"ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და ჩვენი ევროკავშირთან გაერთიანებით" - ზურაბიშვილი სანდუსთან შეხვედრის შემდეგ

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ასოცირების ტრიოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

მან გაიხსენა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ასოცირების ტრიოს სამიტი პეტრას ციხეში და თქვა, რომ ეს გზა ევროკავშირთან გაერთიანებით დასრულდება.

"ღრმად მჯერა, სამივე ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ ასოცირება პეტრას სამიტიდან, ტრიოს ფორმით და დავიწყეთ ევროინტეგრაციის აქტიური ფაზა, ვნახავთ ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის.

ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრიოს წევრები ევროინტეგრაციის კუთხით ერთსა და იმაზე პერსპექტივაში რჩებიან და ერთი და იმაზე გზაზე მიდიან, "ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება, 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი".

მისივე განცხადებით, ეს არ არის "სილამაზის შეჯიბრი", არამედ, თუკი შეჯიბრი არსებობს, "არსებობს ჩვენ თავთან".

"ანუ ჩვენ უნდა შევასრულოთ ის რეფორმები და რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვეხება. ეს 12 რეკომენდაცია გამოწვევაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად, რა სისწრაფით შევასრულებთ, რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ".

მან ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი შეაფასა და თქვა, რომ ეს არის უდიდესი საფრთხე, არა მხოლოდ საქართველოსთვის ან მოლდოვისთვის, არამედ, ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.

"ამიტომ არ შეიძლება გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება, გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია...

მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ, განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო და მოლდოვა სრულიად უერთდება.

უკრაინის ომი ევროპისთვის უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ევროპამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ევროპის ჩვენი პარტნიორები რუსეთს სხვა თვალით უყურებდნენ".

სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობ გამოუცხადას უკრიანასა და უკრაინელ ხალხს.

ასევე ნახეთ მაია სანდუ ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს ჩვენს ურთიერთობებში