ბოსნიას წევრობამდე ძალიან ბევრი აშორებს

რიკარდ იოზვიაკი

ევროკომისიამ 12 ოქტომბერს რეკომენდაცია გასცა, ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო გარკვეული პირობებით. ივნისში იგივე დასკვნა გაკეთდა უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის გაფართოების პროცესი, რომელიც, უკვე ათ წელზე მეტია „კომატოზურ ვითარებაში“ იყო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაცოცხლდა.

ახლა საკითხავია, იმავე პოზიტიური განწყობით აღიქვამენ თუ არა ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში, როგორც კიევისა და კიშინიოვის განაცხადი მიიღეს. ზაფხულში მათ ისტორიულობის განცდა ამოძრავებდათ - ომისგან გატანჯულ, მაგრამ რეფორმებზე ორიენტირებულ უკრაინას და პროევროპულ, მაგრამ მყიფე მოლდოვას მხარდაჭერა და აღიარება სჭირდებოდათ. კანდიდატის სტატუსმა მათ ესოდენ აუცილებელი მწვანე შუქი აუნთო გვირაბის ბოლოს. მართალია, ამ შუქს თან მკაცრი პირობებიც ახლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

ახლა ბრიუსელი ცდილობს, რომ იგივე ხერხი გამოიყენოს ბოსნიასთან დაკავშირებით. კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციას თან 8 პირობა ახლავს. აქედან ზოგი ეხება კანონებსა და შესწორებებს, რათა სარაევომ სასამართლო სისტემა გამართოს, დანარჩენი კი - რეფორმებს მიგრაციის მენეჯმენტთან დაკავშირებით, ქმედებებს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ბოსნიასთან კოორდინაციას ევროკავშირის საკითხებში - რაც ამ დაპირისპირებულ სახელმწიფოში მარტივი არ არის.

უკვე რთული საქმე ჩანს, მაგრამ გამოწვევები აქ არ მთავრდება. ყველაზე მწვავე საკითხი, ალბათ, შეეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების დასრულებას, რომლებმაც ქვეყანაში უკეთესად და უფრო სამართლიანად უნდა წარმოაჩინონ ეთნიკური უმცირესობები. დასავლეთი დიდი ხანია ცდილობს გამოსავალი მედიაციით მოიძებნოს, მაგრამ - ამაოდ. ცოტას თუ სჯერა, რომ ვითარება მალე შეიცვლება, მაგრამ იმედი აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის დაპირებამ შეიძლება პოლიტიკოსებს ერთობლივი მოქმედებისკენ უბიძგოს.

ევროკავშირის გაფართოების კომისარი ოლივერ ვარჰელი პირდაპირი იყო: „ეს არის ევროპის შეთავაზება ბოსნია-ჰერცეგოვინის და მისი ხალხის მისამართით. ჩვენ ამას ბოსნია-ჰერცეგოვინის ხალხისთვის ვაკეთებთ, მაგრამ ამ შეთავაზებას თან ახლავს დიდი მოლოდინები. ახლა ქვეყნის ელიტის ჯერია, რომ ის რეალობად აქციოს.“

დაიჯერებენ ამას ევროკავშირის წევრი ქვეყნები? ზოგი - სახელდობრ, ავსტრია, ხორვატია და სლოვენია - ამას ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვდა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. მართლაც, უსამართლოდ ჩანდა, რომ ქვეყანას, რომელიც ამდენ ხანს იცდის რიგში, წინ გაუსწრო წყვილმა, რომელმაც ბლოკში გაწევრიანება სულ ცოტა ხნის წინათ მოითხოვა. უკრაინისა არ იყოს, ომი და ნგრევა ბოსნიამაც ბევრი იწვნია, არცთუ ისე შორეულ წარსულში.

ახლა ბლოკის წევრებს შეუძლიათ ეს უსამართლობა გამოასწორონ და ბოსნია ამ ორი ქვეყნის გვერდით დააყენონ, როდესაც საკითხს დეკემბერში განიხილავენ. პირობები საკმაოდ რთული შესასრულებელია, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ამ ეტაპზე უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. იმ ქვეყნებს კი - ძირითადად დასავლეთ ევროპაში - რომლებიც გაფართოებას უფრთხიან, შეეძლებათ ამ მკაცრ და, ზოგ შემთხვევაში, ბუნდოვან პირობებს გადახედონ და დაასკვნან, რომ სარაევოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ბევრი აქვს გასავლელი.

მიუხედავად ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, ერთი მხრივ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და, მეორე მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას შორის. ეს წყვილი, სირთულეების მიუხედავად, ახორციელებს რეფორმებს, რომლებსაც მისგან ევროკავშირი მოითხოვს. როდესაც მომავალ შემოდგომაზე კომისია კიევისა და კიშინიოვის პროგრესს შეაფასებს, მათ შეიძლება დაასკვნან, რომ ორივე ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჯერჯერობით მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. ბოლო მოხსენება, რომელშიც ევროკომისიამ ამ ქვეყნის პროგრესი შეაფასა, უკიდურესად კრიტიკულია.

მოხსენებაში ლაპარაკია, რომ საარჩევნო რეფორმა პარლამენტმა ჩააგდო, 2022 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ხელი შეუშალა ფინანსთა სამინისტრომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე წინსვლა არ შეინიშნება, რომ სასამართლო სისტემაში დიდი ხარვეზებია. მოხსენებაში მთელი აბზაცი ეძღვნება სერბთა რესპუბლიკას - ქვეყნის ორი პოლიტიკური ერთეულიდან ერთ-ერთს - რომელიც ცდილობს, „ერთპიროვნულად გააკონტროლოს სახელმწიფო უფლებამოსილებები, ძირი გამოუთხაროს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირის პერსპექტივას.“

ბრიუსელში არსებობს დაუწერელი ოქროს კანონი - არ მიიღონ ახალი წევრები, რომლებიც ალიანსს „პრობლემების იმპორტით“ ემუქრებიან. ბოსნია წევრობისგან ძალიან შორსაა და შესაძლოა, რომ კანდიდატის სტატუსმა ვითარების დალაგებისკენ უბიძგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი სულ სხვაგან გაიხედავს, როდესაც ალიანსში ახალი წევრების მიღების დრო მოვა.