ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. 6 ოქტომბერს ნიუ-იორკში, დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ პირველად არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი საფრთხე, თუ ყველაფერი ისევ ამ გზით გაგრძელდება. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ყოფილან კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის დროიდან.
აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა 1962 წლის კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, ბირთვული ომი გამოეწვია. ეს მოვლენები ცნობილია კარიბის კრიზისის სახელითაც. აშშ-ის მიერ თურქეთში საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსების პასუხად, საბჭოთა კავშირმა კუბაზე განათავსა სამხედრო ქვედანაყოფები, რომელთა არსენალში იყო ბირთვული იარაღიც.
უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობების ფონზე პრეზიდენტმა პუტინმა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი თავს დაიცავს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ამ საშუალებებს შორის ბირთვული იარაღიცაა.
ასევე ნახეთ პუტინი დასავლეთს "ყველა საშუალებით" ემუქრება: "ეს არ არის ბლეფი"პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს, რადგან მისი არმია მნიშვნელოვნად ჩამორჩენილია. „არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა იოლად გამოიყენო ტაქტიკური ბირთვული იარაღი და არმაგედონით არ დაასრულო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ვაშინგტონი დიპლომატიურ გზებს ეძებს და ცდილობს გაარკვიოს, რა არის პუტინისთვის ისეთი გამოსავალი, რომ არც სახე დაკარგოს და არც მნიშვნელოვანი ძალაუფლება რუსეთში.
ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის ამ გამოსვლამდე ორი დღით ადრე, 4 ოქტომბერს, თეთრ სახლსა და პენტაგონში განაცხადეს, რომ არ აქვთ იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ან მის სიახლოვეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.
ასევე ნახეთ აპოკალიფსი არ იქნება - რუსული „ბირთვული მატარებლის“ საიდუმლოება