ცნობილია, რომელი დეპუტატები და ექსპერტები უერთდებიან "ოცნებიდან" წასულ "ოთხეულს"

მოძრაობა "ხალხის ძალა"

მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა უერთდება. ამის შესახებ მათ მოძრაობა "ხალხის ძალის" პრეზენტაციის დროს ისაუბრეს.

"თითოეული მათგანი ძალზედ დიდი შენაძენია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურ განვითარებას უკავშირდება", - თქვა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.

"ქართული ოცნებიდან" გამოყოფილ ოთხეულს უერთდებიან დეპუტატები:

  • ეკა სეფაშვილი;
  • ვიქტორ ჯაფარიძე;
  • დავით კაჭარავა;
  • დაჩი ბერაია;
  • ზაალ მიქელაძე.

სოზარ სუბარის თანახმად, "ხალხის ძალას" ასევე უერთდებიან ექსპერტები:

  • თამთა მეგრელიშვილი;
  • ზურაბ ქადაგიძე;
  • დავით ქართველიშვილი;
  • თამარ ჩიბურდანიძე;
  • ნუკრი შოშიაშვილი;
  • ოთარ ჭულუხაძე;
  • ნიკა ქობულაძე;
  • იოანე შაიშმელაშვილი.
ასევე ნახეთ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე Pos TV-ის 52 პროცენტს ყიდულობს

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.

ასევე ნახეთ სოზარ სუბარი: ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით იქ

საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.