რუსეთის უშიშროების სამსახურის ბრალდებაზე, რომლის მიხედვით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ჟურნალისტებმა ამ საკითხზე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის ჩაწერა შეძლეს.
ასევე ნახეთ ყირიმის ხიდის აფეთქების რუსულ ვერსიას უპასუხა ბულგარეთმა; საქართველო, სომხეთი ჯერ დუმან"ქართული ოცნების" წევრები გიორგი ცაგარეიშვილი და ირაკლი ზარქუა ამბობენ, რომ ოფიციალური კომენტარები გაკეთდება.
"ამ პროვოკაციამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოში არაჯანმრთელი აჟიოტაჟი და აფორიაქება, მშვიდად უნდა მივუდგეთ ამგვარ განცხადებებს... განცხადებები შესაბამისი იქნება, თქვენ ამაზე ნუ ინერვიულებთ, იყავით მშვიდად. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი გააზრება", - უთხრა გიორგი ცაგარეიშვილმა "TV პირველს".
"დასწრებაზე ხომ არ არის [განცხადების გაკეთება], აქ მთავარია სახელმწიფოს პოზიცია. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება... მცდელობა აქვთ გარკვეულ ჯგუფებს როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ, რომ საქართველო იყოს ომში ჩართული", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ "კომენტარის ღირსად არ უნდა ჩააგდონ" ოკუპანტი ქვეყანა.
"როდესაც გამოდის ბრალდებით ოკუპანტი ქვეყანა და ამ ქვეყნის სპეცსამსახური, ამაზე ყოველ ჯერზე განცხადების კეთება არც მიმაჩნია მიზანშეწონილი და რელევანტური იყოს. არის რაღაც საკითხები, რაზეც ჩვენ არც უნდა ჩავაგდოთ ღირსად, რომ კომენტარები გვქონდეს და აჟიოტაჟი მოვაყოლოთ... იმაზე მძიმე ბრალდება რაღა უნდა მიიღო, როდესაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული", - თქვა რატი იონათამიშვილმა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.
ასევე ნახეთ რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეარუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად დადგენილია, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურა".
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.