მარიამ შარიფი, თარგულ ღაზიზადე და ფურან მაჰმუდიანი - ირანიდან საქართველოში თავისუფლების მოსაპოვებლად გადმოხვეწილი ქალები რადიო თავისუფლების სტუდიაში სხედან. ორი საათი რჩება მათ მიერ თბილისში დაგეგმილ აქციამდე, სადაც მათ ირანში მიმდინარე პროტესტს უნდა გამოუცხადონ მხარდაჭერა და ასე მიაწვდინონ ხმა დღეს იქ მყოფ თავიანთ მეგობრებს, ყველას, ვინც ახლა ირანში თავისუფლებისთვის იბრძვის.
„ყოველ წამს მეფიქრება, ხომ არ დავბრუნდე“, - ჩაილაპარაკა მარიამმა ინტერვიუს დაწყებამდე.
წინ მაჰსა ამინის ეს ფოტო უდევთ:
22 წლის ირანელი გოგოსი, რომელიც 13 სექტემბერს ირანის „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა. დაკავებიდან სამ საათში საავადმყოფოში მოხვდა, სამი დღის მერე კი თქვეს, რომ ის „გულის შეტევით გარდაიცვალა“. სწორედ ამ ამბის მერე გავიდნენ ირანში ქალები (და არა მხოლოდ ისინი) ქუჩაში პროტესტის ნიშნად. ჰიჯაბები მოიხსნეს და დაწვეს.
მარიამიც, თარგულიც და ფურანიც უწყვეტად ჩაჰყურებენ ტელეფონებს - მუდმივად ამოწმებენ ახალ ამბებს ირანიდან.
- რა გეფიქრებათ, როცა მაჰსას ფოტოს უყურებთ? რას ხედავთ მასზე?
მარიამი: მე სილამაზეს და სიკვდილს ვხედავ. სიკვდილს - თმის გამო. სილამაზის გამო. საშინლად ვგრძნობ თავს. იმდენად, რომ სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ. ვუყურებ მაჰსას სახეს და უსამართლობის განცდა მახრჩობს.
- თარგულ, შენ?
- მის სახეზე მომავალს ვხედავ, ამ ფოტოზე ის იცინის და თითქოს ამ მომავლისთვის იყურება. მაგრამ მის ზურგს უკან სიბნელეა. მისი თმის უკან უკუნეთი დგას.
- ფურან, შენ რას ხედავ?
- მომავალზე იმდენ ფიქრს ვხედავ მის სახეზე.
- ის რაც დღეს ირანში ხდება, ხომ არ გასცდა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას?
მარიამი: ეს პროტესტი ქალებმა დაიწყეს და მათვე გააგრძელეს, მაგრამ მხოლოდ ქალთა უფლებებს უკვე აღარ ეხება, ისინი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასაც ითხოვენ. მათ რეჟიმის შეცვლა უნდათ და არა მხოლოდ ჰიჯაბის წესის გაუქმება ან მორალის პოლიციის დახურვა. არა, ხალხს დიდი ცვლილებები სჭირდება.
თარგული: თან გაბრაზებული ვარ საშინლად და თან გული სიხარულით მაქვს სავსე, იმიტომ, რომ გაჩნდა იმედი - იქნებ რამე შეიცვალოს?
ფურანი: ჰო, ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა. წამი არ გავა, რომ ახალი ამბები არ შევამოწმო.
მარიამი: მეც სულ ტელეფონში ვზივარ და ჩემს მეგობრებს ვწერ ირანში. მაგრამ გუშინ ინტერნეტიც შეზღუდა რეჟიმმა და ისე თავისუფლად იქაურ ამბებს ვეღარ ვიგებთ. მაგრამ რასაც ვხედავ, გული მისკდება. როგორ ხოცავენ ხალხს პირდაპირ ქუჩაში. ჩემი ძმის მეგობარი დაიღუპა გუშინ. და როცა ამ ვიდეოებს ვუყურებ, რაც ვრცელდება, შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ჩემი ოჯახის წევრია. რატომ უნდა ხოცავდნენ მათ? მაგრამ ამ ბრაზთან, სევდასთან ერთად, გულის სიღრმეში მაინც მეფიქრება, იქნებ რამე შეიცვალოს?
- მაგრამ ამ ქალებისთვის ეს ძალიან საშიშია, ხომ ასეა? რას ნიშნავს ირანში გახვიდე გარეთ და მოიხსნა ჰიჯაბი? და, მით უმეტეს, გაბედო და ის პროტესტის ნიშნად დაწვა?
მარიამი: ამ პროტესტამდეც ბევრ ქალს გაუკეთებია იგივე და მათ იცოდნენ, რომ ამისთვის მათ დააპატიმრებდნენ და ამ ცოდნით მაინც იგივეს აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ასეთი ქცევისთვის განაჩენი სიკვდილია - შენ მოგკლავენ, თუ ამას გააკეთებ. ეს არის პარადოქსი, რომ ხალხმა იცის, რომ ისინი შესაძლოა ამ პროტესტისთვის მოკლან, მაგრამ მაინც გადიან. ისინი ისეთი მამაცები არიან! ჩემი ხალხი ისეთი მამაცია და მე აქ ტყვესავით ვგრძნობ თავს, რომ ვერ მივდივარ. ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, რომ იქ უნდა ვიყო, მათ გვერდით, მაგრამ აქ ვარ... თან ვფიქრობ, იქნებ წავიდე? მაგრამ ვიცი, რომ აეროპორტშივე დამაპატიმრებენ და საერთოდ ვერაფერს გავაკეთებ. და აქედან ბრძოლა მაინც შემიძლია. სიტყვით. და შემიძლია ჩემი ხალხის ხმა ვიყო.
თარგული: ჰო, ხალხი ირანში ძალიან დაიღალა. და იცით, ხალხი რას ფიქრობს იქ? რომ ასეთ ნელ სიკვდილს, ქუჩაში სიკვდილი ურჩევნიათ, თუ ეს რამეს შეცვლის.
ფურანი: ისიც ფაქტია, რომ ხალხი დიდხანს იყო ჩუმად. პოლიციის ეშინოდა. მაგრამ დღეს ქალები უფრო ძლიერები, იცით, რატომ არიან? დღეს მათ გვერდზე კაცებიც დგანან ამ პროტესტის დროს. ეს არ არის პატარა ამბავი.
- აქციებზე ვნახეთ, რომ ირანელი ქალები თმას იჭრიდნენ. თქვენც ასე მოიქეცით გუშინ. მაინტერესებს, რას გამოხატავს თმის შეჭრის აქტი, როგორც პროტესტის ფორმა, რას ნიშნავს?
მარიამი: მე გიპასუხებ. ირანელი გოგონები ამით ამბობენ, ჩვენ არ გვადარდებს თმა! რატომ გვხოცავთ თმების გამო? ისინი ამით აჩვენებენ - ეს ჩემი თმაა! რასაც მინდა, იმას ვუზამ. მეორე დატვირთვაც არსებობს - ირანის ქურთისტანში ხალხს აქვს ასეთი ტრადიცია, როცა ქალი მისთვის ძვირფას ადამიანს კარგავს, ის თმას იჭრის გლოვის ნიშნად. ეს ორი მიზეზია.
თარგული: ჩვენ თმების გამო გვხოცავენ და ამ თმის შეჭრით ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ აი, ეს არის მიზეზი. ამიტომ გვხოცავენ.
ფურანი: მაჰსაც ხომ თმის გამო მოკლეს. თმის შეჭრა კი მინიმუმია, რაც ჩვენ შეგვიძლია მისთვის გავაკეთოთ.
მარიამი: ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ჩვენი კულტურა. ჩვენ არ გვინდა დამალვა. ჩვენ გვინდა ყველას ვუთხრათ, რომ თუ ქუჩაში თმას გამოვაჩენ, არავინ მომვარდება. მაგრამ იქ ყველგან ამას ასწავლიან, სკოლაში, უნივერსიტეტში, რომ თუ თმა გამოგიჩნდება, კაცი ცდუნდება. ეს სისულელეა.
- ვიდეოებში ჩანს, რომ ირანში აქციებში ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს, ასეა, მარიამ?
- კი, ეგრეა. 16, 17 წლის ხალხია გარეთ გასული. ასე მგონია, მათი გაჩერება არ იქნება ადვილი.
თარგული: ბევრი რევოლუცია მომხდარა ირანში, მაგრამ ეს, მგონია, რომ ქალების რევოლუცია იქნება. უფრო ძლიერი და სერიოზული, ვიდრე რომელიმე სხვა. დროა, რომ პატრიარქატი დამთავრდეს.
- ხედავთ ამ ქალებში ძალას? იმედს გაძლევთ მათი გამოსვლა?
