ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს, პრაღის შემდეგ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, მოლდოვა უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პირველი სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა. ხვალ კი, 7 ოქტომბერს, პრაღაში გაიმართება ევროკავშირის არაფორმალური სამიტი, რომლის დღის წესრიგშია რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირის წინაშე მდგარი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევები.
სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს. პაკეტი მოიცავს ნავთობის დადგენილ ზღვრულ ფასზე ძვირად ტრანსპორტირების აკრძალვას, ასევე შეზღუდვას ფოლადის ნაწარმის, პლასტმასის და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტოსაფულის“ გამოყენება.