გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა უკრაინაში რუსეთის „საომარი სტრატეგიის“ ნაწილია და „მსხვერპლის დეჰუმანიზაციის წინასწარ განზრახულ ტაქტიკას“ წარმოადგენს, განაცხადა AFP-თან ინტერვიუში გაეროს წარმომადგენელმა პრამილა პატენმა.
„ყველა ნიშანი სახეზეა“, - აღნიშნა სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა პასუხად შეკითხვაზე, გამოიყენება თუ არა უკრაინაში გაუპატიურება იარაღად.
„როცა ქალები დაჭერილი ჰყავთ რამდენიმე დღით და აუპატიურებენ, როცა აუპატიურებენ პატარა ბიჭებს და კაცებს, როცა ხედავთ სასქესო ორგანოების დამახინჯების შემთხვევებს, როცა ისმენთ ქალების ჩვენებებს რუსი სამხედროების შესახებ, რომლებიც „ვიაგრით“ არიან მომარაგებული, ეს ნამდვილი სამხედრო სტრატეგიაა“, - განაცხადა პატენმა. მისი თქმით, „როცა მსხვერპლი გიამბობთ, თუ რაზე ლაპარაკობდნენ გაუპატიურების დროს, ეს მართლაც მსხვერპლის დეჰუმანიზაციის წინასწარ განზრახული ტაქტიკაა“.
გაერომ დაადასტურა გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ასზე მეტი შემთხვევა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ, თქვა პატენმა, რომელმაც მოიხმო გაეროს მიერ სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიში.
ანგარიშში „დადასტურებულია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, რომლებიც რუსეთის არმიამ ჩაიდინა და შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, მსხვერპლის ასაკი 4-დან 82 წლამდეა“. "მსხვერპლი ძირითადად ქალები და გოგონები არიან, მაგრამ ამავე დროს კაცები და ბიჭებიც“, - დასძინა მან.
ეს არის მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევები, „ეს არის აისბერგის წვერი“, - დაამატა მან.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, „ძალიან ძნელია უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს სტატისტიკის წარმართვა, და რიცხვები არასოდეს ასახავს რეალობას, რადგან სექსუალური ძალადობა მდუმარე დანაშაულია, რომელზეც, უფრო ხშირად, არ იტყობინებიან“, - მოჰყავს AFP-ს პრამილა პატენის სიტყვები.