რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის ავტორიტარ მმართველს, ალიაქსანდ ლუკაშენკას, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, მინსკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, ამის შესახებ ცნობილი გახდა პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის პრესკონფერენციაზე.
„არა, ეს თემები დღის წესრიგში არ ყოფილა“, - უპასუხა პესკოვმა მედიის შესაბამის შეკითხვას.
ამასთან, პესკოვის თანახმად, პუტინსა და ლუკაშენკას არც მინსკის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხი განუხილავთ.
„არა, ეს ბელარუსის აბსოლუტურად საშინაო საქმე და სუვერენული უფლებაა. ჩვენ მოველით, ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მივლენ შესაბამის გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა პესკოვმა.
ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.
საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.
- 2021 წლის 9 აგვისტოს ლუკაშენკამ თქვა, რომ ბელარუსი ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, როცა „უკანასკნელი რუსი ოლიგარქი“ იქ პროდუქტების მიწოდებას დაიწყებს. მანავე დაამატა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამს, მიუხედავად იმისა, რომ „ბევრი რამ აკავებს“.
- ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების სიგნალებს.
- 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
- 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინაში ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.
- საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.