რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აკონკრეტებს, თუ რა მოხდა 15 ოქტომბერს, ბელგოროდის რეგიონში დასახლებულ პუნქტ სოლოტიში მდებარე სამხედრო პოლიგონზე, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 - დაშავდა.
ასევე ნახეთ 11 ადამიანი დაიღუპა ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე სროლის დროსაქამდე არსებული ერთადერთი ოფიციალური შეფასებით, ეს იყო „ტერაქტი“, რომელიც „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებმა“ ჩაიდინეს.
მაგრამ რადიო თავისუფლების ტაჯიკურმა სამსახურმა საკუთარი წყაროებით გაარკვია, რომ გამოძიება თავდასხმაში ეჭვმიტანილად ორი ტაჯიკი ეროვნების „მოხალისეს“, ეხსონ ამინზოდას (იგივე ამინზოდა ტოჯიდდინი) და მეხრობ რახმონოვს მიიჩნევს.
რაც შეეხება ვერსიებს, სოციალური ქსელები უპირატესობას ანიჭებენ „რელიგიურ ნიადაგზე“ მომხდარ დაპირისპირებას მუსლიმანური რწმენის მიმდევარ მობილიზებულებსა და ერთ-ერთ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეი ლაპინს შორის, რომელიც სროლის შედეგად ასევე დაიღუპა. მაგრამ არსებობს სხვა კონსპირაციული ვერსიებიც: დაწყებული იმით, რომ უკმაყოფილო რეზერვისტები ტყვიამფრქვევის ცეცხლით თავად სამხედრო ნაწილის წარმომადგენლებმა დახოცეს და ხელს ტაჯიკებს აწმენდენ; და დამთავრებული იმით, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის უკან შესაძლოა უკრაინის სპეცსამსახურები იდგნენ.
„ეს არ არის ჩვენი ომი“
ტელეგრამის არხმა „ასტრამ“ ბელგოროდის ოლქის სოფელ სოლოტის პოლიგონზე დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთ თვითმხილველ სამხედრო მოსამსახურეზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად ტრაგედია სავარაუდოდ მობილიზებულ მოხალისეებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.
გამოცემის წყაროს ცნობით, დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც სამმა ჯარისკაცმა - დაღესტნელმა, აზერბაიჯანელმა და ადიღელმა, გადაწყვიტეს პატაკის დაწერა იმის თაობაზე, რომ „აღარ სურთ“ სამსახურის გაგრძელება, რადგან „ეს არ არის მათი ომი“.
როდესაც მათი ამ განზრახვის შესახებ ნაწილის ერთ-ერთ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეი ლაპინს შეუტყვია, დაუბარებია „ოტკაზნიკები“ (ასე რუსეთში უწოდებენ მათ, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე - რედ.), დაუტუქსავს ისინი და უთქვამს, რომ „ეს არის წმინდა ომი“.
ანონიმი წყარო ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ ერთ-ერთ ტაჯიკი წარმომავლობის სამხედროს მეთაურისთვის უთქვამს, რომ წმინდა ომი არის მუსლიმანების ომის ურწმუნოთა წინააღმდეგ. ამაზე ვიცე-პოლკოვნიკს მიუგია, რომ ალაჰი „სუსტი“ და „მშიშარაა“, რასაც ბევრი დამსწრე „შოკში ჩაუგდია“.
„ასტრის“ წყაროს თანახმად, ეს ყველაფერი ხდებოდა საცეცხლე მომზადების პოლიგონზე, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენლებს სხვა მუსლიმანებისთვის უთქვამთ, რომ განზე გამდგარიყვნენ, ხოლო თავად კი მოუმართავთ ავტომატები და დაუხვრეტიათ ვიცე-პოლკოვნიკი. შემდეგ კი უკონტროლო სროლა აუტეხიათ, რასაც თითქოს 29 ადამიანი შეეწირა.
სროლის ხმის გაგონებაზე, სამხედრო ნაწილის ზემდეგ სემიონოვს იარაღის ოთახიდან აუღია სატაბელო პისტოლეტი და საპასუხო ცეცხლით ორი თავდამსხმელი ადგილზევე მოუკლავს, მესამე კი დაუჭრია, მაგრამ მას მოუხერხებია გაქცევა.
ამასთან, ტელეგრამის არხი „ასტრა“ ხაზს უსვამს, რომ ინფორმაციის პუბლიკაციის მომენტისთვის ვერ შეძლეს ვერც ამბის მომტანის და ვერც იმ ადამიანების ვინაობის დადგენა, ვისაც მათი წყარო კონფლიქტის მონაწილეებად მიიჩნევს.
ხალხს ფრონტზე ერეკებიან მუხანათური მეთოდებით
ტაჯიკეთის მკვიდრის, 24 წლის ეხსონ (ამინზოდა) ტოჯიდინის ნათესავებმა რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს უთხრეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეხსონი ამოიცნო ერთ-ერთ იმ თავდამსხმელში, რომლებმაც 15 ოქტომბერს ბელგოროდის ოლქის სამხედრო პოლიგონზე 11 ადამიანი დახოცეს.
„მე ახლა მოსკოვის სამხედრო პროკურატურაში გამომიძახეს. გუშინ მომხდარის შესახებ მაცნობეს. თუ როგორ აღმოჩნდა ის [ეხსონი] ბელგოროდში, არ ვიცით. ჩემი ძმა ტერორისტი არ ყოფილა და მას არ ჰქონია ასეთი განზრახვა. ის არის ჩვეულებრივი იმიგრანტი, რომელსაც სურდა მუშაობა და საკუთარი ცხოვრების მოწყობა“, - უთხრა ფირუზ ამინზოდამ რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს.
ეხსონის მეგობრის თქმით, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ეხსონს არასოდეს სდომებია ომში წასვლა. მას სურდა, რომ გამოემუშავებინა ფული, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო ტაჯიკეთში და შეყვარებულ გოგოზე დაქორწინებულიყო.
მაგრამ 16 ოქტომბერს ეხსონ ამინზოდას ოჯახს რუსეთის ხელისუფლებამ აცნობა, რომ იგი ბელგოროდის ოლქში მდებარე საწვრთნელ პოლიგონზე საცეცხლე მომზადების დროს დაიღუპა.
თუ რატომ, როგორ და რა ვითარებაში, - ესხონის ოჯახის წევრთათვის ამის თაობაზე არაფერი უთქვამთ. მათ მხოლოდ 17 ოქტომბერს ტელეგრამის არხ „ასტრას“ მეშვეობით გაიგეს, რომ სროლის შედეგად დაიღუპა 11 რეზერვისტი და კიდევ ორი თავდამსხმელი.
სროლის შედეგად დაიღუპნენ მობილიზებული მოხალისეები:
- ალექსეი სალპაკოვი, მოსკოვის ოლქი;
- ნიკოლაი ციგანოვი, რიაზანი;
- ნიკოლაი აგაფონოვი, ნიჟნი ნოვგოროდი;
- ნიკოლაი ლიპინი, ნიჟეგოროდის ოლქი;
- ვიქტორ კირპიჩენკო, ხერსონის ოლქი;
- ვიაჩესლავ ტინიაკოვი, უკრაინა;
- გეორგი გროშკოვი, ქალაქი პავლოვო;
- ოლეგ ევდოშჩუკი, სარატოვის ოლქი;
- ვადიმ გოდუნოვი, მურმანსკის ოლქი;
- დენის სინიცინი, ვოსკრესენსკი;
- ვადიმ გაფეტდინოვი, ვოლგოდონსკი.
ტელეგრამის არხის ცნობით, თავდამსხმელებს შორის აღმოჩნდა ორი ტაჯიკი ეროვნების მოქალაქე: ამინზოდა ტოჯიდდინი და მეხრობ რახმონოვი, რომლებიც ნაწილის ზემდეგმა, გვარად სიმიონოვმა, საპასუხო ცეცხლით გაანადგურა.
უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდნენ საწვრთნელ ბანაკში, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად დაცულ, საცეცხლე პოლიგონზე, ტაჯიკი ეროვნების მოქალაქეები რუს მობილიზებულ მოხალისეებს შორის. ოჯახის ნათესავები ეჭვობენ, რომ ისინი ძალით ან მოტყუებით აღმოჩნდნენ მობილიზებულ მოხალისეთა შორის. მათ ამ ეჭვს აძლიერებს ოფიციალური ცნობა, რომლის თანახმად თავდამსხმელები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოდან იყვნენ.
საერთოდ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პრესრელიზში „დსთ-ს“ ხსენებამ და რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში, ამ გაერთიანებაზე აქცენტის გაკეთებამ, სოციალური ქსელები, რომ იტყვიან, პირდაპირ ააფეთქა. აი, რამდენიმე კომენტარი საილუსტრაციოდ:
„სხვათა შორის რუსეთიც დსთ-ის ერთ-ერთი სახელმწიფოა, რაც თავდაცვის სამინისტროს ამ რელიზს საეტალონოდ სალდაფონურს ხდის. ასეთი რამ რომ დაწერო, ტვინი უხეში ტყავის ნაჭრისგან უნდა გქონდეს მოწყობილი ან ორი ჩექმისგან უნდა იყო შექმნილი“, - წერს ფეისბუკში ალექსეი ფედიაროვი.
