შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო", რომელიც ერთ-ერთია, ვინც ვაკის პარკის შადრევნის ინსპექტირება ჩაატარა, 2022 წლის აპრილიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშია. კომპანიის დირექტორი დღეს ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, მას ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალება, თუმცა "გრინსერვის+-მა", როგორც კერძო დამკვეთმა დაიქირავა.
ამირანაშვილი აცხადებს, რომ მას ეხებოდა მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოების ექსპერტიზა და არა ელექტროობა.
"ელექტროობის ნაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან [გულისხმობს ექსპერტიზის სხვა ბიუროსთან რ.თ.] წავიდნენ", – აცხადებს ზურაბ ამირანაშვილი.
როგორც ირკვევა, "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო" შავ სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ერთ-ერთ ტენდერში ექსპერტად ჩაწერა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
"შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაცა დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკვდე და აღარ ვიმუშაო?"„შავი სია მიკრძალავს უბრალოდ ტენდერებში მონაწილეობას, თორემ ფიზიკურ პირს და ჩვეულებრივ იმასთან პრობლემა არა მაქვს“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ტელეკომპანია „TV პირველთან“.
ასევე ნახეთ
"[შადრევანი] შემოწმებული გვაქვს არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც" - "გრინსერვის+-ის" დირექტორი- 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებული მალევე გაწერეს კლინიკიდან. მესამე ბავშვი კი, რომელიც "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობდა - დღეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.