ISW: რუსეთს, სავარაუდოდ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინსტრუქტორები ეხმარებიან

ირანული უპილოტო საფრენი აპარატის Shahed-136-ის ფრაგმენტები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი. რუსეთმა ამ იარაღს სახელი შეუცვალა და "გერანი-2" დაარქვა

რუსეთმა შესაძლოა, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირის მქონე პერსონალი ჩაიყვანა უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში, რათა რუს სამხედროებს ასწავლონ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed-136-ის გამოყენება. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.

12 ოქტომბერს, უკრაინის „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი“ იუწყებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა ირანელი ინსტრუქტორები ჩაიყვანეს ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონის ოლქში. ცენტრის ინფორმაციით, ირანელი ინსტრუქტორები უშუალოდ აკონტროლებენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას, მათ შორის ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.

ასევე ნახეთ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე

ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს Shahed-136-ს, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა, რუსული არმია აქტიურად იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ. 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა საგანგებო, ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს დაუკვეთა კიდევ 2400 ასეთი აპარატი.