რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტერორისტული აქტი“ უწოდა დრონებით თავდასხმას ანექსირებულ ყირიმში - სევასტოპოლში; რის შედეგადაც, უწყების ცნობით, „უმნიშვნელო დაზიანება“ მიიღო შავი ზღვის სამხედრო ხომალდმა „ივან გოლუბეცმა“ და სამხრეთი ყურის დამცავმა ჯებირმა [მაღალი დაცვის საინჟინრო კონსტრუქცია].
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გამოყენებული იყო 9 დრონი და 7 საზღვაო ავტონომიური უპილოტო საფრენი აპარატი. შავი ზღვის ფლოტის გემებმა და ავიაციამ გაანადგურა ყველა სამიზნე, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის გადამოწმებასაც დამოუკიდებელი წყაროები ვერ ახერხებენ.
რუსეთის სამხედრო უწყება „ტერაქტის“ მომზადებაში ჩართულობას დიდი ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალების სპეციალისტებს აბრალებს, რომლებსაც ასევე მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში სდებს ბრალს.
რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ბრიტანელი სპეციალისტები ბაზირებული არიან ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში და წვრთნიან უკრაინელ სამხედროებსაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხეთის“ სარდლობის წარმომადგენელი, ნატალია გუმელიუკი აცხადებს, რომ მზადდება ოფიციალური პასუხი რუსეთის ბრალდებაზე „რომელიც სავსე იქნება ფაქტებით“.
ასევე ნახეთ ანექსირებულ სევასტოპოლში დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო გემებზეუკრაინული წყაროები, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო, მანამდე წერდნენ, რომ სევასტოპოლის ყურეში მომხდარი აფეთქებების შედეგად, სავარაუდოდ, ოთხი რუსული ხომალდი დაზიანდა, მათ შორის სამხედრო ფრეგატი "ადმირალი მაკაროვი". სწორედ მისგან გაუშვეს კალიბრის რაკეტები ვინიცაში 2022 წლის ზაფხულში, მაშინ 27 ადამიანი დაიღუპა.
29 ოქტომბერს, დილით აფეთქებების ხმა გაისმა ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურეში. სევასტოპოლის "გუბერნატორის" მიხაილ რაზვოზჟაევის თქმით, შავი ზღვის ფლოტის გემები "უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმას იგერიებდნენ". ამასთან, მოსკოვის მიერ დანიშნული გუბერნატორი ირწმუნება, რომ იერიშის შედეგად "ქალაქში არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა".