არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა - სასჯელის გადავადება.
კიდე ერთი, ამერიკელი ექიმების საექსპერტო დასკვნის მოლოდინში, გამწვავდა დაპირისპირება კლინიკა „ვივამედთან“, სადაც პატიმარი ამჟამად იმყოფება. მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მომხრეები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ხოლო კლინიკის ცნობით, პაციენტი, ამ ეტაპზე, მხოლოდ რეაბილიტაციას საჭიროებს.
- რა წერია ადამიანის უფლებთა ცენტრის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში?
დაგვიანება
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, შიმშილობით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტისთვის, სხვადასხვა ეტაპზე, არსათანადოდ იყო ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და დაგვიანება ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევდა.
„ამ დოკუმენტიდანაც ჩანს, რომ ყოველ ჯერზე ხელისუფლების მხრიდან რეაქცია იყო დაგვიანებული, ყოველ ჯერზე აცხადებდნენ, რომ ახლა არ იყო სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დრო... როცა გადაიყვანეს პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, იქ გაირკვა, რომ არ იყო სამკურნალო პირობები, მაგრამ მაინც აგვიანებდნენ გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
შემდეგ, როგორც იქნა, გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც იყო გარკვეული სამკურნალო პირობები, მაგრამ მალევე უკან გადაიყვანეს [რუსთავის] პენიტენციურ დაწესებულებაში და როცა დამძიმდა მდგომარეობა, მისი „ვივამედში“ გადაყვანაც უფლებადამცველი ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთგზის გამეორებული მოთხოვნის შედეგად მოხდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დოკუმენტში წერია, რომ:
- საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა, 17 ნოემბერს, გლდანის (N18) საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაში ვიზიტისა და შემოწმების შედეგად, გასცა რეკომენდაცია, რომ „პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა“;
- უკვე 18 ნოემბერს „დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა“;
- პაციენტი პატიმარი N18 დაწესებულების კლინიკიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს და ამ პროცესში თავისი როლი ითამაშა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემულმა დროებითმა გადაწყვეტილებამ;
- სახალხო დამცველის აპარატმა N18 დაწესებულების შემოწმებისას დაადგინა, რომ "დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, არ შეესაბამებოდა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს".
შიმშილობის 39-ე დღეს, 8 ნოემბერს, N18 დაწესებულებაში პატიმრის იძულებით გადაყვანის შემდეგ, როცა მან მკურნალობაზეც უარი განაცხადა, უფლებადამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები 12 ნოემბერს მიმართავდნენ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს. დოკუმენტში მოცემულია განცხადების ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ „ის დაექვემდებარა ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას“ და იქვე ხაზგასმულია დაუყოვნებელი ზომების საჭიროება - „პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით“.
პარალელურად, ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკურ დოკუმენტში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ პატიმარ/მსჯავრდებულ სააკაშვილზე „ხდებოდა ზეწოლა და მის მიმართ ხორციელდებოდა დისკრედიტაციული კამპანია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“ და გავრცელდა მისი მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, როგორ ალაგებს ბარგს და ა.შ.
ასევე ნახეთ პენიტენციური სააკაშვილზე: გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა
ჯანმრთელობის ზეგავლენა სასამართლო პროცესებზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც პირველი დღიდანვე უწევს მონიტორინგს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების განხილვას, აცხადებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობამ, თავის მხრივ, გავლენა მოახდინა სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზე.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა სააკაშვილის არაერთ სხდომაზე გამოუცხადებლობისა და სხდომების გადადების მიზეზი“, ხოლო, 2022 წლის 16 ივნისს, „კლინიკა „ვივამედში“ გამართულ სასამართლო სხდომაზე, "წერილობითი ფორმით მიმართვის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს არ მიეცა დასწრებისა და მონიტორინგის განხორციელების უფლება“.
მანამდე, მაგალითად, „2022 წლის 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე იხილებოდა, სააკაშვილმა დარბაზიდან გაყვანა და ექიმის დახმარება ითხოვა“.
ასევე ნახეთ ბრეგაძე სააკაშვილის გადაყვანაზე: თითოეულ პატიმარს აქვს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებასახელმწიფო ყოველ ჯერზე აღნიშნავდა, რომ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა სახის სამედიცინო მომსახურება და მაქსიმალური კეთდებოდა მისთვის.
„ეს ადამიანი შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, როგორც სხვა პატიმარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მათ შორის არის ჯანმრთელობის უფლება, რაც ყველა ადამიანის უფლებაა და ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილიც სარგებლობს ამავე უფლებით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 12 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. კლინიკის ხელმძღვანელმა, ნინო ნადირაძემ, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ „პრაიმშოუს“ ერთ-ერთი წამყვანია, ამავე არხის ეთერში 12 ოქტომბერს თქვა, რომ სააკაშვილი „არ საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, ინტენსიური თერაპიისა თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაყვანას“, „დიაგნოზებიც დასმულია, მკურნალობაც მიმდინარეობდა“ და ახლა უკვე „მისული ვართ რეაბილიტაციის ფაზისკენ“.
ასევე ნახეთ "ვივამედის" დირექტორი: მიხეილ სააკაშვილს ინტენსიური დაკვირვება არ სჭირდებანადირაძე ხშირად ხდება მწვავე კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისა თუ მხარდამჭერების მხრიდან, რომლებიც, პატიმარი პაციენტის მონახულების შემდეგ, ყოველ ჯერზე აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და აუცილებელია მკურნალობის მიზნით მისთვის სასჯელის გადავადება.
„ვივამედმა“ ერთჯერად დაშვებაზე უარი უთხრა დაცვის მხარის მიერ ექსპერტიზისთვის მოწვეულ ამერიკელ ნობელიანტ ექიმს, ჯეიმს კობის, რომელსაც შემდეგ, თბილისის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე მოუსწრო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემულმა ლიცენზიამ და, თითქმის ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ, 7 ოქტომბერს, გვიან ღამით შევიდა კლინიკაში.
ასევე ნახეთ გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვების მიღებაზე უარს ამბობს და გამუდმებით წევსნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში თქვა, რომ „ვივამედის“ თანამშრომლებს კოლოსალური ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა; ხოლო, თავის მხრივ, სააკაშვილის ადვოკატები „ვივამედის“ მხრიდან ბულინგზე ლაპარაკობენ .
სასჯელის გადავადება
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას პატიმარი/მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება წარმოადგენს.
ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ „სახელმწიფოს დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია მსჯავრდებულის/ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იმგვარად, რომ დღის წესრიგში ცალსახად დგება სასჯელის გადავადების საკითხი, შემდგომი მკურნალობის მიზნით“.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასჯელის გადავადების საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია და ადვოკატებმა ეს მოთხოვნა სწორედ სასამართლოში უნდა დაასაბუთონ.
როდის მიმართავენ სასამართლოს?
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი რადიო თავისუფლებასთან აღნიშნავს, სასამართლოსთვის მიმართვა დაახლოებით 10 დღეში იქნება შესაძლებელი, რადგან ამისთვის ესაჭიროებათ მოწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნაც, რომელმაც უკვე არსებული ექსპერტიზის დასკვნები უნდა შეავსოს. ამერიკიდან დოკუმენტებს ადვოკატები ჯერ კიდევ ელოდებიან.
„ამერიკულ მხარეს ველაპარაკე გუშინ. დაახლოებით 10 დღე მოითხოვეს, ვრცელი საექსპერტო დასკვნა იწერება. ეს დასკვნა ორი ნაწილისგან შედგება - აღწერილობითი/ანალიტიკური და დასკვნითი ნაწილი. ჩვენ ვუთხარით, რომ ჯერ დასკვნითი ნაწილი გამოგვიგზავნონ, რომ მივმართოთ სასამართლოს და ამასობაში ჩამოვა ანალიტიკური ნაწილიც... იურიდიული ნაწილი ჩვენ მზად გვაქვს. ძალიან ბევრი მასალა გვაქვს შეგროვილი და თან ისეთი, წინასწარ ვიცი, დიდ ხმაურს გამოიწვევს“, - ამბობს გელბახიანი.
მოწვეულმა ექსპერტებმა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების დროს, გამოსაკვლევად აიღეს ბიომასალა, რომლის კვლევაც, გელბახიანის თქმით, გერმანიაში მიმდინარეობს და "ეს პროცესიც დროს მოითხოვს". „როგორც კი მივიღებთ საჭირო დასკვნას, ჩვენი მხრიდან ერთი დღეც არ გაჭიანურდება“, - აღნიშნავს ადვოკატი.
მისი თქმით, ადამიანის უფლებების ცენტრის ანალიტიკურ დოკუმენტს დაცვის მხარე უკვე გაეცნო და "ის საქმეს ერთ-ერთ მტკიცებულებად დაერთვება".
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრის თქმით, უკრაინის სასამართლოდან სააკაშვილის გადაცემაზე მოთხოვნა არ შესულამიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლად მკურნალობა უფრო ეფექტიანი რომ იქნებოდა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნინო ნადირაძემაც აღნიშნა. თუმცა იქვე დაამატა, რომ „ქართული მედიცინისთვის შეურაცხმყოფელია“ განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში სააკაშვილის მკურნალობის რესურსი არ არსებობს.
ექსპერტები, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ახლობლები ძირითადად საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს. საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი, ვალერი გელბახიანის თქმით, მას შემდეგ იქნება გადასაწყვეტი, რაც სასჯელის გადავადების მიზანი იქნება მიღწეული.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პრეცედენტს საკუთარი პრაქტიკიდანაც იხსენებს, როდესაც პატიმარ თ.რ.-ს, მას შემდეგ, რაც ციხეში 12 წელი გაატარა, „არაერთხელ დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რის გამოც მას განუვითარდა სხვადასხვა მძიმე დაავადება“ და ბოლოს „შეექმნა ორივე თვალით სრულად დაბრმავების საფრთხე“, საბოლოოდ „გადაუვადეს განაჩენის აღსრულების ვადა და მიეცა შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალობა გაეგრძელებინა საფრანგეთში“.
ასევე ნახეთ მასიმო დ'ანჯელო - "ის უკრაინის მოქალაქეა და ის იყო დიპლომატიური იმუნიტეტის სუბიექტი"