ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოაცხადეს

ბელარუსის და ლიეტუვის საზღვარი

ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოცხადდა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ რუსულ გამოცემა „იზვესტია“-სთან ინტერვიუში მიზეზად დაასახელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ცალკეული მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, დაკავშირებული ლამის ბელარუსის ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთების მიტაცებასთან“.

მაკეის განცხადებით, დღეს ბელარუსს საფრთხის უნდა ეშინოდეს ყველა მხრიდან, აღმოსავლეთის გარდა. ბელარუსს აღმოსავლეთიდან რუსეთი ესაზღვრება. ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებია უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვიაც.

უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა, ნატოს და ევროკავშირის წევრი პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია კი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან.

ასევე ნახეთ ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინა "გეგმავს" თავდასხმას ბელარუსზე

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიიდან არაფერი იგეგმება, მაკეის თქმით, დღეს მსოფლიო ისეთი არაპროგნოზირებადი გახდა, რომ ვერავის დაუჯერებენ და საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნონ.

მაკეის განცხადებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალები, სამართალდამცავი სტრუქტურები და სპეცსამსახურები მზად არიან მოიგერიონ მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან ნებისმიერი, შესაძლო პროვოკაცია.

ასევე ნახეთ გახსნის თუ არა ლუკაშენკა მეორე ფრონტს?