„2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია", - ექვსდღიანი კვლევა-ძიების შემდეგ, აი, ასე ახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკის შადრევანში, 13 ოქტომბერს დატრიალებული ტრაგედიის მთავარი მიზეზი, რამაც 13 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა, ორი მოზარდი კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. იმ დღეს, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა.
18 ოქტომბერს გამოძიებამ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 ადამიანი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ერთი მხრივ, სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, მეორე მხრივ კი დოკუმენტები გააყალბეს. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა მერიის მაღალჩინოსანი, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი. მასთან ერთად დააკავა გამოძიებამ მერიის კონტრაქტორი კომპანია "გრინსერვის+“ - ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და ამავე კომპანიის კორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს "გრინსერვის+“ - ის კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ის ორი შემდუღებელიც, რომლებმაც გამოძიების მტკიცებით, სამუშაოების შესრულებისას დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, რამაც სადენის იზოლაციის დაზიანება გამოიწვია.
ვინ, ვის, რა და როგორ დაავალა - შემდუღებლებიდან გაყალბებულ დოკუმენტამდე და პირიქით
ძაფის გორგალი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ტრაგედია გამოიწვია და რომელმაც ცხრა სავარაუდო დამნაშავესთან მიიყვანა გამოძიება, გრძელია.
უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ვახტანგაშვილმა, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით შეეფუთათ.
გამოძიების თანახმად, სწორედ აქედან იღებს სათავეს დავალებების მთელი კასკადი, თუ ვინ, ვის, რა და როგორ დაავალა და ვინ და როგორ შეასრულა ეს დავალება. გამოძიების მიხედვით, დავალებების სწორედ ამ კასკადში გამოიკვეთა, რომ შემდუღებლებმა უსაფრთხოების ნორმები დაარღვიეს, „გრინსერვის +“-ის დირექტორმა კი შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩატარებული სამუშაო მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
თუმცა, გამოძიების ვერსიის თანახმად, მხოლოდ ეს ფაქტორები არ გამხდარა ვაკის პარკის შადრევანში დატრიალებული ტრაგედიის საფუძველი. გამოძიება ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ინსპექტირების გაყალბებულ დოკუმენტზე საუბრობს.
უწყება ამბობს, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით, შპს. „გრინსერვის+“ - მა ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“, რომლის ექსპერტებმაც მოახდინეს მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება და რაკიღა დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“ - ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს მათ შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. გამოძიების თანახმად, სწორედ ასე შედგა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - შადრევნისა და შადრევნის კასკადის ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ჩაიწერა, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
19 ოქტომბრის მონაცემებით, ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულებიდან თავს დამნაშავედ არცერთი არ ცნობს.
შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება?
ვაკის პარკის შადრევნისა და შადრევნის კასკადის რეაბილიტაციის პროექტი კომპანია LMC-მ დაამუშავა. პროექტის ავტორი, შალვა ქურიძე ამბობს, რომ პროექტი, რომელიც კომპანიამ მერიას ჩააბარა, შეცვლილია. ის გულისხმობს პროექტის ტექნიკურ ნაწილს. მისი მტკიცებით, კომპანიის მიერ შექმნილი პროექტის თანახმად, მაღალ ძაბვაზე მომუშავე ტუმბოები შადრევნის გარეთ უნდა დამონტაჟებულიყო, შესაბამისად, შადრევანში ვერ მოხვდებოდა ვერც ელექტროსადენები:
ინფორმაცია პროექტის ტექნიკური ნაწილის ცვლილებასთან დაკავშირებით უარყო თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, რომელმაც 18 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოები სწორედ ისე დამონტაჟდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული:
„პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. პროექტში გათვალისწინებული იყო ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია, რომ ჩაძირული უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ გარეთ ყოფილიყო, სხვა ტიპის ტუმბო უნდა ყოფილიყო. ნახაზი გვაქვს, სადაც მითითებულია რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო, სად უნდა ყოფილიყო. მესამე ნახაზში, რომელიც დამოწმებულია ავტორის მიერ, ნათლად ჩანს, თუ სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო. ძალიან სამწუხაროა ავტორის მხრიდან ასეთი განცხადებები. ფაქტობრივად, ტუმბოები ისე განხორციელდა, როგორც პროექტში იყო. სულ რომ ამას იძახდეს ეს ადამიანი, მას ხელშეკრულებით ევალებოდა, პროექტის ნებისმიერ ცვლილებაზე, პროექტის მსვლელობაზე საპროექტო ზედამხედველობის გაწევა. ეს ადამიანი ჩართული იყო, როგორც სამშენებლო პროცესში, ასევე გახსნამდე ადგილზე იყო და ზუსტად იცოდა როგორ განხორციელდა სამუშაოები. არც ერთხელ მისგან არ დაფიქსირებულა პრობლემა“, - თქვა ანდრია ბასილაიამ 18 ოქტომბერს.
ასევე ნახეთ სად არის ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოების დასკვნა?ინჟინერ-ფიზიკოსი მალხაზ ჩემია წლებია ელექტროგაყვანილობებთან დაკავშირებული საქმიანობითაა დაკავებული. მისთვის კარგადაა ცნობილი ის სტანდარტები, რა სტანდარტებითაც უნდა მონტაჟდებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ელექტროგაყვანილობები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე წყალსა და დენს ერთდროულად ეხება.
როგორც მალხაზ ჩემია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, იმისათვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი რისკები, მაღალი ძაბვის ტუმბოები შადრევანს გარეთ უნდა დამონტაჟებულიყო. შადრევანს გარეთ უნდა მოწყობილიყო სხვა დამხმარე სათავსოები და კომუნიკაციებიც.
როგორც ის გვეუბნება, შადრევნების მოწყობისას, ცხადია, არ არის აკრძალული ტუმბოების წყალში დამონტაჟება, თუმცა, ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა იქნას დაცული. მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტო-ვიდეო კადრების თანახმად, ბუნდოვანია, რამდენად დაიცვა შემსრულებელმა კომპანიამ ეს ზომები და მოხდა თუ არა დამკვეთის მიერ უსაფრთხოების ზომების სათანადო ინსპექტირება:
„როდესაც ტუმბოს წყალში ვათავსებთ, ის უნდა იყოს ბრონირებული. ამ სისტემის უსაფრთხოდ გაწყობას სჭირდება ჰიდროიზოლაციის მაღალი ხარისხის მქონე ტუმბოები და ამასთანავე, ელექტროგაყვანილობა სამმაგი დაცვით და არა ის, რასაც დღეს ჩვენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვხედავთ - ჩინური ვარიანტი, ერთმაგი იზოლირების ტუმბო, რომელიც მყიფეა, რომელიც ყინვაში ტყდება, რომლის გამოყენებაც ზამთარში საერთოდ არ შეიძლება, რადგან იბზარება. ის ნახევრადპლასტიურია და დაზიანების შემთხვევაში, დენი გადადის. სასურველია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მსგავსი აგრეგატრები წყალში არ დამონტაჟდეს. მაგრამ თუკი მაინც გადაწყდება აგრეგატების წყალში დამონტაჟება, მაშინ ამ ტიპის შადრევნებთან მიახლოება არ უნდა იყოს დაშვებული. ქარის დროსაც კი შესაძლოა, რომ წყლის შხეფმა დენი გადმოიტანოს. მაგალითად, თუკი შადრევანში განათებაა დამონტაჟებული, ქარის დროს, როგორც წესი, ეს სისტემა ითიშება ხოლმე“.
როგორც მალხაზ ჩემია გვეუბნება, 13 ოქტომბერს დატრიალებულ ტრაგედიას ორი მთავარი ასპექტი აქვს - ერთი, როგორ მოხვდა დენი წყალში და მეორე, რატომ არ ამოქმედდა დაცვა?
„კი ბატონო, ხდება ხოლმე, თვით შვეიცარულ დანადგარებსაც კი ჰქონიათ წუნი, დენი გადასულა წყალზე და ამისგან დაცული არავინ არის, მაგრამ აქ ისმის კითხვა, რატომ არ ამუშავდა დაცვა? არსებობს პოტენციომეტრი, რომელიც როგორც კი ძაბვა გაჩნდება დამიწებულ ნოლსა და წყალს შორის, მაშინვე აფიქსირებს ამ ძაბვას, ეს ინფორმაცია გადაეცემა დენის გამაძლიერებელს, რომელიც თავის მხრივ, გადაეცემა „რელეს“ და „რელე“ მყისიერად თიშავს შემომავალ ძაბვას. ეს არის მთელი სისტემა. ანუ, როგორც კი ჩნდება მცირე ძაბვა (უსაფრთხოების ტექნიკის თანახმად, სასიკვდილოდ ითვლება 40 ვოლტს ზემოთ ძაბვა), სისტემა დაუყოვნებლივ თიშავს ძაბვას და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. გარდა ამისა, „რელეს“, როგორც წესი, ასევე უნდა ჰქონდეს დამონტაჟებული დუბლიკატორიც. მე რომ შემესრულებინა ეს სამუშაო, აუცილებლად დავაყენებდი დუბლიკატორს. რაც იმას გულისხმობს, რომ მაგალითად, უცებ გაიჭედა „რელე“, ვერ იმუშავა, ამ შემთხვევაში, მოქმედებას იწყებს დუბლიკატი. როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან გვაქვს საქმე, ასეთი ტიპის დაცვა აუცილებელია“.
რაც შეეხება ელექტროშემდუღებლების მიერ გაწეულ საქმიანობას, რომლებმაც გამოძიების თანახმად, სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები და რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია, მალხაზ ჩემია გვეუბნება:
„დღეს ჩვენ პასუხი ამ ელექტროშემდუღებლებს არ უნდა მოვთხოვოთ. ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი მენეჯმენტია. ეს ადამიანები მოიყვანეს და უთხრეს, აი ამ კაბელს ჩამოაცვით უჟანგავი ლითონის მილი. როგორ უნდა ჩამოეცვათ ეს ე.წ. ნერჟავეიკა კაბელისთვის, როცა ამ კაბელის ერთი ბოლო ბეტონში გადის და მეორე ბოლო ტუმბოშია? როდესაც ამ ტუმბოს დაშლით, მას კაბელის მოსახსნელი არ აქვს, რადგან ის იზოლირებულად შედის ძრავის ქვედა ნაწილში. ძრავის ზედა ნაწილია ფილტრი, რომელსაც ცხაურს ეძახიან და რომელიც იჭერს ქვიშას, რომ მბრუნავ ნაწილში არ გაიჭედოს. მოხსნეს ეს ფილტრი, ნახეს, რომ კაბელი ღრმად შედის, რომელსაც ვერ დაშლიდნენ, სავარაუდოდ, ეს კაბელი გადაჭრეს, რადგან მას სხვანაირად ვერ გააკეთებდნენ, ჩამოაცვეს უჟანგავი ლითონის მილი, შემდეგ ისევ გაუკეთეს ცხაურში კაბელი და გადააერთეს. სავარაუდოდ, გადასაერთებლად გამოიყენებდნენ სილიკონს, კვლავ ჩააყენეს სისტემაში და დაამთავრეს საქმე. რაც უთხრეს, ის გააკეთეს“.
მაინც როგორი დაცვის სისტემა ჰქონდა გათვალისწინებული პროექტის დამკვეთსა და შემსრულებელს, როდესაც შადრევანში მაღალი ძაბვის ტუმბოს ამონტაჟებდა? სწორედ ეს კითხვა აქვს თბილისის მერიასთან და შემსრულებელ კომპანიასთან ფიზიკოს დავით მხეიძეს. როგორც ის გვიხსნის, არათუ შადრევნებსა და აუზებში, ევროსტანდარტების თანახმად, სახლებშიც კი აუცილებელია დიფერენციალური, ანუ გაჟონვის „რელეს“ დამონტაჟება. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ეს არის უსაფრთხოების ის სტანდარტი, რომელიც დენთან შეხების შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იცავს:
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ რაც არ უნდა დაცული იყოს ჰერმეტიზაცია, აპარატურის წყალში დაყენება არ არის რეკომენდებული. რაც მთავარია, როდესაც წყალთან ხდება 220 ვოლტი ან უფრო მაღალი ძაბვის შეხება, იქ ყოველთვის მონტაჟდება დიფერენციალური რელე, ანუ გაჟონვის რელე. პირადად მე, აბაზანაშიც მაქვს დამონტაჟებული გაჟონვის რელე, რომ თუნდაც თმის საშრობიდან ძაბვის გადმოსვლის შემთხვევაში, დაიცვას ჩვენი სიცოცხლე. გაჟონვის რელე მაშინვე თიშავს სისტემას, თუკი მაგალითად გავიდა უმცირესი, 30 მილიამპერზე მეტი დენიც კი. როგორც ტელევიზიით ითქვა, თითქოს იქ „რელე“ დამონტაჟებული იყო, თუმცა, არ უხსენებიათ, კონკრეტულად დიფერენციალური რელე. ითქვა, რომ დაცვის სისტემა არსებობდა. დაცვის სისტემა ძალიან ბევრია. მაგალითად, ავტომატი, რომელიც თიშავს სისტემას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რადგან თუკი ავტომატი დამონტაჟებულია 25 ამპერზე, 30 ამპერმა თუ გაიარა ადამიანში, მაშინ ის ვეღარ მოქმედებს და ადამიანს კლავს. ჩემს მიერ ნახსენები გაჟონვის რელე მოქმედებს 30 მილიამპერზეც კი, ანუ, უმცირეს დენზე სისტემა ითიშება და აღარ ხდება დენის გავლა ადამიანში. სწორედ შადრევანში ჩადგმული ტუმპოსთვის უნდა ყოფილიყო დაყენებული დიფერენციალური რელე. ევროსტანდარტების მიხედვით, ეს აუცილებელი მოთხოვნაა. სახლებშიც კი, სადაც სველი წერტილია, ამ ტიპის „რელე“ ყველგან მონტაჟდება. მნიშვნელოვანია გაჟონვის რელეს ხარისხიც. მე ყოველთვის გერმანული წარმოების მოწყობილობას ვურჩევ ხოლმე დაინტერესებულ პირებს“.
14 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს, თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შადრევნის ფუნქციონირებისას „გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს“. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს „რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ“.
13 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა შადრევანში დენის დარტყმის შემდეგ 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა, გიგა გიგაშვილმა, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შადრევანი "შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად". მან მაშინ ისიც თქვა, რომ შადრევანი ოფიციალურ გახსნამდე არაერთხელ იყო სატესტო რეჟიმში ჩართული და მას როგორც ჩართულს, ასევე გამორთულს, რეგულარულად წმენდენ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
გიგა გიგაშვილმა 19 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა. მან თქვა, რომ როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას მისი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე და ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.
ასევე ნახეთ "კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა" - თბილისის მერიასთან აქცია გაიმართავაკის პარკის შადრევანში ბავშვის დაღუპვის საქმეზე, თავდაპირველად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). მოგვიანებით, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
გამოძიება დაკავებულებს ედავება სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას; სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.