“პუტინი უკვე იმდენი ხანია ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ ტოტალიტარულ რეალობაში, რომ მისგან აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, ეს ახალი სისასტიკეც არავის გაკვირვებია, ვინც რუსეთს თვალს ადევნებს, მაგრამ იქნებ იმათ მაინც აუხილოს თვალები ვინც დღემდე უარს ამბობს უკრაინის დახმარებაზე “ესკალაციის თავიდან არიდების” საბაბით. კრემლს არანაირი საბაბი არ ჭირდება, ის დანაშაულს სჩადის იმიტომ, რომ ცივილიზებული სამყარო მის შეჩერებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, სანამ არ გავაჩერებთ, გააგრძელებენ...”- ეუბნება რადიო თავისუფლებას რუსული დეზინფორმაციის ექსპერტი იაკუბ კალენსკი.
გაუკვირდება თუ არა მას პუტინის მიერ ბირთვული კარტის გათამაშება?- კალენსკი ფიქრობს, რომ ეს ბოლო ბანქოა პუტინის ხელში, რომელსაც ის დიდხანს ვერ დათმობს. ვაჟა თავბერიძე მას პრაღაში ესაუბრა.
„მადლობა ღმერთს რუსული არმიის არაკომპეტენტურობისთვის“
რადიო თავისუფლება: უკრაინელებმა პრეზიდენტ პუტინს დაბადების დღე ჩაამწარეს - ყოველ დღე ახალ-ახალ ტერიტორიებს იბრუნებენ და ყირიმის ძლივს შეკოწიწებული ხიდიც აუფეთქეს. კრემლის პასუხიც უკვე ვიხილეთ - მთელი დღე განუწყვეტელი დაბომბვა მთელი უკრაინის მასშტაბით. კიდევ რას უნდა ველოდოთ? რა „კარტები“ აქვს პუტინს სახელოში ჩამალული?
იაკუბ კალენსკი: მგონი უკვე ვნახეთ, რაც აქვს. მადლობა ღმერთს რუსული არმიის არაკომპეტენტურობისთვის. ორი სვლა უკვე გააკეთა - ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ბირთვული დარტყმით დაგვემუქრა. ეს ბოლო მანევრი ის ხავსია, რომელსაც პუტინი ბოლომდე ჩაებღაუჭება - რადგან ცხადი ხდება, რომ რუსის ჯარს იმის უნარი არ აქვს, საქმე ბრძოლის ველზე შემოატრიალოს უკეთესებისკენ. ამიტომ გვაშანტაჟებს ბირთვული დარტყმით და იმედი აქვს, რომ დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებები დაფრთხებიან, ზეწოლას ვერ გაუძლებენ და უკრაინის დახმარებას შეწყვეტენ.
„არანაირი მოლაპარაკებები ტერორისტებთან“ - ეს კრემლში მოკალათებულ ტერორისტებზეც ვრცელდება
რადიო თავისუფლება: და რატომ ვფიქრობთ, რომ რასაც ამბობს, ბლეფია და არ გააკეთებს?
იაკუბ კალენსკი: რა თქმა უნდა, აბსტრაქტულად თუ შევხედავთ, ბირთვული დარტყმა წარმოუდგენელი საშინელებაა. მაგრამ არ მინდა მის სატყუარას წამოვეგოთ და დავიწყოთ ვიშვიში, თუ რა მოხდება, თუ პუტინი ამას გააკეთებს. ეს მხოლოდ პუტინს ეხმარება, უადვილებს ამოცანას - დააშინოს დანარჩენი სამყარო იმით, თუ რა დაემართებათ, თუ კრემლის უკანონო, დანაშაულებრივი, გენოციდური აგრესიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებენ. ჩეთემ ჰაუსის მკვლევარი კეირ ჯაილსი ძალიან კარგად აღწერს ამ სცენარს თავის წიგნში „მოსკოვის წესები“ - რუსები ხშირად იმიტომ გვაშინებენ ბირთვული ბომბებით, რომ ხედავენ, თუ რა კარგად მუშაობს ეს ჩვენზე - ეს გვაშეშებს, პარალიზში გვაგდებს, გვასუსტებს. მაგრამ ახლა პარალიზში ჩავარდნა ყველაზე საშინელი რამ იქნებოდა, რაც დასავლეთმა შეიძლება გააკეთოს. უკრაინის დახმარება არ უნდა შეწყდეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს და მეტიც, კარგა ხნის წინ უნდა გაგვეძლიერებინა. „არანაირი მოლაპარაკებები ტერორისტებთან“ - ეს რუსეთზეც ვრცელდება, კრემლში მოკალათებულ ტერორისტებზე.
რადიო თავისუფლება: კარგით, მოდით ჩავთვალოთ, რომ მართლაც ისე მოხდა, როგორც თქვენ გსურთ - დასავლეთი არ წამოეგო პუტინის ბლეფს. მაშინ რა ხდება - ამ შემთხვევაში რა გზა რჩება პუტინს?
იაკუბ კალენსკი: ვფიქრობ, იმაზე კონცენტრირების ნაცვლად, თუ რას ჩაიდენს პუტინი, სჯობს, ფოკუსი იყოს იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. და ფაქტია, რომ ბოლო 15 წელია, 2008 წლის საქართველოს მოვლენებიდან მოყოლებული, გაგრძელებული ყირიმით, დონბასით და დღევანდელი აგრესიით - მთელი ამ ხნის განმავლობაში საკმარისს არ ვაკეთებდით, კრემლიდან მომავალ საფრთხეს სათანადოდ სერიოზულად არ ვაფასებდით და რეაგირება დავაგვიანეთ. უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ რუსეთს არ ჰქონოდა საკმარისი შესაძლებლობა, რესურსები იმისთვის, რომ აგრესია გაებედა. იმიტომ რომ, როგორც ვხედავთ, თუ რუსები რესურსებს მოაქუჩებენ, შემდეგ კლავენ უდანაშაულო ხალხს, ორსულ ქალებს, აუპატიურებენ ბავშვებს და ასე შემდეგ. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰყავდეს არმია, და არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკა, რომელიც სხვაზე თავდასხმის შესაძლებლობას მისცემს - აი, ამაზე უნდა ვმუშაობდეთ, იმის ნაცვლად რომ ვცდილობდეთ გამოვიცნოთ, რას მოიმოქმედებს ბატონი პუტინი.
„შესაძლოა, პუტინსაც შერჩენოდა ის, რაც საქართველოში, ყირიმში და სირიაში ჩაიდინა, რომ არა ის, რაც 24 თებერვალს წამოიწყო უკრაინაში.“
რადიო თავისუფლება: რასაც თქვენ აღწერთ, ფაქტობრივად დღევანდელი რუსული სახელმწიფოს კოლაფსს უდრის - უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსეთს ნულოვანი სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, თუ არა, ვინმეს დაესხმება თავს, სამეზობლოში იქნება ეს თუ სადმე სხვაგან.
იაკუბ კალენსკი: სამწუხაროდ, სწორედ ამის მომსწრენი ვართ დღეს. უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსეთს არც ენერგია შერჩეს და არც რესურსები კონფრონტაციისთვის. რუსეთი კარგა ხნის წინ უნდა მოგვეკვეთა მსოფლიო ეკონომიკიდან - და სირცხვილია, რომ დღესაც კი არ ვაკეთებთ ამას. სირცხვილია, რომ დემოკრატიული სამყარო, სამყარო, რომელიც უნდა იცავდეს დემოკრატიას, თავისუფლებას. ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, უფლებას აძლევს კრემლს ფეხქვეშ გათელოს ყველა ეს ღირებულება და საკმარისად არ ეხმარება იმ გმირ ხალხს, რომელიც ამ ღირებულებების დასაცავად იბრძვის. რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება, სხვა არაფერია, თუ არა პურისტული დაპირისპირება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, ადამიანის უფლებებსა და განუკითხაობას შორის, ეს არის დაპირისპირება, სადაც ერთ მხარეს დგას კანონის უზენაესობა, მეორე მხარეს კი მიდგომა - „ვისაც ძალა შესწევს, მართალიც ის არის“.
რადიო თავისუფლება: მაინც უნდა გკითხოთ კიდევ ერთხელ პუტინსა და მის ბირთვულ შანტაჟზე - გამოვრიცხავთ, რომ იმდენად გიჟია, რომ ადგება და მართლა გააკეთებს ამას?
იაკუბ კალენსკი: მე იმას არ ვამბობ, რომ დემოკრატიულმა სამყარომ სათანადოდ არ უნდა შეაფასოს ეს საფრთხე, თუ სანამდე შეუძლიათ შეტოპონ კრემლის კრიმინალებს, სულაც არა. მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარებისთვისაც და იმედი მაქვს, მზადაა სცენარი და გეგმები, სადაც სრულიად რუსული არმია და მათი აღჭურვილობა განადგურდება, თუ ისინი ბირთვულ დარტყმას გაბედავენ. რასაც მე ვამბობ, არის ის, რომ სანამ ეს მუქარა მუქარად რჩება, არ უნდა დავშინდეთ და არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინელების დახმარება, უკრაინელებისა, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც არის ის, რომ საკუთარ თავისუფლებას დიქტატურის წინააღმდეგ იცავენ. როგორც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სპეციალისტი, რასაც ვხედავ, არის ის, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პუტინი წარმატებით ახერხებს ჩვენს პარალიზებას ამ მუქარით. შესაბამისად, ისინი ამას არ შეწყვეტენ, ჩვენ კი მათ ანკესს არ უნდა წამოვეგოთ.
„დღეს თუ ვინმემ ნამდვილად დაიმსახურა ნატოს წევრობა, თუ ვინმემ მოიპოვა იქ ადგილი, ეს სწორედ უკრაინაა.“
რადიო თავისუფლება: იმავე დღეს, როდესაც რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმების „შედეგები“ გამოაცხადა, კიევმა ნატოს წევრობაზე შეიტანა განაცხადი. ერთი შეხედვით, ეს დიდებული შანსია დასავლეთისთვის, უკრაინის გვერდში დადგეს - როგორ გგონიათ, როგორ ხვდებიან უკრაინის განაცხადს დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში?
იაკუბ კალენსკი: უკრაინას წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე, რომელიც იოლი არ მგონია აღმოჩნდეს. მე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის მოქალაქე, ბევრად უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდი თავს, თუ ნატოს წევრი გახდებოდა ქვეყანა, რომლის არმია ყოველდღე ამტკიცებს, რომ ძალუძს წინ აღუდგნენ ყველაზე დიდ საფრთხეს, რომლის წინაშეც ევროპა დადგა ჰიტლერის დროიდან მოყოლებული. მათი საბრძოლო უნარები უზარმაზარი უპირატესობა იქნებოდა მთელი ალიანსისთვის. ამას გარდა, ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის - მის დამფუძნებელ დოკუმენტებში წერია რომ ის იცავს დემოკრატიას, ადამიანს უფლებებს, კანონის უზენაესობას - უკრაინელები კი ის ხალხია, ვისი სიცოცხლეც ყოველდღიურად სწორად ამ ღირებულებების დაცვას ეწირება. და ეს დღეს, გუშინ და თუნდაც თებერვალში არ დაწყებულა - 14 წელიწადია ასეა. იბრძვიან ღირებულებებისთვის, რომლებიც ჩვენ, ევროპაში, ციდან ბოძებულად მიგვაჩნია, დაგვავიწყდა, რომ მათი დაცვაა საჭირო. ასე რომ დღეს თუ ვინმემ ნამდვილად დაიმსახურა ნატოს წევრობა, თუ ვინმემ მოიპოვა იქ ადგილი, ეს სწორედ უკრაინაა.
რადიო თავისუფლება: ჰიტლერი ახსენეთ და, ბევრმა გაავლო პარალელები მასსა და პუტინის ბოლო სიტყვას შორის, ანგლო-საქსებთან „დიდ ბრძოლაზე“. მეორე პოპულარული პარალელი იყო სტალინთან. რას გვეუბნება ეს ყველაფერი, სტრატეგიული კომუნიკაციების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ?
იაკუბ კალენსკი: დიქტატორები, როგორც წესი, წინამორბედი დიქტატორებისგან არიან შთაგონებულნი. პუტინს გუშინ არ დაუწყია ჰიტლერისთვის ჩვეული სიტყვებით გამოსვლა და იმის მტკიცება, რომ უკრაინა ერი არ არის, უკრაინელები ხალხი არ არიან, გულისამრევი შედარება ხალხური სიმღერიდან - „მოითმინე, ჩემო ლამაზო“. ეს პირდაპირ ჰიტლერის „უბის წიგნაკიდანაა“. რაც შეეხება სტალინს, დამთხვევა არაა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა ჩაიგდო ძალაუფლების სადავეები ხელში, სტალინის პოპულარობა განუხრელად იზრდება. გამოკითხვების მიხედვით, ის ყველაზე პოპულარული რუსია, არადა, ქართველია, თუმცა არა მგონია, თქვენ დიდად ამაყობდეთ მისით. აქ მარტივი ჯაჭვია - თუ გენოციდის ჩადენას გეგმავ, ჯერ წარსულში ჩადენილ გენოციდები უნდა „გარეცხო“ და გაამართლო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დასავლეთში ცოტა უფრო ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით, მარტივი დასკვნები გაგვეკეთებინა, როდესაც ამ კაცმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინა და გამოგვიცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაცემა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. ეს იმას მოასწავებდა, რომ იგივე დანაშაულების ჩადენას გეგმავდა, რისი მომსწრენიც გავხდით კიდეც.
„70 წელიწადია მშვიდობა გვაქვს ევროპის კონტინენტზე და ეს დიდებული რამეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამან გაგვაზარმაცა“
რადიო თავისუფლება: მოდით, ვცადოთ მოვლენების მისი თვალით დანახვა - ის ალბათ ფიქრობს, რომ ამ ახალი ტერიტორიების ანექსია დიდი წარმატებაა. რადგან თუ მისი მიზანია „ იმპერია გავაფართოვო, რადაც არ უნდა დამიჯდეს“, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მეტ მიწას აკონტროლებს, ვიდრე 24 თებერვლამდე აკონტროლებდა, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის. აქ ისმის ალბათ ნახევრად რიტორიკული კითხვა - ასეთი ტლანქი ტაქტიკა დღეს, 21 საუკუნეში რატომაა ასე ეფექტური? ეს ხომ ანტიკური დრო არაა, არც ძველი რომი, არც შუა საუკუნეების მეომარი სამეფოები - 21-ე საუკუნეში ვართ, და მაინც მუშაობს. როგორ?
იაკუბ კალენსკი: სწორი შეფასებაა. სწორედ ეს ამოძრავებს პუტინს - 100 წლის შემდეგ ისტორიის წიგნებში როგორ გამიხსენებენ? როგორც მმართველს, რომელმაც ყირიმი დაიბრუნა? ეს ალბათ მისი ამბიციების უკიდურესი მინიმუმია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ არც ამას შევარჩენთ. საერთოდ არ ანაღვლებს, რას ამბობენ და ფიქრობენ მასზე დასავლეთში. ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ის თვლიდა, რომ მისი ტაქტიკა - აგრესია და დაშინება, წაუგებელი პარტია იყო, და ახლაღა აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, გადაამლაშა და ზედმეტს წაეპოტინა. აქაც იკვეთება პარალელები ჰიტლერთან, 41 წელს ჰიტლერს რომ არ დაეწყო ომი, შესაძლოა, მანამდე ჩადენილი უმსგავსობები შერჩენოდა. ანალოგიურად, შესაძლოა, პუტინსაც შერჩენოდა ის, რაც საქართველოში, ყირიმში და სირიაში ჩაიდინა, რომ არა ის, რაც 24 თებერვალს წამოიწყო უკრაინაში.
„კადიროვის გენერლობა ცხენის სენატორად დანიშვნამდე ვერ მივა, მაგრამ ბევრიც არაფერი უკლია. შეიძლება ეს შემდეგ ჯერზე გააკეთოს და დათვი დანიშნოს დუმის დეპუტატად, ან გაეროში გაუშვას ელჩად.“
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, შეიძლება ესეც შერჩეს?
იაკუბ კალენსკი: სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ვერც უარვყოფ, რადგან აქამდე ყოველთვის ახერხებდა თავის დაძვრენას, რაც არ უნდა ჩაედინა. თქვენ მკითხეთ, როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ეს ხდებოდეს? სრულიად ვეთანხმები ამ კითხვის პათოსს. და ვფიქრობ, ამ შეკითხვას ჩვენს ლიდერებს უნდა ვუსვამდეთ, მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ვთქვით - არასოდეს, და როგორ მოხდა რომ ჩვენს თვალწინ მსგავსი მეორდება? ერთადერთი, რითაც ეს შეიძლება ავხსნა, არის ის, რომ დაგვავიწყდა, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას დაცვა უნდა. და თუ ვინმე ომით გვემუქრება, ომითვე უნდა დაშოშმინდეს. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა აგრესორს მხოლოდ ათამამებს. 70 წელიწადია მშვიდობა გვაქვს ევროპის კონტინენტზე და ეს დიდებული რამეა, განა ვწუწუნებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამან გაგვაზარმაცა, დაგვავიწყა, რომ მტრისგან თავი უნდა დაიცვა, დანებების ნაცვლად.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ისტორიის სახელმძღვანელოებს - რამზან კადიროვის გენერლად დანიშნვა მხოლოდ აბსოლუტისტ მონარქს თუ მოუვიდოდა თავში. გამოდის, პუტინი უკვე გახდა ცარი, უბრალოდ, არაოფიციალურად?
იაკუბ კალენსკი: ეს ცხენის სენატორად დანიშვნამდე ვერ მივა, მაგრამ ბევრიც არაფერი უკლია. შეიძლება ეს შემდეგ ჯერზე გააკეთოს და დათვი დანიშნოს დუმის დეპუტატად, ან გაეროში გაუშვას ელჩად. უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ, პუტინი უკვე იმდენი ხანია ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ ტოტალიტარულ რეალობაში, რომ მისგან აღარაფერი უნდა გვიკვირდეს.