საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.
„შეხვედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია", - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გავლით საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებშიც ჩანს, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა, ვიდრე შემოდიოდა.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, საქართველოში სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.
ასევე ნახეთ შსს აქვეყნებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკას