რევოლუციის დასაწყისი? „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ ირანში

„ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ და „სიკვდილი დიქტატორს“ ირანში 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ, სექტემბერში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მთავარი ლოზუნგებია.  

ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქებში თითქმის ერთი თვეა საპროტესტო გამოსვლები იმართება. მთავრობა სასტიკად უსწორდება დემონსტრანტებს. დაიღუპა 220-ზე მეტი, დაშავებული და დაკავებულია ასობით ადამიანი. ირანის ბევრ ქალაქში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებს არ აქვთ პოლიტიკური თუ სხვა მოთხოვნა. ძირითადი ლოზუნგია: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ და „სიკვდილი დიქტატორს.“

რატომ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები?

ირანის ქურთისტანის რეგიონიდან თეირანში სტუმრად ჩასულ 22 წლის ქალს, მაჰსა, იგივე ჟინა ამინის, ძმა ახლდა. ის არ იყო პოლიტიკურად აქტიური და წესის თანახმად, შავი ჰიჯაბით იყო შემოსილი. „ზნეობისა“ თუ “მორალის“ პოლიციად წოდებული ფორმირების წევრებმა ბრალდებით, რომ არასათანადოდ იყო შებურვილი, ამინი 13 სექტემბერს დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს, სადაც ის მალევე კომაში ჩავარდა. სამ დღეში მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზის გარშემო არსებობს ორი - ოფიციალური და ოჯახის ვერსია არსებობს: ოჯახი ამბობს, რომ პოლიციელებმა მათ ქალიშვილს სცემეს, რომ დაკავებისას მან თავი მიარტყა მანქანის მინას და ტვინში სისხლი ჩაექცა. კლინიკამ, რომელშიც მაჰსას მკურნალობდნენ, ინსტაგრამით გაავრცელა ცნობა (ის შემდგომ წაიშალა), რომ საავადმყოფოში მიყვანისას ტვინი უკვე მკვდარი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს კლინიკის ცნობას და ამტკიცებს, რომ ამინი პოლიციის განყოფილებაში გახდა ცუდად და გული წაუვიდა.

ირანში ახალგაზრდა ქურთი ქალის ასე სიკვდილს ბრაზი და მრისხანება მოჰყვა. 16 სექტემბრის შემდეგ, საკუთრივ ქურთისტანის გარდა, საპროტესტო გამოსვლები იმართება დიდ ქალაქებში, ცხადია, თეირანში და პროვინციებში. მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ ირანელები და მათი მომხრეები მსოფლიოს ქალაქებში.

ირანში გამორჩეულად აქტიურობენ ქალები და მასობრივი ფორმა მიიღო თავსაბურავის გარეშე სიარულმა, თავსაბურავის დაწვამ და თმის საჯაროდ შეჭრამ, გლოვის ნიშნად. პოლიცია და უშიშროების ძალები სასტიკად უსწორდებიან დემონსტრანტებს, რომლებიც გაიძახიან ლოზუნგებს: „სიკვდილი დიქტატორს“ და „ქალი, სიცოცხლე თავისუფლება“.

გლოვის ნიშნად თმის შეჭრის ძველი რიტუალი „გისუბორანი“

ირანში საპროტესტო გამოსვლების პერიოდში ინტერნეტით გავრცელდა ერთი ფოტო, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც დემონსტრაციაზე დაღუპული დედის საფლავთან თმას იჭრის. მალე ამ რიტუალმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ირანელი ქალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად 50-მა ფრანგმა არტისტმა ქალმა თმა კამერის წინ შეიჭრა. ვიდეოზე ხედავთ ჟულიეტ ბინოშს, რომელიც თმას იჭრის და ამბობს, სიტყვას - „თავისუფლებისთვის“.

მას მოჰყვებიან იზაბელ აჯანი, ჯეინ ბირკინი, იზაბელ იუპერი, მარიან კოტიარი, შარლოტ გენსბური და სხვები. მათ გერმანელმა ცნობილმა არტისტმა ქალებმაც მიბაძეს. ევროპელი ქალები თვლიან, რომ ირანელი ქალების ღირსეული ქმედება და სიმამაცე მათ თანაგრძნობას ავალდებულებს. თმის შეჭრით ისინი აჩვენებენ, რომ მათ გვერდით დგანან, რომ ისინი მარტო არ არიან.

გლოვის ნიშნად თმის შეჭრა კი უძველესი ტრადიციაა. ფირდოუსი თავის „შაჰნამეში“ გვიყვება, როგორ იჭრის თმას ფარანგისი სიავაშის სიკვდილის გამო გლოვის და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ასევე ნახეთ „ეს იქნება ქალების რევოლუცია ირანში“ - ირანელი ქალები ბრძოლაზე, თმის გამო სიკვდილსა და თავისუფლებაზე

ირანის ისტორიიდან

ირანის ახალ ისტორიაში დიდი ცვლილება მოხდა 1905 წელს, როცა კონსტიტუცია მიიღეს და მას მერე ქვეყანაში ეს უზენაესი კანონი მოქმედებდა, მეტ-ნაკლები დაცვით. 1979 წლამდე ირანში, ქაღალდზე მაინც, იყო თანასწორობა ქალებსა და კაცებს შორის, რაც შეიცვალა ისლამური რევოლუციის შემდეგ. ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე საკმაოდ თავისუფლად ცხოვრობდნენ - თავსაფრის ტარება და თმის დაფარვა არ იყო სავალდებულო, თუმცა ბევრი ქალი ტრადიციას იცავდა და გარეთ თავსაბურავს არ იშორებდა.

ახლა, უკვე 40 წელზე მეტია, არა თუ თავსაბურავის ტარება გახდა სავალდებულო, ქალის კაცზე დამოკიდებულება დაკანონდა - ქალებს არ აქვთ უფლება ურთიერთობა იქონიონ კაცთან ქორწინების გარეშე, ქმრის უნებართვოდ ქალი ვერ წავა უცხოეთში, ქალს შეზღუდული აქვს მემკვიდრეობის უფლება და ასე შემდეგ.

ახლა კი, 2022 წლის 16 სექტემბრიდან დაწყებული, საპროტესტო გამოსვლების სუბიექტიც ქალია და ობიექტიც.

სისასტიკე დემონსტრანტების წინააღმდეგ

ირანის (IHR) ადამიანის უფლებების დაცვის ოსლოში დაფუძნებული ჯგუფის მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი 201-ია. 14 ოქტომბრის სხვა ცნობით კი, რომელიც სააგენტო HRANA-მ გაავრცელა - 224. Amnesty International-ის თანახმად, დაღუპულებს შორის, სულ მცირე, 23 ბავშვია, ხოლო დაშავებული და დაკავებულია ასობით დემონსტრანტი თუ მოქალაქე, რომლებიც უშიშროების სამსახურების მსხვერპლი ხდებიან. Amnesty იტყობინება, რომ ზოგიერთი დაღუპული ბავშვის ოჯახის წვერებმა უამბეს დაშინების და თვალთვალის შესახებ საიდუმლო სამსახურების მხრიდან.

პოლიციასა და არმიასთან ერთად, რეჟიმი იყენებს „ბასიჯი-ე მოთაზაფინის“, მოხალისეთა შეიარაღებულ რაზმებს, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებიან და ჯგუფებად ან ცალ-ცალკე უსწორდებიან დემონსტრანტებს.

რეჟიმი მიტინგებთან ერთად ინფორმაციას ახშობს

გამოსვლების დაწყებიდან მალევე ირანის მთავრობამ შეზღუდა ინტერნეტის მოხმარება, გაჩნდა საშიშროება, რომ ქვეყნის შიგნით მომხდარის შესახებ ცნობები გარეთ ვერ გააღწევდა, ხალხი ერთმანეთთან ვეღარ შეძლებდა დაკავშირებას, მაგრამ ირანის მთავრობას არ ძალუძს ინტერნეტის მთლიანად გათიშვა. ქვეყნის არაერთი სტრუქტურა და სისტემაა დაკავშირებული ინტერნეტთან და შესაბამისად, მხოლოდ ნაწილობრივმა გათიშვამ ირანელებს ხელი ვერ შეუშალა, ყოველდღიურად გავრცელდეს დიდი რაოდენობით ვიდეო და ფოტომასალა, რაც, მართალია, მთლიანად მაინც ვერ ასახავს მთელ ქვეყანაში მომხდარს. დაკავებულია სულ მცირე 40 ჟურნალისტი, იტყობინება ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი, ხოლო უცხოელებს ძალიან აქვთ შეზღუდული მუშაობა.

ჰაკერები თუ საბოტაჟი ტელევიზიაში?

ერთ საღამოს, ქუჩებში პროტესტო გამოსვლებისას, სახელმწიფო ტელევიზიით გამოჩნდა ირანის მმართველის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტო, რომელსაც სახეზე მიხატული ჰქონდა სამიზნე და ცეცხლის ალი. იქვე იყო წარწერები: „თქვენი ხელებიდან წვეთავს ჩვენი ახალგაზრდების სისხლი!“ „შემოგვიერთდით, აღდექით!“ ტელეეკრანებზე გამოჩნდა დაღუპული ქურთი გოგონას ფოტო. არ არის ცხადი, იყო ეს საკუთრივ ტელევიზიის შიგნით საბოტაჟი თუ მედიასაშუალებაზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. მედია იტყობინებოდა, რომ ჰაკერულმა ჯგუფმა სახელწოდებით, „ედალათ-ე ალი“ ანუ „მართლმსაჯულება ალისთვის,“ შეაღწია ტელევიზიის სისტემაში. ჰაკერებმა ადრე თეირანის საპატიმროს, „ევინის“, ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობა „გატეხეს.“ ირანის სააგენტო „თასმინი“ იტყობინებოდა, რომ ანტირევოლუციურმა ჯაშუშებმა შეაღწიეს ტელევიზიის სერვერზე. არის ვარაუდი, რომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია და რომ საბოტაჟი მოხდა ტელევიზიის შიგნიდან მათ მიერ, ვინც საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერს.

ირანის მთავრობა დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს, რომ საპროტესტო გამოსვლები მათი წაქეზებით ხდება, რომ მათ უკან ისინი დგანან. ირანი აპირებს უჩივლოს აშშ-ის კომპანია Meta-ს, რომლის შვილობილი კომპანიები WhatsApp-ი და Instagram-ი თეირანმა წამქეზებლობაში დაადანაშაულა. ირანი მიიჩნევს, რომ სისტემის მიმართ კრიტიკული ძალების მხარდაჭერით, მათ ირანის სახელმწიფო უშიშროებას ზიანი მიყენეს.

დასავლეთის სანქციები

აშშ-ის არაერთი სანქცია მოქმედებს ირანის მიმართ. Ისინი, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათისაა და ირანისთვის გადაკეტილია გზა მილიარდობით დოლარის შემოსავლისკენ, რომელიც ნავთობის და გაზის ექსპორტით შეეძლო მიეღო. ახლა მიმდინარე ამბების გამო, დასავლეთი კვლავ უწესებს სანქციებს იმ პირებს, ვინც უშუალოდ არის დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების ჩახშობასთან. აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, ბრიტანეთიც მიმართავს დამსჯელ ზომებს ირანის ე.წ. მორალის პოლიციის, უშიშროების სამსახურის და პოლიტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიმართ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ეს შემაძრწუნებელი ძალადობა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“. ევროკავშირმა უკვე შეათანხმა სანქციები და 16 ოქტომბერს, მაჰსა ამინის სიკვდილისა და საპროტესტო გამოსვლების დაწყების ერთი თვის თავზე, თეირანს ოფიციალურად დაუწესდება სანქციები.

ბირთვული შეთანხმება

2015 წელს ირანსა და მსოფლიოს ქვენებს (გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები და გერმანია) შორის დადებული ბირთვული შეთანხმებით, რომელიც სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა, რეჟიმს შესაძლებლობა მიეცა, შემოსავალი გაზრდოდა. აშშ-მა ცალმხრივად დატოვა შეთანხმება 2018 წელს და სანქციები აღუდგინა თეირანს. ირანმა საპასუხოდ ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რაც დღემდე გრძელდება. თუმცა, ძირითადი მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნებთან, აშშ-სთან არაპირდაპირ, უკვე დასასრულს მიუახლოვდა და სულ მალე შეთანხმების აღდგენა უნდა გაფორმებულიყო.

ირანთან შეთანხმებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. Აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების ყურადღება ამ ეტაპზე ირანელი დემონსტრანტების მხარდაჭერაზეა გადართული. თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომელიც დონალდ ტრამპის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, თავიდანვე გამოაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენა სურს. როგორ მოხდება დასავლეთის ქვეყნების, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის, მათთან ერთად კი რუსეთის და ჩინეთის მორიგება ბირთვულ სფეროში რეჟიმთან, სადაც ყოველდღიურად იმართება გამოსვლები და რასაც მთავრობის მხრიდან სასტიკი რეპრესიები ახლავს, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

„რევოლუციის დასაწყისი“ - „სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება ხელშეწყობა“

ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ რეჟიმის მოწინააღმდეგეთა არაერთი გამოსვლა გამართულა, დიდი თუ პატარა, მაგრამ პროტესტი ამგვარი ფორმით, ასეთი ხანგრძლივი და თანმიმდევრული ამბოხი ჯერ არ ყოფილა. ერთ განსხვავებას შენიშნავენ, კერძოდ იმას, რომ თვით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშებსაც კი, რომლებიც ქალების, სტუდენტების, სკოლების მოსწავლეების და საერთოდ, საზოგადოების ფართო ფენების მსგავსად, ჩაებნენ საპროტესტო გამოსვლებში, არ აქვთ ეკონომიკური თუ სოციალური მოთხოვნები - მათი პრეტენზია პოლიტიკური ხასიათისაა.

ნასრინ ბასირი, ირანელი პოლიტოლოგი

ნასრინ ბასირი, ირანელი პოლიტოლოგი, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს, "რევოლუციის დასაწყისზე” ლაპარაკობს. ის მიიჩნევს, რომ ირანის რეჟიმი დასუსტებულია გაუთავებელი დემონსტრაციებით და მორალურად სრულიად დაცემულია. ბასირიმ გერმანიის რადიოს უთხრა, რომ ქვეყნის უზენაესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, მღელვარების დაწყებიდან მხოლოდ მე-17 დღეს გამოჩნდა. ბასირი იხსენებს, რომ ადრინდელი ამბოხებების დროს, ხამენეი დაუყოვნებლივ გამოდიოდა ხოლმე სიტყვით. მისი თქმით, მაჰსა ამინის სიკვდილს ირანელების რისხვა მოჰყვა, რადგან ეს ახალგაზრდა ქალი „ირანში ყველას შვილი შეიძლებოდა ყოფილიყო“...

„ის იყო სრულიად უდანაშაულო და არასოდეს არაფერი გაუკეთებია რეჟიმის წინააღმდეგ. იმან, რომ მაჰსა, უმწიკვლო ქალი დაიღუპა, გააერთიანა ხალხი. ბასირის აზრით, ეს არაა მხოლოდ ფემინისტური რევოლუცია, ეს მთელი საზოგადოების პროტესტია, რომლის საბაბი და მიზეზი ქალების უფლებებია. ბასირი განმარტავს, რომ ისლამურ რევოლუციის შემდეგ ქალებისთვის განათლების მიცემა არ აუკრძალავთ და შესაბამისად, ირანში ძალიან ბევრმა ქალმა გამოიჩინა თავი, პროფესიულ კარიერას გაჰყვა, გავლენა და ავტორიტეტი მოიპოვა საზოგადოებაში, მაგრამ მაინც აიძულებენ საბურველს, აიძულებენ, რომ ჰიჯაბს ქვეშ დაიმალონ. ახალგაზრდა ქალები ამას ხედავენ და მაჰსას სიკვდილმა ნაპერწკალივით იმოქმედა, ფიქრობს ნასრინ ბასირი, რომელიც ამჟამინდელ მოვლენებს "რევოლუციის დასაწყისად" მიიჩნევს. გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების ირანის ექსპერტი, მკვლევარი კორნელიუს ადებარი თვლის, რომ სხვა, ადრინდელი საპროტესტო მოძრაობებისგან განსხვავებით, ახლანდელი გამოსვლების მიზეზი იყო მაჰსა ამინის სიკვდილი. მისი აზრით, ეს არის, პირველ რიგში, ქალების მოძრაობა, მაგრამ მასში ჩართულია საზოგადოების ყველა შრე. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა თავისუფლებას უკავშირდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ ჩრდილავს უკრაინის მოვლენები ირანის ამბებს, ადებარი პასუხობს, რომ საომარი მოქმედებები ევროპის კართან ანუ ახლოს, უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე საპროტესტო გამოსვლები თეირანის ქუჩებში. ადებარი აღნიშნავს, რომ კი, დასავლეთი ირანს დაუწესებს დამატებით სანქციებს, მაგრამ „უნდა ვიცოდეთ, რამდენად შეზღუდულია მოქმედების, პირდაპირ ჩარევის შესაძლებლობები მესამე ქვეყნების შემთხვევაში, აქ საქმე გვაქვს კონფლიქტთან მთავრობასა და მოსახლეობას შორის, რომელიც ქუჩებში ხდება“.

მისი თქმით, მსოფლიოს ახსოვს ეგრეთ წოდებული „არაბული გაზაფხული“, როცა არაბულ ქვეყნებში, სხვადასხვა ფორმით დაიწყო საპროტესტო მოძრაობები, რომელთაც დასავლეთში ეიფორიით შეხვდნენ, მაგრამ რომელიც შემდეგ მინავლდა და დასრულდა. სწავლობს დასავლეთი ამგვარი მოვლენებისგან? კორნელიუს ადებარის ამბობს, რომ ამისგან იმის სწავლა შეიძლება, რომ გაზაფხულს „ყოველთვის არ მოაქვს ზაფხული, რომ ამ მოძრაობას მეტი თავისუფლებისა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი თანამონაწილეობის მოთხოვნით, უცხოეთიდან მეტი დახმარება და წახალისება სჭირდება, რომ საქმე ეხება ხანგრძლივი განვითარების პროცესს“. ირანის ექსპერტის ამბობს, რომ უნდა ვეხმარებოდეთ არა მხოლოდ ამჟამად მიმდინარე დემონსტრაციებს, არამედ „სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება ხელშეწყობა, რათა ადამიანებმა ისწავლონ საკუთარი სურვილების გამოხატვა“. მისი თქმით, ისიც ცხადია, რომ ამგვარ ქვეყნებში დიქტატორებს და ავტორიტარ მმართველებს საზოგადოების მართვისა და მოწინააღმდეგეების მიმართ მკაცრი ზომების გატარების საკმაოდ ძლიერი ბერკეტები აქვთ.

„ისლამურმა რესპუბლიკამ შეწყვიტოს არსებობა“

შირინ ებადი ირანელი იურისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

შირინ ებადი ირანელი იურისტი, მოსამართლე და უფლებადამცველია. ის არის პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა მშვიდობის დარგში. ებადი ბრიტანეთში ცხოვრობს ემიგრაციაში. ის 1979 წლის ისლამურ რევოლუციას ირანში შეესწრო. ისიც მიიჩნევს, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები რევოლუციის დასაწყისია: „დიახ, ეს არის რევოლუციის დასაწყისი. როდესაც ვუყურებ ირანში გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებს, ვხედავ 15-16 ან 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ქუჩებში პროტესტს გამოთქვამენ მათი ბებია-ბაბუის ასაკის პენსიონერებთან ერთად, როცა შვილიშვილიდან ბებიამდე ყველა უკმაყოფილოა, არა მხოლოდ ერთ ქალაქში, არამედ ას ქალაქში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შემდეგი რევოლუციის დასაწყისია ირანში,“ უთხრა მან გერმანიის რადიოს.

ებადი თვლის, რომ ახლანდელ საპროტესტო გამოსვლებს ის განასხვავებს წინა წლების მოძრაობებისგან, რომ ადრე ხალხს სხვადასხვა ხასიათის მოთხოვნები ჰქონდა, ახლა კი „ეს არის პროტესტი, რომელსაც საერთო მოთხოვნა აქვს, კერძოდ, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ შეწყვიტოს არსებობა“. არის სხვა განსხვავებაც, ამბობს ირანელი ნობელიანტი: „ის, რომ [საპროტესტო გამოსვლებში] მონაწილეობას იღებს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, და კიდევ ის, და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა გაიგო, რა უფლებები აქვთ. ადამიანებმა გაიგეს, რომ როგორც ირანის, ასევე საერთაშორისო სამართლით, მათ აქვთ უფლება, დაიცვან თავი. როცა სახელმწიფო ძალადობს, ისინი თავს იცავენ“, - ამბობს ებადი. Მისი შეფასებით, წარსულთან შედარებით, ხალხი უფრო მამაცი გახდა და მეტია მათი რიცხვი, ვინც რეჟიმს აღარ აძლევს უფლებას, მათზე ზეწოლა მოახდინოს. წარსულში, ებადის აზრით, გვეგონა, რომ ირანში ბევრი ფიქრობდა, რომ საჭირო იყო სისტემის პოლიტიკური რეფორმირება. Მისი თქმით, ხალხმა სცადა ეს, მაგრამ დაინახა, რომ რეფორმების გატარება შეუძლებელია, რადგან კონსტიტუცია და ამ რეჟიმის სტრუქტურა რეფორმირებას არ ექვემდებარება.