საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს, არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დროს ქვეყნები რთული გამოწვევების წინაშე დგანან.
"ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობას და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნების და საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა აქვე აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხი დავიცვათ ამ რთულ დროს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ერთობლივ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
"ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ:
"მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს".
ერთობლივ ბრიფინგამდე, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ასევე ნახეთ ორბანმა ღარიბაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვასაქართველოს პრემიერი უნგრეთს 26 ოქტომბერს ესტუმრა. ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ასევე შეხვდა უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერს. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო.