Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატები დაასახელეს


არასამთავრო ორგანიზაციებმა „ფონდ ღია საზოგადოების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ომბუდსმენობის სამი კანდიდატი დაასახელეს. ესენი არიან ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე. მათი წარდგენისას "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ თქვა, რომ მათი მიზანია, პარლამენტმა სამივე კანდიდატს უყაროს კენჭი.

"ამ სამ ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატებს და ჩვენ ვაგრძელებთ, ცხადია, მუშაობას პოლიტიკურ სუბიექტებთან და პარტიებთან, რათა მათაც მოახდინონ შემდეგ ამ ადამიანების დასახელება, ნომინირება, რათა სამივეს უყაროს კენჭი უშუალოდ პარლამენტში. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ რიგ ღონისძიებებს, სადაც ეს ადამიანები შეხვდებიან ფართო საზოგადოებას, სხვადასხვა ჯგუფებს და ისაუბრებენ საკუთარ ხედვებზე", - თქვა ბაია პატარაიამ.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელია;

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

გიორგი ბურჯანაძე მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში” მუშაობდა.

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. 31 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა და თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა. პარლამენტში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებულ კანდიდატებს წარადგენენ.

პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს ასევე იურისტებმა ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.

XS
SM
MD
LG