რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა საკითხის არასწორად დაყენება უწოდა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამო, ბირთვული დოქტრინის შესაძლო ამოქმედებას. პესკოვს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „რია ნოვოსტი“-მ ჰკითხა, ექცევა თუ არა ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტი ბირთვული დოქტრინის ქვეშ. „არა. საკითხი საერთოდ არასწორადაა დასმული“, - უპასუხა პესკოვმა.
დოქტრინის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია "რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებზე მოწინააღმდეგის ზემოქმედებისას, თუ მწყობრიდან მათი გამოყვანა გამოიწვევს ბირთვული ძალების საპასუხო ქმედებების ჩაშლას".
დღეს, 10 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ ბირთვული დოქტრინის ამოქმედების საკითხი. სხდომის წინ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ "დანაშაულის დამკვეთი და შემსრულებელია არშემდგარი სახელმწიფო, უკრაინა, ტერორისტული აქტი და დივერსია ჩადენილია კიევის კრიმინალური რეჟიმის მიერ" და "რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შესაძლოა, იყოს მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება".
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.
ასევე ნახეთ ყირიმის ხიდის აფეთქება პუტინს ძლიერად დაარტყამს - ბრიტანული დაზვერვა9 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტრიკინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტერაქტი მიმართული იყო რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დანგრევისკენ და ტერაქტის ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები არიან უკრაინის სპეცსამსახურები.
ბასტრიკინის თანახმად, დადგენილია სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტი: "ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე". თუ ყირიმის ხიდზე აფეთქებამდე ავტომობილი ზუსტად ამ თანმიმდევრობით გადაადგილდებოდა, გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა სომხეთიდან პირდაპირ რუსეთში - ჩრდილოეთ ოსეთში, რადგან ისინი ერთმანეთს არ ესაზღვრებიან. ბასტრიკინის მტკიცებით, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილები და ასევე, პირები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ.
პრეზიდენტ პუტინის განცხადებას, რომ ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, "რუსეთისთვისაც კი ცინიკური" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მან 9 ოქტომბერს, ტვიტერზე დაწერა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანზე რუსეთის სარაკეტო დარტყმით, მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის შესახებ და განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ტერორისტი სახელმწიფო და მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ის.