Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გეგმავს რუსეთს ფარულად მიაწოდოს არა მხოლოდ დრონები, არამედ რაკეტებიც - WP


ირანი დათანხმდა, რომ რუსეთს ფარულად მიაწოდოს არა მხოლოდ უპილოტო თვითმფრინავები, არამედ "ხმელეთი-ხმელეთი" კლასის ბალისტიკური რაკეტებიც. ამის შესახებ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება Washington Post-ი.

გამოცემის თანახმად, ლაპარაკია Fateh-110-ისა და Zulfikar-ის კლასის რაკეტებზე, რომელთა სროლის დიაპაზონი შესაბამისად 300 და 700 კილომეტრია. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ირანი რუსეთის ათობით "მოჰაჯირ-6"-ითა და "შაჰიდ-136" კამიკაძე დრონებით მომარაგებასაც გეგმავს.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანი არ აწვდის და არც მიაწვდის რომელიმე ქვეყანას იარაღს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის ომში. ირანელი მინისტრის სიტყვებს ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ კონფლიქტის რომელიმე მხარის შეიარაღებით დახმარება ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს, ხოლო ომებს არ მივიჩნევთ მართებულად არც უკრაინაში, არც ავღანეთში, არც სირიასა და იემენში", - განაცხადა ირანელმა მინისტრმა.

როგორც სამხედრო უწყებებმა, ასევე მსოფლიო მედიამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ირანი თავის საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთს აწვდის. ასევე დასახელდა მათი კონკრეტული მოდელი (Shahed-136) და რუსეთის მიერ ირანისთვის შეკვეთილი თვითმფრინავების სავარაუდო რაოდენობა (2,400).

XS
SM
MD
LG