მარიამ: კი. მე მუსიკის მასწავლებელი ვიყავი ირანში და მოსწავლე გოგონები მყავდა. ისინი იმდენად თავისუფლები არიან, ჩემზე მეტად, თავიანთ დედებზე მეტად გახსნილები და ძალიან, ძალიან ძლიერები. მათი მჯერა და მათი იმედი მაქვს. მათ არ უნდათ, რომ რეჟიმმა უკარნახოს, რა უნდა აკეთონ.
თარგული: თუ ახლა ირანში მიმდინარე აქციებს შეხედავთ, პირველ ხაზში ქალები დგანან.
- მარიამ, თქვენ ალბათ, კარგად იცნობთ თქვენს მთავრობას, როგორ გგონიათ, რას იზამს, როგორ მოიქცევა ის?
- მათ დიდი ძალა აქვთ. მათ ყველაფერი შეუძლიათ ირანშიც და მის გარეთაც. ჩემში ორი გრძნობა ებრძვის ერთმანეთს. თან ჩემს ხალხზე ვღელავ, რადგან ვხედავ, როგორ ხოცავენ მათ და თან ვხედავ იმასაც, რომ თუ ადრე პირველივე წინააღმდეგობაზე პროტესტი კვდებოდა, ახლა ასე არ არის. ისინი პოლიციას უპირისპირდებიან. ყველაფერს წვავენ და ამას აუცილებლად მოჰყვება მსხვერპლი, მაგრამ რატომღაც მაინც მჯერა, რომ ხალხის ძალას წინ ვერ აღუდგებიან. მინდა, ამის მჯეროდეს.
ფურანი: ირანის გარეთაც არ უნდა ვიყოთ ჩუმად. რატომღაც მგონია, რომ თავისუფლება ახლოსაა.
თარგული: საერთაშორისო საზოგადოება ასე რომ არ უჭერდეს მხარს ირანის მთავრობას, ხალხი აქამდეც გაიმარჯვებდა.
- ამის კითხვა მინდოდა, დამასწარი. თქვენი აზრით, რა პასუხი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს იმაზე, რაც დღეს ირანში ხდება?
მარიამი: ჩვენ გვინდა ვთხოვოთ სხვა ქვეყნების მთავრობებს, ჩვენი ხმით ილაპარაკონ. ყველას დაანახონ, რეალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში დღეს. ერთი-ორი ვიდეო კი არ გააზიარონ, ილაპარაკონ ამაზე ხშირად. და, მეორე მხრივ, გამოუცხადონ ბოიკოტი ირანის მოქმედ რეჟიმს. რას ეპატიჟებიან მას გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში? უთხრან ამ რეჟიმს არა. არ მისცენ ვიზები! ამ რეჟიმის ლიდერების ოჯახებს არაფერი აკლიათ, ისინი კარგ ქვეყნებში ცხოვრობენ და მათ აქვთ მშვენიერი ცხოვრება. ჩვენ კი, ჩვეულებრივი ადამიანი, ვიტანჯებით ირანშიც და მის გარეთაც.
- ფურან, დაამატებდი რამეს?
- კი, მთელ მსოფლიოს ვთხოვდი, რომ მხარი დაუჭირონ ირანელ ქალებს, რადგან ეს მთავრობა არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება ირანისკენ.
- თარგულ, შენ?
- მეც ვეტყოდი მსოფლიოს, დატოვეთ ირანის მთავრობა მარტო. და დაეხმარეთ ირანელ ხალხს.
- როგორ აღმოჩნდით საქართველოში და რას ნიშნავს, როცა თავისუფალი ხარ, რას ნიშნავს, როცა, თუ არ გინდა, არც ჰიჯაბს ატარებ?
მარიამი: პირველად რომ ირანიდან წავედი და ჰიჯაბი მოვიშორე, მეგონა, დავფრინავდი. ეს ისეთი თავისუფლება იყო, როცა თავზე მოხდა შეგეძლო. ეს არავის ადარდებდა, თავს არავინ გესხმოდა. და როცა უკან, ირანში დავბრუნდი, მივხვდი, რომ მე მჭირდებოდა თავისუფლების ეს შეგრძნება. ტყეში ან სადმე უხალხო ადგილას თუ მოვხვდებოდი, სულ ვიხსნიდი ჰიჯაბს და ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყანა ოდესმე იქნებოდა ამისგან თავისუფალი... საქართველოში 2018 წელს ჩამოვედი და მაშინ ვფიქრობდი, რომ უკან დაბრუნებას ისევ შევძლებდი, მაგრამ იქ მხოლოდ გართულდა ყველაფერი, ჩემი ოჯახის დევნა დაიწყეს და მეც საქართველოში დავრჩი.
თარგული: მე ქრისტიანი ვარ. ირანში ცხოვრებისას, მთავრობა სულ მეუბნებოდა, რატომ ხარ ქრისტიანი, რატომ. მე პროფესიით მსახიობი ვარ, არტისტი, მაგრამ ჩემი პროფესიით იქ არავინ მამუშავებდა და ბოლოს ისიც მითხრეს, რომ ან ციხეში მოვხვდებოდი, ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი. მაშინ ჩემი შვილი 2 წლისა იყო. არჩევანი არ მქონდა. ასე წამოვედით ხუთი წლის წინ და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ.
ფურანი: მე საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვედი ჩემი თავისუფალი მომავლისთვის. ემიგრაციაში ცხოვრებას უამრავი სირთულე ახლავს. მაგრამ მე მაინც მირჩევნია ირანის გარეთ ცხოვრება, შიშის გარეშე.
მარიამი: ერთსაც დავამატებ. მე სულ მაჩერებენ ხოლმე, როცა ქალების ჩაგვრის, დისკრიმინაციის მიზეზებზე ლაპარაკს ვიწყებ და ვამბობ, რომ ყველაფრის სათავე რელიგიაშია. კი, მე ასე ვფიქრობ, მიზეზები სწორედ აქ უნდა ვეძებოთ და ამის არ შეგვეშინდეს.
რა ხდება ირანში - მოკლედ
ირანში საპროტესტო აქციები არ წყდება. „სიკვდილი დიქტატორს!“, „ხამენეი დაემხობა!“ - ეს ლოზუნგები მიემართება ქვეყნის უზენაეს სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.
ყველამ იცის, რომ ლოზუნგების გამო მათ დაპატიმრება და ციხე ან სიკვდილით დასჯა ელით, თუმცა პროტესტის მუხტი დიდია.
საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებსა და დედაქალაქ თეირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა 22 წლის მაჰსა ამინი, ქალთა უფლებების დამცველი და ქურთთა უმცირესობის წარმომადგენელი.
მაჰსა 13 სექტემბერს ირანის „მორალის პოლიციამ“ დააკავა ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო. დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სამ დღეში კი გამოცხადდა, რომ იგი „გულის მოულოდნელი შეტევით“ გარდაიცვალა. თვითმხილველები კი ამბობდნენ, რომ პოლიციელებმა მას დაკავებისას თავი მანქანაზე არტყმევინეს და ხელკეტებით სცემეს.
მაჰსას მამა ამბობს, რომ ირანის ხელისუფლება ტყუის, როცა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი გულის შეტევას შეეწირა. მისი თქმით, მის შვილს არასოდეს ჰქონია გულის პრობლემები. ამჯად ამინს არც ქალიშვილის ცხედრის ნახვის უფლება მისცეს.
დღეს ასობით ირანელი, მათ შორის უამრავი ახალგაზრდა აპროტესტებს საპოლიციო ძალადობას და ირანის ხელისუფლების მიერ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დევნას. აქციის მონაწილე ქალები კი ჰიჯაბებს დემონსტრაციულად იხსნიან და ჰაერში აფრიალებენ. ან ცეცხლს უკიდებენ.
1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ შემოღებული კანონების თანახმად, ქალებს საჯაროდ მოკრძალებულად უნდა ეცვათ და ჰიჯაბს უნდა ატარებდნენ. ამ წესების დაცვას კი „მორალის პოლიცია“ აკონტროლებს.
ირანის წინა, მეშვიდე პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი, „მორალის პოლიციას“ „მეტისმეტ აგრესიულობაში“ სდებდა ბრალს. 2017 წელს პოლიციის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ჩაცმის წესების დარღვევის გამო ქალებს აღარ დააპატიმრებდნენ. მაგრამ 2021 წლის აგვისტოდან - როცა პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გახდა, ირანში წესები ისევ გაამკაცრეს.
მაჰსას ტრაგიკული სიკვდილი კი, თითქოს, ბოლო წვეთი იყო ირანელი ქალებისათვის, რომ ისინი ქუჩაში გასულიყვნენ და გაეპროტესტებინათ ის ზეწოლა, რაც ჰიჯაბის ტარების დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება. ბევრმა ირანელმა ბოლო დღეებში მორალური პოლიციის და ჰიჯაბის წესის გაუქმებაც მოითხოვა.
ამ ბრძოლაში, ქალების გვერდით, ირანელი კაცებიც დგანან.