ფოტო არქივიდან: თხილის პლანტაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ეწერი

საქართველოს მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი სიტყვებით, „პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით", რისთვისაც პირველ ეტაპზე დაახლოებით 20 მლნ ლარი გამოიყოფა.

მოგვიანებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ 2017 წელს აზიური ფაროსანის გამოჩენის შემდეგ, ამ მნიშვნელოვან საექსპორტო კულტურას გარკვეული პრობლემები შეექმნა როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის კუთხით. 2019 წლიდან გაიზარდა მოსავლიანობაც, ხარისხიც. 2021 წელს თხილის მოსავლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, თუმცა 2022 წელს, უამინდობის გამო, ფერმერებმა ვერ მოახერხეს თხილის მოსავლის სათანადო მოვლა, რის გამოც შემცირდა რეალიზაცია. „აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფერმერებს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე ნახეთ რთული სეზონი ქართული თხილისთვის - როგორია ხარისხი და ფასი

მისი განმარტებით, დახმარება ითვალისწინებს ყველა ფერმერისთვის და ფიზიკური პირებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას.

„ვინც სარგებლობს 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობით, აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, ჩვენ მივცემთ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელსაც ისინი მიიღებენ აგრობარათების სახით, ქულების სახით და შეძლებენ მის გამოყენებას სხვადასხვა საქონლის შესასყიდად, რომელიც საჭიროა თხილის მოვლისთვის. გარდა ამისა, 3 ჰექტრიდან ზევით თხილის ფართობის მქონე ფერმერებისთვის გავაკეთებთ გარკვეულ შეღავათებს და მათ მივცემთ საშუალებას, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებებით და დავუფინანსებთ დაახლოებით 8%-ის ფარგლებში სესხის პროცენტს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე განმარტებით, აღირიცხება თხილის პლანტაციები, გაკეთდება თხილის კადასტრი, გაირკვევა, რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები. კადასტრში შევა ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში დარგის ანალიზის და საჭიროებების განსაზღვრის საშუალება იქნება.

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მთავრობამ ვაშლის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

მანამდე ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება რთვლის სუბსიდირებასთან დაკავშირებით.