ბრიტანული დაზვერვა: ხერსონში ამზადებენ სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ჯარები, რომლებმაც ოქტომბრის დასაწყისში, ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით უკან დაიხიეს დაახლოებით 20 კილომეტრით, ამჟამად ცდილობენ ფრონტის ახალი ხაზი გაამყარონ სოფელ მილოვეს დასავლეთით. სოფელი ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონს ეკუთვნის. ბოლო დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბერისლავის რაიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამ ხაზის გასწვრივ, განსაკუთრებით დასავლეთში, მძიმე ბრძოლები გრძელდება და უკრაინის ჯარების წინსვლა ნიშნავს, რომ რუსეთის ფლანგი აღარ არის დაცული მდინარე ინგულეცით.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გასცა ხერსონიდან სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციისთვის მზადების ბრძანება, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ელოდებიან საბრძოლო მოქმედებების გავრცელებას უშუალოდ ქალაქ ხერსონზე.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს.

ასევე ნახეთ გენერალური ასამბლეის მიერ მოწონებული რეზოლუცია გმობს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას