კერძოდ, სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“ დარეგისტრირებულ ერთ-ერთ „პაბლიკში“ სახელწოდებით „ჩპ ბერზნიკი“ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ანთებენ ცეცხლს სახელმწიფოს მიერ მობილიზებული მამაკაცები ნაწილობრივ დათოვლილ მინდორში.
ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ მობილიზებულები, რომლებიც უკრაინაში გასაგზავნად ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში უნდა ჩაეყვანათ, 29 სექტემბრის დილის 8 საათზე ავტობუსებიდან დანიშნულების ადგილამდე მიყვანამდე ჩამოსვეს და ღამის გასათევად თავიანთ ბარგი-ბარხანიანად ტრიალ მინდორში დატოვეს.
ვიდეოს კომენტარების თანახმად, მობილიზებულები სვერდლოვსკის ოლქის დაბა ელანში მდებარე საერთო-საჯარისო ნაწილის სასწავლო ცენტრში ჩაიყვანეს. „იანდექსის“ ამინდის პროგნოზის თანახმად, ელანში 29 სექტემბერს დღისით ტემპერატურა +3 გრადუსს აღწევდა, ხოლო ღამით -7 გრადუსია მოსალოდნელი.
მოგვყარეს, როგორც ცხვრის ფარა
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „სიკვდილის ხეობაში“ აღმოჩენილი რამდენიმე რეზერვისტის ნათესავ ქალებს. ერთ-ერთი მათგანისგან ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვედეოს ავტორი ბერეზნიკის სამშობიარო სახლის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, დმიტრი სეკარინი ყოფილა. აი, რას ჰყვება ის ვიდეოში.
„ასეა, ბიჭებო. ჩვენ, მობილიზებული ხალხი, მინდორში მოგვიყვანეს და ჩამოგვყარეს. არაფერი [უცენზურო სიტყვას ხმარობს] აქ არ არის. ვანთებთ ცეცხლს და ვცდილობთ გავერკვეთ ამ ნეხვში... თქვენ გელაპარაკებათ მედიცინის სამსახურის თადარიგის ლეიტენანტი, რომელიც მობილიზაციით გაიწვიეს. არავინ აქ არ დაგვხვდა. შიშველ ველზე ჩვენი ჩანთებია მიმოფანტული. ავტობუსების რიგი დგას. დაგვპირდნენ, რომ ხვალ დილისთვის წაგვიყვანენ. კარავი და ქურაც კი არ მოგვცეს. არავის ადარდებს, რა უნდა ვქნათ ამ ველზე. ავტობუსი წავიდა. მშრალი ულუფა არ გვაქვს. დღიური ფული არ გვაქვს. არაფერი არ გვაქვს. მოგვყარეს, როგორც ცხვრის ფარა. ნელ-ნელა თვითვმობილიზდებით. ორგანიზებას ვუკეთებთ ჯგუფებს და ვირჩევთ უფროსებს. მორჩა“, - ჰყვება დმიტრი სეკარინი.
ერთ-ერთი მობილიზებული რეზერვისტის ნათესავმა ქალმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ადამიანები ავტობუსებიდან 19 სექტემბრის დილის 8 საათზე ჩამოსხეს ტრიალ ველზე, სადაც 60-მა ადამიანმა მოიყარა თავი, როგორც ბერეზნიკიდან, ისე სხვა ოლქებიდან. თანამოსაუბრის თქმით, „მთავარი“ სამხედრო ნაწილში რაღაც „ბეჭდების“ ჩასარტყმელად წასულა, ხოლო ამასობაში მობილიზებულებისთვის დაუბარებია, რომ მათ მინდორში თავიანთი ბარგიანად ერთად ორი დღე-ღამის განმავლობაში მოუწევდათ დარჩენა. ჩვენმა თანამოსაუბრე ქალმა ისიც დასძინა, რომ მობილიზებულებს არ მისცეს შესაძლებლობა, თავად შეეძინათ საკუთარი სამოსი - „რაც ეცვათ, იმით აიყვანეს ავტობუსებში“, ამიტომ თითქმის ნულთან მიახლოებული ტემპერატურის პირობებში ბევრი მათგანი შედარებით მსუბუქად ჩაცმული აღმოჩნდა.
გარდა ამისა, მხოლოდ პერმის მხარიდან, ელანის სასწავლო ცენტრში ყოველდღიურად მიემართება მობილიზებულებით მთლიანად სავსე 15-18 ავტობუსი. ჩვენს თანამოსაუბრეს სხვებისგან გაუგონია, რომ ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ რამდენიმე მობილიზებულს ავტობუსის გასასვლელში მთელი გზის განმავლობაში დაწოლილს მოუხდა მგზავრობა. არადა, მანძილი ბერეზნიკიდან ელანამდე დაახლოებით 700 კილომეტრია.
ველზე დარჩენილი მობილიზებული რეზერვისტების ნათესავები, როგორც სოციალური ქსელის კომენტარებიდან ჩანს, შეეცადნენ, რომ ეს ინფორმაცია სამხედრო პროკურორისა და პერმის მხარის გუბერნატორის, დმიტრი მანოხინის ყურამდე მიეტანათ, მაგრამ გუბერნატორის პრესსამსახურიდან სტანდარტული პასუხი მიიღეს.
„სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელს, რომელმაც არ დაადასტურა მსგავსი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სინამდვილესთან შეუსაბამო აღმოჩნდება, სამართალდამცველი ორგანოები უფლებამოსილი იქნებიან, რომ აღნიშნული „პაბლიკი“ პასუხისგებაში მისცენ შეიარაღებულ ძალების შესახებ ფეიკის გავრცელებისთვის“, - მოჰყავს ტელეგრამის არხ „კომერსანტ-პრიკამიეს“ მხარის გუბერნატორის პრესსამსახურის კომენტარი.
მაგრამ ხმაურის ატეხვამ მიზანს მაინც მიაღწია. 29 სექტემბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 15 საათზე, ანუ მობილიზებულთა ავტობუსებიდან მინდორში გადასხმიდან 7 საათის შემდეგ, რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ქალმა აცნობა, რომ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ მობილიზებულთა ყაზარმებში გადანაწილება დაიწყო.
მობილიზებულების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა „ტამანის“ ელიტურ დანაყოფსაც აქვს
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მობილიზებული რუსეთის მოქალაქეები სამხედრო ნაწილებში განთავსებისა და ფრონტზე გაგზავნის წინა მომზადების მხრივ არსებული პრობლემების შესახებ ჩივიან. ცნობისათვის, ბერეზნიკიდან მობილიზებულთა ნათესავები ამბობენ, რომ სამხედრო გამწვევ პუნქტებში ბიჭებს უკრაინაში გაგზავნის წინ მინიმუმ ორკვირიანი მომზადების კურსის გავლას დაჰპირდნენ.
ორი დღის წინ, 27 სექტემბერს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ერთ-ერთი მობილიზებული მამაკაცის ვიდეომიმართვა, რომლის ავტორიც აცხადებს, რომ მასთან ერთად მობილიზებულებს ოფიციალურად უთხრეს, რომ ორ დღეში ყოველგვარი მომზადების გარეშე „ხერსონში“ გაამგზავრებდნენ. ვიდეოში ნახსენებია პირველი სატანკო პოლკი. რადიო თავისუფლებამ მოახერხა დაედგინა, რომ ვიდეო გადაღებულია მოსკოვის რაიონის სოფელ კალინინეცში, საყოველთაოდ ცნობილი მე-2 გვარდიული ტამანის მოტორიზებული ქვეითი დივიზიის დისლოკაციის ადგილზე. შესაბამისად, საუბარი სწორედ ამ დანაყოფის პირველ სატანკო პოლკზე უნდა იყოს.
რადიო თავისუფლებამ შეძლო ვიდეოს ავტორთან დაკავშირება - იგი 29 წლის მოსკოველი რეზერვისტი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ვიდეომიმართვა ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, მისმა ავტორმა დაწერა, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, იმედი მაქვს, უკეთესობისკენო.
რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში აღმოაჩინა კიდევ რამდენიმე მობილიზებულის ფოტო და პოსტი, რომლებიც კალინინეცში მდებარე იმავე სამხედრო ნაწილში შექმნილ ვითარებაზე წერენ. „უკვე 3 დღეა იატაკზე გვძინავს. ყაზარმები გადატენილია. არ არის საკმარისი ლეიბები, საწოლები. არ არსებობს აღჭურვილობა. ერთი უკვე წაიყვანეს ფილტვების ანთებით. არ არსებობს დაბანისა და კბილების გამოხეხვის საშუალება. ყველას ***** ფეხებზე ვკიდივართ. არანაირი ვარჯიში და მომზადება. გვითხრეს, რომ 3 დღეში დონეცკში გაგვამგზავრებენ. ვისაც ჩაფხუტი არ აქვს, მეთაურმა ურჩია, რომ იქ [უკრაინაში] თავად ეშოვათ“, - წერს ერთ-ერთი მობილიზებული ჯარისკაცი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო "ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია" უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
21 სექტემბერსა და მომდევნო დღეებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მობულიზაციის დაწყების შემდეგ რუსეთს მასობრივად ტოვებენ გაწვევის ასაკის მამაკაცები.