Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპოკალიფსი არ იქნება - რუსული „ბირთვული მატარებლის“ საიდუმლოება


„ბირთვული მატარებელი“ სერგიევ პოსადში. ტელეგრამარხ „რიბარის“ ფოტოს ფრაგმენტი
„ბირთვული მატარებელი“ სერგიევ პოსადში. ტელეგრამარხ „რიბარის“ ფოტოს ფრაგმენტი

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომელი სამხედრო ნაწილიდან მიდიოდა რკინიგზის მატარებელი, რომელმაც მსოფლიო ააღელვა, და რომელიც ვიდეოზე გადაიღეს და დასავლურმა მედიამ იოლად უწოდა „ბირთვული მატარებელი“.

ეს არის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი ბაზა, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვული იარაღის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის. ამ ნაწილში, მკაცრი გასაიდუმლოების რეჟიმის საფარქვეშ, მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა მრავალმილიონიანი მიტაცება, საიდანაც მიღებული „შემოსავალი“ საზღვარგარეთ გადიოდა. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ ვიდეოში მატარებლის გამოჩენა არ უნდა იყოს შემთხვევითი - თუმცა ეს არ შეიძლება იმაზე მინიშნებად გავიგოთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღის გამოყენება განიზრახა.

რა მოხდა?

კვირას, 2 ოქტომბერს, ტელეგრამის პრორუსულმა არხმა "რიბარმა" გამოაქვეყნა ვიდეო და ფოტო, რომელიც ასე იყო დასათაურებული: "კიდევ ერთი მატარებელი სამხედრო აღჭურვილობით, რომელიც ფრონტზე მიდის სადღაც ცენტრალურ რუსეთში რკინიგზით". არხის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მატარებელს გადაჰყავს KamAZ-43269 ჯავშანმანქანები - „ვისტრელი“, რომელიც აღჭურვილია საბრძოლო მოდულით, „სპიცით“, 30 მმ-იანი ქვემეხითა და ავტომატური ყუმბარმტყორცნით.

მართლაც, შემადგენლობას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ "ჩვეულებრივი": დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ „სპიცის“ კომპლექსებს დღემდე მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველო იყენებდა. ამას მოჰყვა დასავლური პრესის მიერ ატაცებული მემი "ბირთვული მატარებლის" შესახებ, რომელიც "პუტინმა გაგზავნა უკრაინაში".

სად გადაიღეს ვიდეო?

მატარებლის ვიდეოსა და ფოტოს გამოჩენიდან მალევე, ტვიტერის მომხმარებელმა @Bazinga00264477-მა დაადგინა, რომ გადაღებული იყო მოსკოვის რეგიონის ქალაქ სერგიევ პოსადში (ზუსტი კოორდინატები).

საიდან მოდიოდა მატარებელი?

Wikimapia სერვისის გამოყენებით, რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სარკინიგზო ხაზს, რომელსაც მატარებელი მიჰყვებოდა, მხოლოდ რამდენიმე განშტოება ჰქონდა იმ წერტილამდე, სადაც მატარებელი იყო დაფიქსირებული ვიდეოზე. ეს არის სამოქალაქო საწარმოები და მხოლოდ ერთი განშტოება იღებს სათავეს სამხედროებთან. ეს არის 14118-ე სამხედრო ნაწილი სოფელ აბრამოვოსთან. მატარებელი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. 14118-ე ნაწილი, როგორც ღია წყაროებიდან ჩანს, ნამდვილად ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატს, თუმცა ის არ არის ნახსენები, როგორც ბირთვული იარაღის შესანახი ადგილი (ე.წ. „C“ ობიექტები, რომელთა მსგავსი საბჭოთა კავშირში 100-ზე მეტი იყო.).

მარცხნივ, წითელ კვადრატი აღნიშნავს ადგილს, სადაც "ბირთვული მატარებელი" გადაღებულით ვიდეოზე. წითელი ოთხკუთხედი - 14118-ე სამხედრო ნაწილი, საიდანაც მოდიოდა მატარებელი.
მარცხნივ, წითელ კვადრატი აღნიშნავს ადგილს, სადაც "ბირთვული მატარებელი" გადაღებულით ვიდეოზე. წითელი ოთხკუთხედი - 14118-ე სამხედრო ნაწილი, საიდანაც მოდიოდა მატარებელი.

საით მიდიოდა მატარებელი?

ნატოს შეიარაღების კონტროლის, განიარაღებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის ყოფილი დირექტორი უილიამ ალბერკი, თავის მხრივ, თვლის, რომ სამხედრო ტექნიკა შეიძლება მიემართებოდა „გრომის“ სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ტარდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ალბერკი ასევე აღნიშნავს, რომ 14118-ე სამხედრო ნაწილის მახლობლად არ არის ბირთვული იარაღის შენახვის ცნობილი ადგილები. 14118 სამხედრო ნაწილის სამხრეთით არის თავდაცვის სამინისტროსმე-12 მთავარი სამმართველოს სასწავლო-ტაქტიკური ცენტრი - განყოფილებაში რკინიგზის ხაზი ყველაზე ახლოს არის მასთან, შემდეგ სასწავლო ცენტრამდე - რამდენიმე კილომეტრში ასფალტის გზის გასწვრივ. თეორიულად, მატარებელზე არსებული ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლებოდა ადრე იქ ყოფილიყო განთავსებული.

რა დანიშნულებისაა 14118-ე სამხედრო ნაწილი?

სინამდვილეში, სამხედრო ნაწილი, საიდანაც "ბირთვული მატარებელი" წამოვიდა, არის ჩვეულებრივი და, ამავე დროს, შედარებით მცირე ბაზა, რომელსაც აღჭურვილობის შესანახად და სარკინიგზო ვაგონების სადგომად იყენებენ (და რაღაც მომენტში გამოიყენებოდა ჩვეულებრივი რკინიგზის სამგზავრო ვაგონების სადგომად).

თუმცა საინტერესოა, რომ იურიდიული პირების „Kontur.Fokus“-ისა და „Spark Interfax“-ის მონაცემთა ბაზების მიხედვით, 14118-მა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა 2009 წლის ნოემბერში და მისი მემკვიდრე გახდა 31610-ე ნაწილი - მოსკოვის ოლქის მე-12 მთავარი სამმართველოს ცენტრალური საბინაო-კომუნალური სამმართველო". სახელმწიფო შესყიდვების უწყების მონაცემებით, მისი სრული სახელწოდებაა „სამხედრო ქვედანაყოფი 31610-ც, სამხედრო დასახლება No.383, მოსკოვის ოლქი , სერგიევ პოსად-7“, თუმცა წინა რიცხვი ჯერ კიდევ გვხვდება დოკუმენტებსა და სასამართლო საბუთებში.

როგორც სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“ სამხედრო ნაწილის ჯგუფიდან ირკვევა, 2004 წელს ის ჯერ კიდევ შედგებოდა უსაფრთხოების, სახანძრო და საავტომობილო ასეულებისგან. მოგვიანებით კომენტარებში მოხსენიებულია მომარაგების ასეული. ის, რომ დანაყოფის საქმიანობა ავტოფარეხის მომსახურებაზე, ასევე დასტურდება დანაყოფის სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებით (უმეტესად ეს არის მასალები მანქანის მომსახურებისთვის), ასევე ჩანს ამ ჯგუფში შემავალი სამხედროების ფოტოებიდან, რომლებიც აქ მსახურობდნენ. მაგალითად, ამ სურათებში და Yandex-ისა და Google-ის სატელიტურ რუკებზე 14118 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე (31610-C), ჩანს იგივე KamAZ სამხედრო სატვირთო მანქანები, როგორც ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.

10 წლის შემდეგ, 2014 წელს, ამ ქვედანაყოფის კიდევ ერთმა სამხედრომ ასე უპასუხა შეკითხვას, თუ რა საქმიანობა მოუწევთ წვევამდელებს სამსახურის განმავლობაში: „ხანდახან „კამაზით“ მგზავრობა, მაგრამ ძირითადად საგუშაგოზე დგომა და ნაწილის მთავარი მოედნის დაგვა“. „ვკონტაქტეში“ გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, სამხედროებს დრო ბევრი სხვა საქმისთვისაც ჰქონდათ : ერთ-ერთმა მათგანმა, მაგალითად, სამხედრო ფორმაზე ამოქარგული „რუსეთის შეიარაღებული ძალები“ გადააკეთა წარწერად: „რუსეთს აღარ აქვს ძალები“.

იმაზე, არის თუ არა ეს ნაწილი პირდაპირ კავშირში ბირთვულ იარაღთან, ირიბად მიუთითებს მხოლოდ Wikimapia-ს მომხმარებლის კომენტარი: ის წერს, რომ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი შენობა, „საწყობი No9“ ოდესღაც გამოიყენებოდა „საზღვაო კონტეინერების შესანახად სპეციალური პროდუქტებისთვის“.

14118-ე და 31610-ე ნაწილების მიერ გაფორმებული სახელმწიფო კონტრაქტები თანხების მხრივ მოკრძალებულია და არ შეიცავს რაიმე მითითებას საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ბირთვული იარაღის შენახვასთან ან მოვლასთან.

სოციალურ ქსელებში, არცერთ ფორუმზე, სადაც განყოფილების ყოფილი სამხედროები ურთიერთობენ, არ არის ნახსენები რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის საშუალებები. თუმცა, იმ სამხედრო ნაწილის მოკრძალებული „მადა“, საიდანაც „ბირთვული მატარებელი“ გავიდა, მსოფლიო მედიაში აჟიოტაჟი რომ გამოიწვია, შეიძლება ტყუილი იყოს: ეს დანაყოფი რამდენჯერმე გახდა ძალოვანი უწყებების ყურადღების ობიექტი. მრავალმილიონიანი მიტაცების შემთხვევების გამო, მათ შორის „უშიშროების ფედერალური სამსახურის“ მფარველობის ქვეშ.

დასვენება მალდივის კუნძულებზე თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე

მოსკოვის ოლქის მე-12 მთავარი სამმართველოს 14118-ე სამხედრო ნაწილი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში სამჯერ აღმოჩნდა ძირითადი კორუფციული სკანდალების ცენტრში.

2020 წლის დასაწყისში სამხედრო საგამოძიებო სამმართველომ მოხსენება მოამზადა ნაწილის ყოფილი მთავარი ბუღალტრის, ოლეგ სობოლევისა და მისი ორი მოადგილის წინააღმდეგ გამოძიების დასრულების შესახებ. გამომძიებლების თქმით, 2010 წლიდან 2014 წლამდე მათ ჩაიდინეს თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით - რეგულარულად უგზავნიდნენ ყალბ ფინანსურ დოკუმენტებს ბანკებს, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტრომ გადარიცხა სულ 353 მილიონი რუბლი. ამ თანხების მიტაცება ხდებოდა შემდგომ ცრუმაგიერი პირის მეშვეობით. ამავდროულად, საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამოცემა PASMI-ს განუცხადა, რომ რეალურად თანხების მითვისების სქემა ორგანიზებული იყო არა სერგიევ პოსადთან ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილში, არამედ უფრო მაღალ დონეზე.

2009 წელს თავდაცვის სამინისტროს შიგნით შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა, სამხედრო ნაწილი 22280, რომელსაც მიანიჭეს ფართო ფინანსური უფლებამოსილებები და განკუთვნილია სპეციალური სამხედრო პროექტების დასაფინანსებლად: ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური, დაკავშირებული სამხედრო დაზვერვასთან და სხვა.

ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობამ შექმნა მარტივი თაღლითური სქემა. 14118-ე სამხედრო ნაწილის ყოფილი ბუღალტრის თქმით: დამატებითი თანხები ეგზავნებოდა საიდუმლო სამხედრო ნაწილს, მაგალითად, თანამშრომლების დასაჯილდოებლად. შემდეგ თანხა გამოჰქონდათ ცრუმაგიერი პირების მეშვეობით. ძნელი იყო დამატებითი ხარჯების კანონიერების გადამოწმება - სწორედ დანაყოფის ფარული საქმიანობის გამო.

თავდაპირველად ამ სქემისთვის გამოიყენებოდა თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სამხედრო ბიოლოგიით იყო დაკავებული. მაგრამ 2011 წლის შემდეგ გადაწყდა 14118-ე სამხედრო ნაწილის ამ მიზნით გამოყენება. თაღლითური სქემა საკმაოდ მარტივი იყო: 22280-ე სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით, 14118-ე ნაწილის ბუღალტერი ფულს უხდიდა „შტატგარეშე თანამშრომლებს“, რომლებიც არაფრით იყვნენ დაკავშირებული სამხედრო ნაწილთან. ფული მათ პირად ბარათებზე ირიცხებოდა, რისთვისაც „მკვდარი სულები“ სპეციალურად 1C სისტემაშიც შეჰყავდათ.

ვლადიმერ პუტინი და ანატოლი სერდიუკოვი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი 2011 წელს და რუსეთის არმიაში კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო
ვლადიმერ პუტინი და ანატოლი სერდიუკოვი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი 2011 წელს და რუსეთის არმიაში კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო

შტატგარეშე თანამშრომლებისთვის პრემიები შეადგენდა მილიონობით რუბლს, ხოლო განყოფილების მთავარი ბუღალტერი, ოლეგ სობოლევი, უსაჩუქროდ არ დარჩენილა - იმავე ბრძანებით მას ასევე უწერდნენ პრემიებს. 14118-ე ნაწილის წლიური ფინანსური ხარჯი 2011 წლამდე შეადგენდა 4-5 მილიონ რუბლს და გაიზარდა დაახლოებით 15 მილიონ რუბლამდე წელიწადში - ამ ყველაფერს აფინანსებდა იგივე 22280-ე სამხედრო ნაწილი.

წყარომ PASMI-ს მიაწოდა შესაბამისი ბრძანებების ასლები, რომელთა ორიგინალები გამოძიების დროს დაიკარგა. საბოლოოდ, საქმის გამო 22280-ე სამხედრო ნაწილში არავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. საქმეში გაიყვანეს მხოლოდ 14118-ე, „ბირთვული“ სამხედრო ნაწილის და მიკრობიოლოგიური 48-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ბუღალტრები. 14118-ე ნაწილის განყოფილების ყოფილ მთავარ ბუღალტერს, ოლეგ სობოლევს, ტამბოვში დაუპატიმრეს ოროთახიანი ბინა, სერგიევ პოსადში ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსის მიწისქვეშა პარკინგის ორი ადგილი და 40 მილიონი რუბლის ღირებულების საკოლექციო ავტომობილი BMW. კორუფციის სხვა შემთხვევა ეხება 2015-2017 წლებს, და ამ საქმეში 14118-ე სამხედრო ნაწილი დაზარალებულად გამოდის: ნაწილის შენობების რემონტისთვის გამოყოფილი იყო 150 მილიონი რუბლი, არადა შენობებს ჩაუტარდა მხოლოდ დაბალი ხარისხის კოსმეტიკური შეკეთების სამუშაოები, რომელიც რამდენიმე წლით გაგრძელდა დაგეგმილი რამდენიმე თვის ნაცვლად.

14118-ე სამხედრო ნაწილი: ყაზარმაში შესასვლელი რემონტის დროს (ფოტო საიტიდან: kopeika.org и pasmi.ru), მომსახურების ნაწილში შესასვლელი (Google Street View)
14118-ე სამხედრო ნაწილი: ყაზარმაში შესასვლელი რემონტის დროს (ფოტო საიტიდან: kopeika.org и pasmi.ru), მომსახურების ნაწილში შესასვლელი (Google Street View)

ამ რემონტის საქმის გარდა არის თაღლითობის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ამავე, 14118-ე ნაწილს უკავშირდება. სხვა საქმეების ფონზე ეს შემთხვევა ტრივიალურიც კი ჩანს. 2013 წელს საწვავის და საპოხი მასალებისთვის პასუხისმგებელმა მაიორმა დაარწმუნა მეთაურები, რომ საჭირო იყო 8 ტონა გამზავებლის შეკვეთა. ფული გადაირიცხა, საქონელი კი მაიორმა თვითონ გამოიტანა მომწოდებლისგან და 300 ათასი რუბლის ოდენობის ქიმიკატი უგზო-უკვლოდ გაქრა. მაიორი აპირებდა მის ჩამოწერას, როგორც დახარჯულის.

„უმიზეზოდ ასეთი მატარებლები არ მიდი-მოდიან“.

მიუხედავად იმისა, რომ „ბირთვულ მატარებელზე“, რომელიც სერგიევ პოსადიდან გავიდა, არ იყო ბირთვული ქობინები და რაკეტები, რადიო თავისუფლებას ექსპერტები უმტკიცებენ, რომ ასეთი მატარებლის გადაადგილება შემთხვევითი არ არის.

კონრად მუზიკა, დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი, რომელმაც პირველმა შენიშნა მატარებლის კავშირი მე-12 მთავარ სამმართველოსთან, უარყოფს ვერსიას, რომ 14118-ე სამხედრო ნაწილიდან შეიძლება სამხედრო ტექნიკა უკრაინაში გადაჰქონდათ რუსეთის სახმელეთო ძალების გასაძლიერებლად, რომელმაც უკრაინის არმიის კონტრიერიშის შედეგად დანაკარგი ნახა. „არა მგონია, უკრაინისთვის გაეწირათ ისეთი აღჭურვილობა, რომელიც ეკუთვნის სპეციალიზებულ, მოსკოვის ოლქის მთავარი სამმართველოს მე-12 ქვედანაყოფს. განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთი ღიად თამაშობს „ბირთვულ ბანქოს“. ჩემი აზრით, ამ თემის გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება საიმისოდ, რომ ეს მხოლოდ დამთხვევად ჩაითვალოს“, - ამბობს მუზიკა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ვლადიმირ პუტინმა მართლაც არაერთხელ ახსენა ბირთვული იარაღი. ბოლოს მან ეს გააკეთა აშშ-ის მიერ მსოფლიო ომის ბოლოს ჰიროშიმისა და ნაგასაკის შესახებ საუბრისას, როცა ფედერალური კრების წევრებს მიმართა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით. ამ ანექსიასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა შიში, რომ რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს მინიმუმ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, რათა ახლა უკვე „საკუთარი“ ტერიტორიები შეინარჩუნოს. არ ჩამორჩებიან დასავლელი პოლიტიკოსებიც, რომლებიც გამოდიან მოწოდებით, სერიოზულად მივიღოთ მოსკოვის ბირთვული მუქარა.

საბჭოთა-რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95MS გამარჯვების აღლუმის რეპეტიციაზე მოსკოვში, 2022 წლის 4 მაისი.
საბჭოთა-რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95MS გამარჯვების აღლუმის რეპეტიციაზე მოსკოვში, 2022 წლის 4 მაისი.

ხოლო პაველ პოდვიგი, მასობრივი განადგურების იარაღის მკვლევარი, რუსული ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი, ეჭვობს, რომ ნანახი ტრანსპორტი "ბირთვული მატარებელია" და, მით უმეტეს, მისი მოძრაობა ბირთვული იარაღით რაიმე სახის მოქმედების მომზადებაზე მიუთითებდეს.

4 ოქტომბერს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს რამდენიმე კითხვას „ბირთვული მატარებლის“ შესახებ ჟურნალისტებისთვის გამართულ რეგულარულ ბრიფინგზე. მათ უარი თქვეს ჭორების დადასტურებაზე, რომ უკრაინისკენ მიმავალ მატარებელში ტაქტიკური ბირთვული იარაღი იყო, მაგრამ აღნიშნეს, რომ პენტაგონმა „შეამჩნია“ ვლადიმირ პუტინი, რომელიც „[ბირთვულ] იარაღს აჟღარუნებს“.

XS
SM
MD
LG