„უკრენერგოს“ თანახმად, სარაკეტო იერიში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული

აფეთქების შედეგები ლვოვში

კომპანია „უკრენერგო“ რუსეთის მიერ 10 ოქტომბერს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო მოქალაქეებს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ აფრთხილებს.

"უკრენერგოს" შეფასებით, სარაკეტო თავდასხმა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

კომპანიის თანახმად, ამჟამად იყენებენ კვების სარეზერვო სქემებს და დაზიანებებს არემონტებენ.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დღევანდელ თავდასხმებს ორი სამიზნე აქვს - ენერგოობიექტები და ადამიანები.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ზელენსკი: რუსეთს ორი სამიზნე აქვს - ენერგოობიექტები და ხალხი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ 10 ოქტომბერს რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს, რომლიდანაც 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ ზალუჟნი: რუსეთმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლა, 41 - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო

რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.