ლუკაშენკას სვლა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის, იმის მიუხედავად, რომ პუტინის ერთადერთმა განუყრელმა მოკავშირემ, ბოლო თვეებში, უკრაინასთან მიმართებით, უკანონო ქმედებების ყველა თავისივე რეკორდი მოხსნა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა; თუმცა პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტები უფრო მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ.
- რისი ნიშანია ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობა?
- რა შეიძლება მოჰყვეს ამ უკანონო ქმედებას?
არ უთქვამს, მაგრამ...
სოჭში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბიჭვინთაში ჩასულს, არც საჯაროდ უთქვამს და არც მინსკის მიერ შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობებშია აღნიშნული, რომ ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას გეგმავს; მაგრამ აღიარების საფრთხე შინ თუ გარეთ დაწყებული დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტია.
ასევე ნახეთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება პუტინსა და ლუკაშენკას არ განუხილავთ, ამბობს პესკოვი„ლუკაშენკა პირველად არ ავრცელებს სიგნალს პოლიტიკის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, მან არ გამორიცხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და ასევე ყირიმის ანექსიის აღიარება, თუკი მიზანი გასაგები იქნებოდა და პუტინი ეტყოდა, რომ ეს აუცილებელია“, - წერს „ევრაზიანეტი“ ლუკაშენკას „მოულოდნელი ვიზიტის“ შესახებ. გამოცემა საგანგებოდ აღწერს ფონსაც - „რეგიონის გეოპოლიტიკურ რყევებსა“ და რუსეთის მზადებას „უკრაინის გარკვეული ნაწილების ანექსიისთვის“.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა ასევე ნახეთ ვინ არის „დესანტი“ და „გენერალი“, ვინც ლუკაშენკას ბიჭვინთაში ახლდა?საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკას ამ უკანონო ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვება, რაც, ექსპერტის შეფასებით, აუცილებელი პირობაა პუტინის სამომავლო მიზნისთვის:
„სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ამზადებენ აფხაზეთის შეთრევას ე.წ. სამეკავშირეო სახელმწიფოში (Сою́зное госуда́рство) , სადაც ახლა გაერთიანებული არიან რუსეთი და ბელარუსი. პუტინის მთავარი იდეაფიქსია რუსული იმპერიის აღდგენა რაღაც ფორმით“.
ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ასევე უხსნის, რომ პუტინი ამჟამად "ორ განზომილებაში მუშაობს: სადაც გასდის, იქ უბრალოდ იერთებს ტერიტორიებს (როგორიც არის ყირიმი და რასაც ემსახურება ბოლო პერიოდის ფსევდორეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიაზე); ხოლო მეორე განზომილებაა - სამეკავშირეო სახელმწიფოს შეკოწიწება"; და რადგან "აფხაზეთი არ არის თანახმა რუსეთთან შეერთებაზე, მას იქ ე.წ. დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსით უპირებენ შეყვანას".
მერყევი პოზიციები
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ლუკაშენკას მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახა და თანმიმდევრული არასდროს ყოფილა.
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ბელარუსის პრინციპული პოზიციაა“, - განაცხადა ლუკაშენკამ 2019 წლის აგვისტოში.
- 2019 წლის მარტში აღიარა, რომ 2008 წელს მზად იყო „ხელი მოეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე“ და ასეთი პირობა რუსეთსაც მისცა, მაგრამ შემდეგ, განზრახვაზე ხელი სანქციებთან დაკავშირებულმა საერთაშორისო მუქარამ ააღებინა.
- 2018 წლის მარტში, საქართველოში ჩამოსულმა ლუკაშენკამ, მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საერთოდ არაფერი თქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
- თუმცა ამავე ვიზიტის ფარგლებში (2018 წელს) ხელი მოეწერა "ჩარჩო ხელშეკრულებას ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ", რაც ასევე გულისხმობს სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.
ლუკაშენკა ხშირად შეახსენებდა ქართველებს, რომ ახლო წარსულში "საერთო ოჯახში, ერთ სახლში" ცხოვრობდნენ.
- 2016 წელს ლუკაშენკამ განაცხადა, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველო დაბრუნდებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ). მაშინ ჯერ არ არსებობდა ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფო.
- დსთ-ში საქართველოს მიწვევის სურვილზე ლუკაშენკა 2012 წელსაც ლაპარაკობდა და ამ ნაბიჯს „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების“ გასაღებადაც განიხილავდა.
„ბელარუსი ყოველთვის იყო აღქმული ჩვენს მიერ რისკზონად, რადგან მასზე რუსეთის მხრიდან ხორციელდება სერიოზული ზეწოლა“, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან ექსპრეზიდეტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე და იქვე აზუსტებს, რომ 2018 წელს, „ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმებაც სწორედ არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებით "რისკების შემცირების მიზანს ემსახურებოდა".