„პირველი შეკითხვაა - რას აკეთებდა პოლიგონზე დსთ-ის ქვეყნის ორი მოქალაქე? ისინი მობილიზებულები იყვნენ? რა კავშირი ჰქონდათ მათ რუსეთის „სპეცოპერაციასთან“? ატარებენ მობილიზაციას, მუხანათური მეთოდების (რეიდების) გამოყენებით ხალხს ფრონტზე ერეკებიან. ასეთი არმია როგორ იომებს? ახლა ტრაგედია მოხდა პოლიგონზე, რაც საბრძოლო სულისკვეთებას ნამდვილად არ გაზრდის. საინტერესოა, რაიმე მსგავსი თუ ხდება უკრაინის არმიაში? რაღაც არაფერი არ გაგვიგია“, - წერს ტელეგრამის არხში „სეპრომ პო“.
„დანაშაული ორ ტაჯიკ გასტარბაიტერს აჰკიდეს“
მაგრამ ამ და სხვა კითხვებზე რუსეთის ხელისუფლება პასუხებს არ იძლევა. და ვიდრე არ არსებობს ოფიციალური ვერსია სოლოტიში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის გარშემო, სხვადასხვა ბლოგერი და ექსპერტი სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას გამოთქვამს.
არიან კომენტატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოლოტის პოლიგონზე დახოცეს ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც არ სურდათ უკრაინაში საომრად წასვლა და კვალის დასაფარად მოიფიქრეს ტაჯიკების მონაწილეობის ვერსია.
„ამბობენ, რომ ბელგოროდთან ახლოს სინამდვილეში ასეთი რამ მოხდა: ტყვიამფრქვევიდან დახვრიტეს ოტკაზნიკები და დანაშაული აჰკიდეს ორ ტაჯიკ გასტარბაიტერს, რომლებსაც განუკითხავად უკრეს თავი [სოლოტიში] და რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ“, - წერს ფეისბუკში პაველ შეხტანი.
სხვათა შორის მოსკოვის ოფიციალური ვერსიისა არ სჯერა კრემლის მხარდამჭერ პოლიტოლოგ სერგეი მარკოვს, რომელიც მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინის სპეცსამსახურების ხელწერას ხედავს.
„ბელგოროდის ოლქში მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც სამხედრო პოლიგონზე 10 გაწვრთნილი რუსი სამხედრო მოკლეს, როგორც ჩანს, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მათი ჩვეულებრივი სქემითაა ჩადენილი. მათ მძევლად აჰყავთ ვინმე და შემდეგ დახოცვის მუქარით, ამ მძევლების ოჯახების წევრებს ტერაქტების მოწყობას აიძულებენ. ამჯერად ტერაქტის ჩადენა, როგორც ჩანს, ამ უბედურ ტაჯიკებს დაუკვეთეს“, - წერს ტელეგრამში მარკოვი და რუსეთის მიერ უკრაინის უშიშროების სამსახურის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას მოითხოვს.
მაგრამ სიმართლე სოლოტიში მდებარე პოლიგონზე დატრიალებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტის, თუ როგორც რუსეთის ოფიციოზი უწოდებს - ტერაქტის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ბელგოროდის ოლქში მდებარე დასახლებული პუნქტი სოლოტი არაერთხელ მოხვდა სოციალურ მედიაში, როგორც უკმაყოფილო რეზერვისტებისა და მოხალისეების პირველი ამბოხების ადგილი.
ასევე ნახეთ „მთავარია, არაყი იყოს“ - რაზე ჩივიან და ოცნებობენ მობილიზებული რუსები6 ოქტომბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზების დაწყებიდან ორ კვირაში, ტელეგრამის არხმა Sota-მ გამოაქვეყნა მობილიზებულ რუსი ჯარისკაცების საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც სამხედრო ჰყვება, რომ იმყოფება ბელგოროდის ოლქის სოფელ სოლოტიში, სადაც, მისი თქმით, დაახლოებით 100 რეზერვისტი უარს ამბობს უკრაინაში წასვლასა და „ლიმანის უკან დაბრუნებისათვის“ ბრძოლაზე.
Sota-ს თანამოსაუბრის თანახმად, ბრძოლის სურვილი მასა და მის ამხანაგებს მას შემდეგ დაეკარგათ, რაც ფრონტის ხაზზე გაგზავნილ წინა მობილიზებულთა ჯგუფიდან უკან მხოლოდ ერთი კაცი დაბრუნდა - ისიც დაჭრილი იყო და სასწრაფოდ სამხედრო საავადმყოფოში გაამგზავრეს.
სოლოტი - ესაა პატარა სოფელი, სადაც 7000 ადამიანი ცხოვრობს. იგი უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით, 2017 წელს აშენებულ სამხედრო ქალაქთან და დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის 752-ე მოტომსროლელი პოლკის პოლიგონის სიახლოვეს მდებარეობს.