Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთული სეზონი ქართული თხილისთვის - როგორია ხარისხი და ფასი


თხილის პლანტაცია აჭარაში
თხილის პლანტაცია აჭარაში

საქართველოში თხილის მოსავლის აღება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ფერმერები დაბალ ხარისხსა და ფასზე უკვე ჩივიან. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ხარისხი თხილის გაშრობის შემდეგ გამოჩნდება. სეზონის დაწყებამდე ქართული თხილის საექსპორტო ფასი ბოლო 8 წლის მინიმუმამდე დაეცა. 

"შარშანდელთან შედარებით წელს თხილის მოსავლის რაოდენობაც ნაკლებია და ხარისხითაც არ არის სახარბიელო. თითქმის ერთი თვის განმავლობაში წვიმდა და გააფუჭა მოსავალი, მაგრამ მაინც უნდა შევაგროვოთ, აბა, ისე ხომ არ დავტოვებთ", - ამბობს მალხაზ კიკალიშვილი. კიკალიშვილი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდანაა. თხილის წარმოება მისი ოჯახისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

"შარშან და წინა წლებში თუ შეწამლავდი, შეგეძლო შეგენახა რამდენ ხანსაც გინდოდა, წლევანდელს ვერ შეინახავ, გაფუჭდება ეგრევე. მყიდველები გატეხვის გარეშე ყიდულობენ თხილს, 55-60 რუბლი [₾2.54-2.77) ღირს ახლა. როცა შემოწმებას დაიწყებენ, მერე არ ვიცი რა ფასი ექნება, ძალიან უხარისხოა", - გვეუბნება მალხაზი.

გალის რაიონში ქართულ ბაზართან შედარებით თხილზე კიდევ უფრო ნაკლები ფასია, მაგრამ დე ფაქტო საზღვარზე ტვირთის გადატანაზე არსებული შეზღუდვების გამო, გალის რაიონში მცხოვრები ქართველები იძულებულნი არიან, მოსავალი ადგილზე, რუსულ რუბლში გაყიდონ. მათგან ნაყიდი თხილის მოსავლის ნაწილი, როგორც თავად იციან, არაოფიციალურად მაინც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ხვდება.

თხილის პლანტაციები საქართველოში, ძირითადად, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, კახეთში, ნაწილობრივ იმერეთში და აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რაიონშია გაშენებული.

თხილის მოგროვების პროცესი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, 2013 წლის 6 სექტემბერი
თხილის მოგროვების პროცესი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, 2013 წლის 6 სექტემბერი

წელს თხილის ხარისხს და გაიაფებას უჩივის გალის რაიონის კიდევ ერთი ფერმერი საბერიოდან. ნიკას ოჯახის ჰექტარ-ნახევარი თხილის პლანტაცია წელიწადში ტონა-ნახევრიდან ორ ტონა თხილის მოსავალს იძლევა. ბოლო 5 წელია, მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოში მავნებელი მწერი - აზიური ფაროსანა გამოჩნდა, თხილის ხარისხი გაფუჭდა და ოჯახის შემოსავალმაც იკლო.

"ფაროსანას გამოჩენის მეორე წელს ერთი კაკალი თხილი არ გაგვიყიდია. არც საჭმელად ვარგოდა და ჩურჩხელაც კი ვერ გავაკეთეთ იმ წელს. მერე ნელ-ნელა თითქოს თავისით გაუმჯობესდა ხარისხი, მაგრამ ბოლომდე ვერა და მის მერე ფასიც სულ დაბალია. ადრე თხილის მოსავლით ბევრი რაღაცის შეძენა შეგვეძლო, ახლა რაიმეს დაგეგმვაზე საუბარიც ზედმეტია. წამლობა არ ჩაგვიტარებია, რადგან ძვირი ღირს პესტიციდები და ვინც შეწამლა, იმათთანაც დიდი შედეგი არ არის, ამიტომ დამატებით რომ არ დავზარალებულიყავით, შევიკავეთ თავი და არც გვქონდა ყიდვის საშუალება", - ჰყვება ნიკა.

დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა ბევრი ფერმერისთვის წყალს გაატანა პესტიციდებში გადახდილი ფული - სველი მოსავლის წამლობა ხშირად უშედეგოდ მთავრდება. ზოგადად, ერთი ჰექტარი ფართობის შეწამვლა 500-დან 600 ლარამდე ჯდება.

მოსავალი აღებამდე 5-6-ჯერ უნდა შეიწამლოს. ხშირად ბაზარზე დაბალი ხარისხის პესტიციდებს ყიდიან. ამიტომ, ფერმერებს შხამ-ქიმიკატების შერჩევას მხოლოდ სერტიფიცირებულ მაღაზიებში ურჩევენ.

"თხილი ხარისხიანი რომ იყოს, უნდა მიხედოს პირველ რიგში ფერმერმა, მაგრამ ფერმერს ამის საშუალება უნდა ჰქონდეს და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამაზე. ფერმერს არ აქვს იმის საშუალება, რომ სრულფასოვნად შეწამლოს, იმიტომ, რომ ეს პრეპარატები ძალიან ძვირია. წელს მეც არ შემიწამლია და არც სხვებს, იმიტომ, რომ ყველა გულნატკენი იყო შარშანდელ ფასზე. თან შარშან შედარებით კარგი ხარისხი იყო", - ამბობს მარინა ჩიხლაძე. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში 30 წელია სამეურნეო საქმიანობას ეწევა.

ოფიციალურ ფასს მშრალ თხილზე ადგენენ. სანამ გაშრება, წელს ერთი კილოგრამი ნედლი თხილის ფასი ორლარ-ნახევრიდან სამ ლარამდე მერყეობს, როდესაც შარშან ამ დროს უკვე სამლარ-ნახევრიდან იწყებოდა.

"თხილის საკითხში არანაირი რეგულაცია არ არსებობს. ბენზინში არსებობს, მაგალითად, სახელმწიფოს აქვს რეგულაცია, ხორცის მიმართ არსებობს სტანდარტები, თხილის მიმართ ასეთი რამ არ არსებობს. მყიდველი თვითონ გიდგენს ფასს, ასეთი რამე გინახავთ? თხილს რომ მიუტან, თვითონ გეუბნება, ამდენი უნდა მოგცეო", - ამბობს მარინა ჩიხლაძე.

თხილის გაყიდვის ერთ-ერთი ადგილი ზუგდიდში
თხილის გაყიდვის ერთ-ერთი ადგილი ზუგდიდში

როგორ ითვლიან თხილის ფასს?

2016 წლიდან, მას შემდეც, რაც დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობისთვის მავნებელი მწერი აზიური ფაროსანა გამოჩნდა, ფერმერებს ფასს თხილის გულით უთვლიან. მაგალითად, მყიდველი 10-20 ცალ თხილს ტეხს და ხარისხიანი გულების რაოდენობას 30-დან 40-თეთრამდე ამრავლებს - მყიდველს გააჩნია.

აზიური ფაროსანას გამოჩენამდე, თხილს გატეხის გარეშე მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით იბარებდნენ.

"2012 წელს 12 ლარზე ავიდა 1 კილოგრამი თხილის ფასი. მაშინ ლარის კურსიც უფრო მაღალი იყო და მოტივაციაც გაუჩნდა ხალხს, ეგება გვეშველოსო. მე 8-9-10 ლარად ჩამიბარებია თხილი. 3 ლარი თხილი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. კილო პომიდორისა და კილო თხილის ფასი ერთი და იგივე არ უნდა იყოს. თან კვებითი ღირებულება გაცილებით მეტია თხილის ცხიმების და სხვა ნივთიერებების შემცველობით, ვიდრე პომიდორის", - განმარტავს აგრონომი აკაკი ღლონტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთიდან.