„კი, ლუკაშენკამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლით დაარღვია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან ასევე დაარღვია ორმხრივ დონეზე გაფორმებული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, - გვეუბნება ფხალაძე.
ასევე ნახეთ ევროკავშირი გმობს ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
ასევე ნახეთ აშშ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლაზე: საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია
ვალერი ჩეჩელაშვილისთვის გასაგებია, რომ "ყველაფერი საბოლოოდ უკრაინაში, ბრძოლის ველზე წყდება" და „როცა უკრაინა რუსეთს დაამარცხებს - რისიც ჩვენ გვჯერა“, რუსეთ-ბელარუსის ყველა უკანონო დოკუმენტი სრულად ანულირდება; მაგრამ ექსპერტი ამ ეტაპზეც აუცილებლად თვლის უმკაცრეს რეაგირებას ლუკაშენკას მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, რათა „შეჩერდეს მსგავსი ქმედების შესაძლო გაგრძელება სხვა სახელმწიფოების მიერ“.
ამ მხრივ ჩეჩელაშვილი გადამწყვეტად მიიჩნევს „საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მაქსიმალურ მობილიზებას“ და სწორედ ამ ჭრილში ხედავს პრობლემასაც - საერთაშორისო პარტნიორებისა თუ ინსტიტუტების მისამართით თბილისიდან, ბოლო თვეებში გაგზავნილი უარყოფითი სიგნალების ფონზე.
რეაქციები და მეტის მოთხოვნა
ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტი ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ტვიტერზე იძებნება პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრისა თუ თბილისის მერის განცხადებები. ისინი ლუკაშენკას ნაბიჯს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს ასევე ნახეთ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლის გამო საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩი დაიბარასაგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩიც დაიბარეს.
მაგრამ ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას უფრო მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ, როგორიც არის, მაგალითად: ბელარუსიდან ელჩის გამოწვევა, ბელარუსის ელჩის საქართველოდან გაძევება თუ ლუკაშენკას პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება. მაგალითად, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე საჭიროდ თვლის, რომ საქართველო შეუერთდეს რუსეთისა და ლუკაშენკას წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
თენგიზ ფხალაძის შეფასებით, თბილისმა საფუძვლიანად უნდა გადახედოს რუსეთის მიმართ დღემდე წარმოებულ "არგაღიზიანების პოლიტიკას":
„ვგმობთ რა ლუკაშენკას საქციელს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს ამ პრობლემის წყარო და საფუძველი - რუსეთის ფედერაცია და პუტინი... რაც მოხდა, პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან, არის ძალიან სერიოზულად გადასახედი. აშკარაა, რომ, რაც უფრო თავმდაბალი ვიქნებით რუსეთთან, მით უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის ოკუპანტი სახელმწიფო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე.
„არაღიარებული ორი „პრეზიდენტი“ ერთ ოთახში“ - ასეთი წარწერა ახლავს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და ასლან ბჟანიას შეხვედრის ამსახველ ფოტოს, რომელსაც ბელარუსული მედიასაშუალება NEXTA ტვიტერზე აქვეყნებს.
მინსკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი NEXTA აღნიშნავს, რომ ლუკაშენკას ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში „დაუგეგმავი“ იყო და მას წინ პრეზიდენტ პუტინთან სოჭში გამართული შეხვედრა უძღოდა.
- ლუკაშენკამ ბჟანიას უთხრა, რომ ბიჭვინთის რეზიდენციაში მასთან ჩასვლამდე, სოჭში შეხვედრისას, აფხაზეთის შესახებ ბევრი ელაპარაკა „ჩვენს უფროს ძმას“ - ვლადიმირ პუტინს - და ასევე თქვა, რომ „აფხაზეთი არის. რუკიდან მისი წაშლა შეუძლებელია“ და „არანაირ სანქციებს არ შეუძლიათ ამის გაკეთება“.
- „რუსეთი მზად არის მხარდაჭერისთვის. ალბათ, დადგა დრო. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ დავინახეთ, როგორი გახდა მსოფლიო. ჩვენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემენ. ამიტომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობრებთან“, - ასევე ლუკაშენკას სიტყვებია.
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ლუკაშენკა აქტიურად ეხმარებოდა რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მზადებაშიც და ეხმარება ახლაც, ომში - სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან გაშვებული ასობით რაკეტით დაიბომბა უკრაინის ქალაქები და მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობა. ბოლო დღეებში ლუკაშენკას ქვეყანა ისევ მოექცა საგანგებო ყურადღების ცენტრში - სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბელარუსში პუტინი, სავარაუდოდ, 20 000 მობილიზებულის შეყვანას გეგმავს.