მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ უპასუხებს კითხვას, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს იმ სამი კანდიდატიდან რომელიმეს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს. კობახიძის თქმით, მათ კანდიდატები კლანური პრინციპებით შეარჩიეს.
"ამ გადაწყვეტილებით NGO-ებმა, მდიდარმა NGO-ებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპით მოქმედებენ...
სრულიად დახურულ რეჟიმში NGO-ების კლანი ასახელებს თავის კანდიდატებს - ეს არის მიუღებელი და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ... ნებისმიერ მათგანს შეუძლია შემოიტანონ საკუთარი განაცხადი, მათ შეაფასებენ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები და შემდეგ ოპოზიციური პარტიები თუ გადაწყვეტენ, დაასახელებენ. მათ უნდა გაიარონ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი, როგორც ნებისმიერი პირისთვის", - თქვა კობახიძემ.
დღეს, 27 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატებად ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე დაასახელეს.
ასევე ნახეთ ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატები დაასახელესანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელია და ძირითადად, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობს; ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელია, მანამდე ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, ჯანეზაშვილი სასამართლოს საკითხებზე მუშაობს. გიორგი ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში" მუშაობდა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. 31 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა და თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა. პარლამენტში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებულ კანდიდატებს წარადგენენ.
პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს ასევე იურისტებმა ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.