Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ადამიანი დაიღუპა ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე სროლის დროს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა, რომლებსაც უწყება დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეებად მოიხსენიებს, ბელგოროდის რეგიონში სამხედრო პოლიგონზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 - დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

უწყების ცნობით, სროლა იმ მოხალისეების საცეცხლე მომზადების დროს მოხდა, რომლებმაც უკრაინაში ომში წასვლა გადაწყვიტეს. ინციდენტის ორი თავდამსხმელი დაიღუპა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

სროლის შესახებ, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა, პირველი გამოცემა "ბაზა" იტყობინებოდა, ხოლო ტელეგრამის არხი "სოტა" ირწმუნება, რომ სროლა სოფელ სოლოტიში მდებარე პოლიგონზე მოხდა. იქ არის ბანაკი, სადაც იმყოფება 100-ზე მეტი მობილიზებული ბრიანსკელი მოქალაქე, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ომში წასვლაზე. ტელეგრამის არხ Mash-ის ცნობით, სროლის შედეგად ბრიანსკის რეგიონის მოხალისეები დაიღუპნენ.

უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქი ბელგოროდი ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში.

დილით იქ ჭურვის მოხვედრის შედეგად ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ცნობა და ინციდენტის ამსახველი ფოტო.

"ჩვენ კვლავ დაგვიშინეს ცეცხლი. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზას მოხვდა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო უკვე ებრძვის ხანძარს", - წერს რუსი გუბერნატორი.

პარასკევს ბელგოროდში ხანძარი შაქრის ქარხანას გაუჩნდა. როგორც "მედუზა" იუწყება, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ააფეთქეს რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი აცხადებს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG