კლინიკა "ვივამედში", სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, ვერ ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ კლინიკის დატოვების შემდეგ თქვა, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
"პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში. ამ შევარდნამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ე.წ. კრიზი, მათ შორის წნევის ცვალებადობა. ის გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა, დაუძახეს ექიმს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის თანახმად, სააკაშვილმა დააფიქსირა, რომ არ სურდა ჩვენების მიცემა.
"როდესაც შევედით პალატაში სასამართლოს შეკითხვაზე, აძლევდა თუ არა ჩვენებას, სააკაშვილმა განმარტა, "თქვენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს", არც ექიმთან კონსულტაციამდე და არც მისი კონსულტაციის შემდეგო. მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, დაფიქსირდა, რომ სააკაშვილს არ სურს ჩვენების მიცემა", - თქვა ლევან ვეფხვაძემ.
რამდენიმე თვეა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტარდება. ბოლო სხდომა, რომელზეც მან დასწრება შეძლო, 20 აპრილს გაიმართა.
ასევე ნახეთ "დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი" - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდასაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.