რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა 10 ოქტომბერს აცხადებს, რომ უკრაინა გეგმავდა თავდასხმას მის ტერიტორიაზე, და რუსეთი და ბელარუსი ერთიან სამხედრო ძალას განათავსებენ.
"უკვე ვთქვი, რომ უკრაინა არა მხოლოდ განიხილავს, არამედ გეგმავს თავდასხმებს ბელარუსის ტერიტორიაზე", - უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლუკაშენკას მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Belta.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ განვათავსებთ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონულ ჯგუფს", - დასძენს ლუკაშენკა, თუმცა არ აკონკრეტებს, სად მოხდება დისლოკაცია.
მისი თქმით, ამ ძალების ფორმირება ორი დღის წინ დაიწყო, რაც ემთხვევა აფეთქებას ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე, რომელშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
"ბელარუსს უნდა ჰქონდეს გეგმა, რომლითაც დაუპირისპირდება ყველა თვალთმაქცს, ვისაც ბელარუსის ომში ჩათრევა სურს ... ბელარუსის ტერიტორიაზე ომი არ უნდა იყოს", - აცხადებს ლუკაშენკა.
ბელარუსი პოლიტიკურად და ფინანსურად დამოკიდებულია მის მთავარ მოკავშირეზე, რუსეთზე.
რუსეთის ძალებმა ბელარუსი გამოიყენეს 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრისთვის, სადაც სამხედროები და იარაღი ბელარუსში არსებული ბაზებიდან გაგზავნეს.