ყირიმში მყოფი ირანელთა ჯგუფი რუსებს უპილოტო აპარატების გამოყენებაში ეხმარება - თეთრი სახლი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იმყოფება ირანული პერსონალი, რომელიც უშუალოდ ადგილზე ეხმარება მოსკოვის სამხედრო ძალებს უკრაინულ პოზიციებზე ირანული მოიერიშე დრონებით თავდასხმებში. ამის შესახებ 20 ოქტომბერს თეთრი სახლის უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანმა ყირიმში გაგზავნა ირანელ სპეციალისტთა „შედარებით მცირე ჯგუფი“, რომელიც ინსტრუქტაჟს და ტექნიკურ დახმარებას უწევს რუს სამხედროებს უპილოტო დრონების მართვის საქმეში. „ისინი უშუალოდ ადგილებზე მოქმედებენ და აწვდიან იარაღს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, - აღნიშნა კირბიმ და დაამატა, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა გამოააშკარაოს, შეაკავოს და გააუვნებელყოს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ირანული დრონები.

ასევე ნახეთ

ირანი გეგმავს რუსეთს ფარულად მიაწოდოს არა მხოლოდ დრონები, არამედ რაკეტებიც - WP

თეირანის მხრიდან აშშ-ის ბრალდებებზე დაუყოვნებელი რეაქცია არ ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თეირანს ივლისში ეწვია. ამ ვიზიტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა სურს. ირანი უარყოფს მსგავსი აღჭურვილობის რუსეთისთვის მიყიდვას.