კურფიურსტი კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს - ევროპის საკითხებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნამდე, პრაღის სპეციალური წარმომადგენელი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ავტორია რუსული გეოპოლიტიკისა და ჰიბრიდული ომის შესახებ დაწერილი წიგნებისა. ვაჟა თავბერიძე იაროსლავ კურფიურსტს პრაღაში შეხვდა და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივებსა და ქვეყანაში რუსეთის მზარდი დიასპორის შესაძლო გავლენებზეც ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: დილით, ევროკავშირის გაფართოების თემაზე თქვენი გამოსვლის დროს, საქართველოზე საუბრისას ოდნავ ყოყმანი შეგამჩნიეთ - „უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, და ვნახოთ, შესაძლოა, საქართველოც დაემატოს მათ რიცხვს“-ო - განაცხადეთ. შეიძლება გკითხოთ, რა გაძლევთ დაეჭვების საბაბს, რომ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ შეასრულებს?
“არ გვინდა საკანონმდებლო შტორმის“ მომსწრენი გავხდეთ, როდესაც უცებ რაღაც ფორმალურ კანონს მიიღებენ და შემდეგ მისი რეალურად დანერგვა აღარავის ადარდებს.“
კურფიურსტი: რა გითხრათ - ვხედავთ, რომ საქართველოში სისტემური პრობლემები არსებობს. პოლარიზაცია იმდენად ღრმაა, რომ ხელს უშლის იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რასაც ევროკავშირი ითხოვს. არის კითხვის ნიშნები მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებასთან დაკავშირებით. აქვე იმასაც დავძენ, რომ ჩვენ, ჩეხები საქართველოს დიდი ხნის მეგობრები ვართ და ძალიან გაგვიხარდება, თუ საქართველო ამ მხრივ ნაბიჯებს გადადგამს და მოახერხებს, კანდიდატის სტატუსის „მატარებელს შემოახტეს“.
რადიო თავისუფლება: ასევე, ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს „სანდო“ და „დამაჯერებელი“. რა საზომით აპირებთ ამ სანდოობისა და დამაჯერებლობის შეფასებას?
კურფიურსტი: ჩვენ არ გვინდა [საქართველოში] ე.წ. „საკანონმდებლო შტორმის“ მომსწრენი გავხდეთ, როდესაც უცებ რაღაც ფორმალურ კანონს მიიღებენ და შემდეგ მისი რეალურად დანერგვა აღარავის ადარდებს. არის პატარ-პატარა „ფანჯრები“, რითაც შეიძლება ქვეყანამ გაწერილი რეფორმების რეალობად ქცევა თავიდან აირიდოს. ამის ნახვა არ გვსურს საქართველოსგან - გვინდა რეალური ცვლილებები ვიხილოთ. კანონმდებლობა მხოლოდ ფორმალური დეკლარაცია არ არის, მან სისტემა უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ, უკეთ მოქმედი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ. ასე რომ, ეს პირობები არა ფორმალურად არამედ ნამდვილად უნდა შესრულდეს.
რადიო თავისუფლება: რაიმე „დედლაინი“ თუ გვაქვს? არის თუ არა თარიღი, სადამდეც „გონს უნდა მოვეგოთ“, თუ პირიქით, სანამ „გონს არ მოვეგებით“ და გასაკეთებელს არ ვიზამთ, სტატუსსაც არ მივიღებთ, მაგრამ შესაძლებლობის ფანჯარაც არ დაიხურება?
კურფიურსტი: ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა - „დედლაინი“ არ გაქვთ, მაგრამ, როგორც თქვენვე აღნიშნეთ, სტატუსს ვერ მიიღებთ, სანამ იმ 12 პირობას მართლაც და წყალგაუვალად არ შეასრულებთ. როგორც ხედავთ, არიან ქვეყნებიც, რომელიც უკვე წლებია უცდიან თავიანთ რიგს. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დავინახავთ რომ ეს ქვეყნები დამაჯერებელ პროგრესს აჩვენებენ, თუ საჭირო სტანდარტები და ნორმები იქნება მიღებული, თუ კანონის უზენაესობის კრიტერიუმი დაკმაყოფილდება, გადაწყვეტილების მიღების პრობლემა არ იქნება.
„[საქართველოში ჩამოსულმა] რუსებმა შეიძლება შექმნან დიასპორა. და როდესაც რუსები დიასპორას ქმნიან, მერე შესაძლოა მოსკოვში ამ დიასპორის, რუსულად მოლაპარაკე ხალხის „გათავისუფლებაც“ მოუნდეთ“
რადიო თავისუფლება: ანუ, თუ საშინაო დავალებას გავაკეთებთ - ლოდინი არ მოგვიწევს? მომიტევეთ სკეფსისისთვის, მაგრამ სადაა გარანტია, რომ თუ საქართველო ხვალ ყველა გამოცდას „ჩააბარებს“, ბერლინში, მადრიდში და პარიზში სკეპტიკოსები მაინც არ იტყვიან, რომ ჯერ კიდევ ადრეა, რომ ჯერ უნდა დავიცადოთ და რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის ჯერ მზად არ არის? უკრაინის ომამდე, ყველაზე პოპულარული საბაბი გაფართოებაზე საუბრისთვის თავის ასარიდებლად იყო ფრაზა „ევროკავშირს გაფართოების გამოფიტვა აქვს“. გაქრა ეს გამოფიტვა?
კურფიურსტი: ეს გამოფიტვა ახლა დღის წესრიგში არ დგას. ახლა დღის წესრიგში არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ამჟამად ღიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „კლუბის წესები“ გაქრა, რომ ისინი აღარ უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, გაფართოების საკითხი დარჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხად. ბოლოს და ბოლოს, გაფართოება ევროკავშირს უნდა აძლიერებდეს, დასუსტების ნაცვლად. დაბრკოლებები და ბარიერები იქნება, პროცესიც შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ მწამს, რომ ის ევროკავშირის წევრობით დაგვირგვინდება.
რადიო თავისუფლება: ევროკავშირის პირობებზე გადავიდეთ - იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ერთ-ერთი, უფრო სწორად, ყველაზე განხილვადი და ცხარე დებატების საგნად ქცეული პირობა ე.წ. დეოლიგარქიზაციაა. სიტუაცია „მონტი პაითონის“ სკეტჩს წააგავს უკვე - ორივე მხარე ერთმანეთისკენ იშვერს ხელს და გაიძახის, არა, თქვენ გეხებათ, არა, თქვენო. შეგიძლიათ განმარტოთ, რა, ან კიდევ, ვინ იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში?
კურფიურსტი: თითს არავისკენ გავიშვერ, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ მკაფიოა, რას გულისხმობს დეოლიგარქიზაცია: თუ გაქვთ ეკონომიკური ძალაუფლება, რომელიც ამრუდებს პოლიტიკურ კონკურენციას, მათ შორის მედიის პოზიციის გამოყენებითაც, მაშინ რანაირი დემოკრატიაა ეს? ვისაც მეტი ფული აქვს, მეტ მედიას ყიდულობს, მეტ დეპუტატებს, მეტ გავლენას? ასე გამოდის, რომ ქვეყანას მართავს ყველაზე მდიდარი ოლიგარქი. აქ საქმე უკვე აღარაა იდეებზე, მომავლის ხედვაზე, იმაზე, თუ რა არის უკეთესი ხალხისთვის - ამის ნაცვლად აქცენტი კეთდება ერთი პირის, ან ინდივიდების კეთილდღეობაზე. აი, ასე განვმარტავდი დეოლიგარქიზაციას.
რადიო თავისუფლება: დაბოლოს, კიდევ ერთი ციტატა თქვენი გამოსვლიდან: „რუსებისთვის, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, ჩვენი კარი დაკეტილია.“ საქართველოში ეს კარი დღემდე ღია რჩება. როგორ ფიქრობთ, რა არის განსხვავებული მიდგომების მიზეზი? რა საფრთხეებს ხედავთ, რაზეც ქართულ მხარეს გააფრთხილებდით?
კურფიურსტი: ქართველების გაფრთხილება ჩემს კომპეტენციას ცდება, ეს საქართველოს, ქართული მთავრობის გადასაწყვეტია, რანაირად გაუმკლავდებიან ამას. მე შემიძლია გითხრათ ჩვენი პოზიცია რას ემყარება. პირველ რიგში, ეს ხალხი არ არიან დემოკრატები - მათ ნაწილს გუშინ მანქანებზე ნიშანი Z ეხატა, დღეს წაშალეს, ჩასხდნენ იმავე მანქანებში და გამოიქცნენ - არ უნდათ პუტინის ომში დაიხოცონ, ეს არის და ეს. მეორე - მათ შეიძლება შექმნან დიასპორა. და როდესაც რუსები დიასპორას ქმნიან, მერე შესაძლოა ამ დიასპორის, რუსულად მოლაპარაკე ხალხის „გათავისუფლებაც“ მოუნდეთ მოსკოვში. ჰუმანიტარულ ვიზას ვიძლევით ხალხზე, ვისაც პუტინის რეჟიმი დევნის. ღია ვართ, მაგალითად, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს კარს ვერ გავუღებთ, არავითარ შემთხვევაში. ზოგი ამბობს, კი მაგრამ, თუ არ შემოუშვებთ, ეს ხალხი ფრონტზე წავა, ხელში იარაღს აიღებს და უკრაინელებს ესვრის. კი ბატონო, კარგი არგუმენტია. მაგრამ რუსეთში ამ ნაწილობრივ მობილიზაციას დაახლოებით 3-დან 5 მილიონამდე ადამიანი ექვემდებარება, ამათგან რამდენიმე ათეული ათასი გამოქცეული ზღვაში წვეთია, კიდეც რომ შემოვუშვათ.
რადიო თავისუფლება: საზარბაზნე ხორცს მაინც იპოვიან...
კურფიურსტი: ასეა. და ამას გარდა, ჯობია ფრონტზე ეს ხალხი აღმოჩნდეს, ვისაც ნამდვილად არ სურს იქ ყოფნა და არანაირი მოტივაცია არ აქვს. ასე რომ ჯობია ფრონტზე იყვნენ, ვიდრე მანქანაში ჩასხდნენ, გამოიქცნენ და ჩვენ შევიფაროთ.
ინტერვიუ ჩაწერილია Prague Civil Society Center -ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში