Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"[შადრევანი] შემოწმებული გვაქვს არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც" - "გრინსერვის+-ის" დირექტორი


ვაკის პარკის შადრევანი ტრაგედიის შემდეგ
ვაკის პარკის შადრევანი ტრაგედიის შემდეგ

"გრინსერვის+-ის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ისევ ირწმუნება, რომ ვაკის პარკში შადრევნის სამუშაოები "ყველა წესის დაცვით" შეასრულეს. მან პოლიციის განყოფილება დღეს დილით, გამთენიისას დატოვა.

"ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად.

ძალიან ბევრი დამთხვევაა-მეთქი - იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა", - უთხრა მან ჟურნალისტებს განყოფილების დატოვების შემდეგ.

ლაშა ფურცხვანიძე 14 ოქტომბერსაც გამოჰკითხეს. განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ მაშინ მან ჟურნალისტებს უთხრა: "ძალიან არ მინდა, მაგრამ ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს".

როგორც ფურცხვანიძე ამბობს, შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა.

"ვაკის პარკის საქმეზე" პოლიციაში გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებული უკვე გაწერეს კლინიკიდან, მესამე ბავშვი კი მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

XS
SM
MD
LG