ფაროსანა ისევ პრობლემად რჩება

"აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელი იქნება მომდევნო წლებშიც", - ამბობენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში და დასძენენ, რომ 2016-2017-2018 წლებთან შედარებით მავნებელი მწერის პოპულაცია დაბალანსებულია, თუმცა მასობრივად ფაროსანას განადგურება ვერ ხერხდება.

აზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა

საქართველოში აზიური ფაროსანა პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე გალის რაიონში, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თუმცა ფაროსანას გარდა თხილი პარალელურად სოკოვანმა დაავადებებმაც დააზიანა.

"სულ რამდენიმე დღეა დაიწყო მოსავლის აღება და ჯერჯერობით, ტენიანობა მაღალია. ხარისხიც სხვადასხვანაირი გვხდება. ამიტომ, შრობის მერე გამოჩნდება ხარისხი. დღესდღეობით, მოსავლის, დაახლოებით, 20-25% არის აღებული. ალბათ, 5-6 დღეში დაიწყება მასობრივად. ხარისხის მისაღებად აუცილებელია, მაქსიმალურად სწრაფად, ოპერატიულად ავიღოთ მოსავალი. კარგია, რომ წვიმები არ არის ეს დღეები. ამის შემდეგ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გავწმინდოთ ჩენჩოსგან. ადრე რამდენიმე კვირა იყო დასაწყობებული ჩენჩოიანი თხილი და მერე ხდებოდა გაწმენდა. ეს ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს. ასევე, მნიშვნელოვანია თხილის შრობაც", - ამბობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა.

ასოციაციაში ფერმერებს ასევე ურჩევენ, თხილის გაშრობის შემდეგ მისი რეალიზაცია არ იჩქარონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასულ წელს, ექსპორტზე 120 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. ქართული თხილის მთავარი მყიდველი ევროკავშირია. ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და დანარჩენ ქვეყნებში ხდება.

ქართული თხილი
ქართული თხილი

წელს საქართველოში 55-დან 60 000-მდე ტონა მოსავალს ელოდებიან. ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, გასულ წელს თხილის მოსავლიდან 5 000 ტონამდე გაუყიდავი დარჩა, რასაც თხილის ფასის შემცირებით ხსნიან.

"საშუალო ფასი სექტემბერ-ოქტომბერში 6-დან 7 ლარამდე დაფიქსირდა, ნოემბერ-დეკემბერში დაიწია. ფერმერებში მოლოდინი იყო, რომ ფასი აიწევდა, თუმცა კვლავ განაგრძო კლება. ამ შემთხვევაში ფერმერების ნაწილმა თხილის მომდევნო სეზონისთვის შენახვა გადაწყვიტა. თუმცა ერთი ცუდი ფაქტორია შენახვაში, ერთი წლის შემდეგ ხარისხი იკლებს", - განმარტავს თოდუა.

თხილზე ფასის შემცირების ძირითად მიზეზად ასევე თურქული ლირის გაუფასურება სახელდება. თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა, რამაც ფასების ფორმირებაზე გავლენა საერთაშორისო ბაზარზეც მოახდინა. თურქეთი თხილის ბაზარზე ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. თხილის 70%-ს თურქეთი აწარმოებს და, შესაბამისად, ის ადგენს თხილის ფასს.

"და ისედაც ხარისხობრივად აშკარად თურქეთის თხილი გამოირჩევა. დაახლოებით, 800 000 ტონა არის თურქეთში თხილის სავარაუდო მოსავალი წელს", - ამბობს გიორგი თოდუა.

EastFruit-ის ცნობით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ხილის, ბოსტნეულისა და თხილის ბაზრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, ქართული თხილის საექსპორტო ფასებმა ახალი სეზონის დაწყებამდე მინიმუმს მიაღწია. ერთი კილოგრამი თხილის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 4,5 დოლარია, რაც 2014-2022 წლების პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG