თენგიზ ბასილაშვილმა ჩვენება უფროსი ძმის ქორწილის გახსენებით დაიწყო. დედის მსგავსად, მანაც თქვა, რომ ქორწილის წინ ნელის “პრეტენზია ჰქონდა” ნიკას მეჯვარესთან დაკავშირებით.
“ნელის ჰქონდა ნიკასთანაც ჩემთანაც და დედაჩემთანაც თხოვნა, რომ ის არ ყოფილიყო მისი მეჯვარე”, - თქვა მან.
გარდა ამისა, თენგიზ ბასილაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ ქორწილის დღის მიწურულს ნელიმ მოინდომა, უფროსი თაობის სტუმრები, მათ შორის თავისი და ნიკას მშობლები ქორწილში მეტ ხანს აღარ დარჩენილიყვნენ.
“ ...ნელიმ მთხოვა, იქნებ მიხვიდეთ დედასთან და მამასთან, სთხოვოთ, რომ მარტო ახალგაზრდები დავრჩეთო. მივედით მე და ნიკა დედაჩემთან… ცოტა მოულოდნელი რეაქცია გვქონდა, რატომ უნდა დაეტოვებინათ[ქორწილი], არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდნენ ჩვენი მშობლები,” - უთხრა ნიკას ძმამ მოსამართლეს.
თენგიზ ბასილაშვილმა სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ მისმა ძმამ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო ცოლთან გაშორებაზე ფიქრი. მისი თქმით, ნიკოლოზს არაერთხელ უსაუბრია ძმასთან ამ თემაზე.
“ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებსო. ღალატს მაბრალებსო. სხვათაშორის ნელის ჩემთანაც აქვს მოწერილი, რომ ძალიან დიდი ხელშემწყობი ჰყავხარ ნიკას ჩემს ღალატშიო. ჩემი ხელშეწყობა ნიკას ღალატს რაში სჭირდება? ნიკას წელიწადში 1 კვირით თუ ვნახავდი ხოლმე. მაშინ ნიკამ მითხრა, რომ [ნელი] მემუქრება სასამართლოში წაგიყვან და პასუხს გაგებინებ ყველაფერზეო, დედას გიტირებ, დაგაჩოქებ. ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი. ეს სერიოზულად ვერ აღვიქი, ანამ არ გამომიგზავნა “ვოისები” სადაც ნელი პირდაპირ ემუქრება”.
“ოჯახის პოზიცია როგორი იყო?” - დაინტერესდა ბასილაშვილის ადვოკატი, რაზეც მოწმემ უპასუხა:
“თავიდან დედაჩემს და მამაჩემს არ უნდოდათ, რომ დაშორებულიყვნენ. შემდეგ მიხვდნენ, რომ ნიკას არ უყვარდა [ნელი] და ეს იყო ძალიან დიდი პროცესი მუქარების, რომ კარიერას დაუნგრევდა, დედას უტირებდა, ჟურნალისტებს მოიყვანდა და რაღაც ყველაფერს მოყვებოდა…” .
სხდომაზე გამოიკვლიეს ყოფილი წყვილის საუბრის ხარვეზიანი აუდიო ჩანაწერი. ხმა ჩანაწერში ცუდად ისნოდა, თუმცა მტკიცებულებას თან ახლდა საუბრის ტრანსკრიპტი. თენგიზ ბასიალშვილის თქმით, დაახლოებით 2017 წლის საუბარის ჩანაწერი მას ძმამ გაუგზავნა.
სასამართლოს დარბაზის ეკრანზე ნაჩვენებ ტექსტში ეწერა:
ნელი: ახლა იცოდე, ძალიან ცუდი ადამიანი გამხადეთ;
ნიკა: ხოდა, იყავი ცუდი ადამიანი, რა გინდა ჩემგან;
ნელი: არაფერი აღარ მინდა. მინდა, იცოდე, რომ ის ბოლო ნამუსის წერტილი და ადამიანობის საზღვარი გაწყვიტე, ყველანაირად გამიშავე გული, ეგ იცოდე;
ნიკა: კაი;
ნელი: ამის შემდეგ ჩემგან ელოდე ყველაზე ბოროტ ნეკას დედამიწაზე და ჩემს მეტი მტერი აღარ გეყოლება;
ნიკა: კი ბატონო;
ნელი: გადაყვები სასამართლო პროცესს, გაგწყვიტავთ ბოლომდე, გაგწირავ ნიკა, [უცენზურო ფრაზა], გადაყვები სასამართლო პროცესს. კარგად იყავი, ელოდე ბოროტი ნეკას ბოროტულ ნაბიჯებს;
ნიკა: წარმატებები.
ნელი დოროყაშვილმა ჟურნალისტებს ამ ჩააწერის ნამდვილობა დაუდასტურა და ეს იმით ახსნა, რომ ქმარი მასზე ძალადობას არ წყვეტდა:
"როცა ფიზიკური ძალადობა ხდებოდა, ნიკოლოზს ვეუბნებოდი, თუ არ შეწყვეტდა ძალადობას, სასამართლოს მივმართავდი, მაგრამ მისი პასუხი ყოველთვის იყო დამცინავი და ირონიული ტონით, მუდმივად აპელირებდა თავისი სტატუსით და მეუბნებოდა, რომ მე მაქვს ფული, მე ავიყვან ბევრ ადვიკატს, მიდი შენ, წარმატებებიო".
ბასილაშვილის ძმის თქმით, წყვილი ერთად 2018 წლის სექტემბერის შემდეგ აღარ ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს ნიკა აშშ-დან ჩამოვიდა და ნელი კი დარჩა.
ნიუ იორკში მომხდარი სავარაუდო ფიზიკური ძალადობა სასამართლო განხილვის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდია. ნელი დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ადანაშაულებს იმაში, რომ მან სასტუმროს ნომერში ჩოგნებით სავსე ჩანთა ჩაარტყა.
თენგიზ ბასილაშვილი დღევანდელ სხდომაზე ცდილობდა მოსამართლე იმაში დაერწმუნებინა, რომ ნელი ქმარზე ამერიკაში ყოფნის დროსაც ეჭვიანობდა და მას ურეკავდა იმის გასაგებად, თუ სად იყო ნიკა.
თენგიზ ბასილაშვილი: 2018 წლის აგვსიტოში დილის 8:30-ზე დამირეკა, ისევ ეჭვიანობდა, ნიკა ღალატობდა ვითომ, არ იცოდა, სად იყო. მე ვუთხარი, რომ ცუდად გახდა ნიკა კორტზე წაიქცა და საავადმყოფოშია-მეთქი.
ბასილაშვილის ადვოკატი: სატელეფონო საუბრის დროს ნელი დოროყაშვილს ხომ არ უთქვამს რომ რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლია?
თენგიზ ბასილაშვილი: არა, აინტერესებდა, სად იყო ნიკა… ნიკოლოზ ბასილაშვილი როცა იყო ქორწინებაში 2018 წლამდე, არასდროს არ უღალატია ნელისთვის, ჩემი ინფორმაციით, და ყოველთვის იყო მისი ერთგული.
შტატებში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოში ცალკე დაბრუნდა, ნელი დოროყაშვილი კი იქ დარჩა. ქალმა თავის ჩვენების დროს თქვა, რომ ქმარმა ის ძალადობის შემდეგ სასტუმროში დატოვა და არ უთხრა, სად მიდიოდა.
ბასილაშვილმა გაიხსენა, როგორ უთხრა ძმამ, რომ “ნელიმ ძალიან სერიოზული ისტერიკა” მოუწყო, რის გამოც სასტუმროს სხვა ნომერში გადავიდა. “მაშინ მითხრა მე და ნელი დავშორდით, მორჩა ყველაფერიო…"
ჩვენების ბოლოს, ადვოკატებმა კითხვები ჩოგბურთელის ძმას ყოფილი რძლის ქონების შესახებ დაუსვეს.
თენგიზ ბასილაშვილი: ნელი ცხოვრობს ვაკეში, სახლში, რომელიც ნიკამ იყიდა და გაარემონტა. ნიკას არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, რადგან უნდოდა ლუკასი კარგ გარემოში გაზრდილიყო;
ბასილაშვილის ადვოკატი: ეს სახლი როდის შეიძინა?
თენგიზ ბასილაშვილი: 2017 წელს შეიძინა.
ბასილაშვილის ადვოკატი: ვისზე იყო გაფორმებული?
თენგიზ ბასილაშვილი: ნელი დოროყაშვილის სახელზე იყო.
ბასილაშვილის ადვოკატი: აღგვიწერეთ, რა ფართია, რა ღირებულების, რა დამხმარე ნაგებობებია?
თენგიზ ბასილაშვილი: რა გადაიხადა, არ ვიცი, სახლი არის ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბის ასახვევთან, 2 პარკინგი ჰქონდა და 70კვ/მ-მდე დამხმარე ნაგებობები. სახლი არის 170-დან 200კვ/მ-მდე.
ბასილაშვილის ადვოკატი: თუ იცით, თანაცხოვრების შეწყვეტის დროს, განქორწინების დროს სხვა რა სახის უძრავი, მოძრავი ქონება ირიცხებოდა ნელი დოროყაშვილის სახელზე?
თენგიზ ბასილაშვილი: ლუკასს მცხეთის ქუჩაზე სახლი, ნელი დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილშვილმა აჩუქა ახალი X5, რა ფერის და როგორიც უნდოდა.
ადვოკატებმა მოწმეს კითხვები დაუსვეს, ასევე 21 მაისის ეპიზოდზეც, რა დროსაც ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ყოფილმა ქმარმა მას რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბასილაშვილების ოჯახის სახლთან. ამ დროს წყვილი დაშორებულია და მამას ბავშვი თავისთან კვირაში მხოლოდ 2 დღით მიჰყვას.
კონფლიქტს თენგიზ ბასილაშვილი არ შესწრებია. ჩხუბის დროს, მისი თქმით, ის ნიკას თხოვნით გარე სათვალთვალო კამერების საყიდლად იყო წასული. როგორც ამტკიცებს მანამდე ძმამ უთხრა, რომ ნელი აპირებდა მისვლას და "რაღაცა პროვოკაციას მოაწყობდა".
ბასილაშვილების კერძო სახლთან მომხდარის შემდეგ პოლიციამ ჩოგბურთელი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.
13 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა, ასევე გამოკითხეს ირიბი მოწმეებიც, თენგიზ ბასილაშვილის ცოლი და ნიკოლოზის მეგობარი. ბასილაშვილის სხვა ნათესავების მსგავსად, მათაც ნელი დოროყაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს.
ასევე ნახეთ ჩვენი ყველა მიმოწერა იწყება სიტყვებით, "ჩემო საყვარელო", - რა თქვა ბასილაშვილის დედამ სასამართლოშირა უპასუხა ყოფილ მაზლს ნელი დოროყაშვილმა?
"არაფერს არ ვადასტურებ ...[ნიკას ყველა ახლობელი ამტკიცებს] ეს კარგი ბიჭია, ამას არ იზამდაო...", - ასე შეაფასა ნელი დოროყაშვილმა ყოფილი მაზლის ჩვენება. მისი თქმით, სასამართლოს აქვს მტკიცებულებები, რითაც ეს "ტყუილები გადამოწმდება".
"ამ ადამიანებს არ გაუაზრებიათ, რომ ნებისმიერი სახის ბრალდება მარტივად არის გადასამოწმებელი. ბუნებრივია, მე ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს, უბრალოდ, ძალიან ბევრი ტყუილია, რაც ძალიან მარტივად გადასამოწმებელია სასამრთლოს ხელთ არსებული მტკიცებულებებით. მისი მთლიანი ჩვენება არის ტყუილი".
ნიუ-იორკის ეპიზოდი: როგორ აღწერს ნელი დოროყაშვილი სასტუმროში ძალადობას
ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი სავარაუდო ძლადობის ეპიზოდი და მასთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებები სასამართლომ წინა სხდომებზეც განიხილა.
ქალი ჰყვებოდა, რომ 2018 წლის აგვისტოში ნიკოლოზმა მას თავსა და სხეულის სხვადასხვა არეში ჩაარტყა ჩოგნებით სავსე სპორტული ჩანთა, მანამდე კი “თმით ითრია”.
როგორ აღწერს ნელი დოროყაშვილი მანქანასთან ძალადობას?
30 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე, როდესაც დაზარალებულად ცნობილი ქალი, ნელი დოროყაშვილი დაკითხეს, მან გაიხსენა როგორ იძლადა ნიკამ მასზე შვილის თანდასწრებით. ნელი დოროყაშილი ყოფილი ქმრის სახლში ბავშვის წამოსაყვანად იყო მისული.
ამ ეპიზოდში ბასილაშვილს ორჯერ ძალადობას ედავება ყოფილი ცოლი, ერთხელ მანქანასთან, მეორედ კი ეზოს გალავანთან ახლოს. პროცესზე ნელი დოროყაშვილმა თქვა, რომ ორივე შემთხვევაში ბასილაშვილმა მას გასაღებიანი ხელი მარჯვენა მკლავის შიდა მხარეს მოუჭირა და ასევე, ხელი ჩაარტყა თავში.
საქმეში დევს დაზიანების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა და სასწრაფო დახმარების ცნობაც.
ასევე ნახეთ ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ - აქცენტები ბოლო სასამართლო სხდომებიდანნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მომდევნო პროცესი 15 ოქტომბერს გაიმართება.