2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ომში დაიღუპა 30 ათასამდე ადამიანი, 300 ათასამდე კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ საქართველოში დევნილთა რაოდენობა, სულ მცირე, 45 ათასით გაიზარდა.
ასევე ნახეთ მამამ მითხრა აფხაზეთიდან ხარო - დევნილი მემკვიდრეობითრას ამბობს ციფრები აფხაზეთის ომსა და კონფლიქტის მემკვიდრეობაზე.
აფხაზეთის ომს 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა 2 ათასზე მეტი ადამიანი.
წითელი ჯვრის თანახმად, ამ დრომდე ორივე მხარეს ოჯახებს 204 ცხედარი დაუბრუნეს.
დემოგრაფია
ეთნიკური ჯგუფების განაწილება აფხაზეთის რეგიონების მიხედვით, 1989 წლის მონაცემები:
ეთნიკური განაწილება აფხაზეთის რეგიონებში, 2020 წელი (დე ფაქტო მთავრობის მონაცმები):
*შენიშვნა: აფხაზეთის სტატისტიკის დე ფაქტო დეპარტამენტს რეგიონში მცხოვრები ქართველები და მეგრელები ცალ-ცალკე ჰყავს აღრიცხული. რადიო თავისუფლებამ ეს რიცხვები შეკრიბა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, აფხაზეთის ომში ქართული მხრიდან 28 605 მებრძოლი მონაწილეობდა, დაიღუპა 4 392 მებრძოლი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა - 775, 2 173 მებრძოლი შშმ პირია.
სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭეს ჟიული შარტავას, ზურაბ იარაჯულს, ავთანდილ იოსელიანს, გურამ გაბესკირიას, მამია ალასანიასა და გენო ადამიას.
- ჟიული შარტავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1993 წლის 18 ივლისიდან 27 სექტემბრამდე. სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს.
- გურამ გაბესკირია - სოხუმის მერი 1992 წლის 15 იანვრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე. სოხუმის დაცემის დღეს იგი ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს.
- მამია ალასანია - საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი. დახვრიტეს 1993 წლის 27 სექტემბერს.
- გენო ადამია - 1993 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა.
- ავთანდილ იოსელიანი - 1992 წლის 26 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიღუპა. იგი ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა.
- ზურაბ იარაჯული - მფრინავი. 1993 წლის 13 ივლისს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ზურაბ იარაჯული პარაშუტით დაეშვა და რამდენიმე დღე მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ალყაში მოქცეულმა ტყვედ ჩაბარებაზე უარი თქვა.
დევნილად დაბადებულები
საქართველოში დევნილთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ დევნილის სტატუსი მშობლებიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადის.
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე მომუშავე მკვლევრების შეფასებით, სტატუსი არის არა მხოლოდ სოციალური სარგებელი, არამედ ეს არის უფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებაზე.
დევნილთა სტატისტიკა - მაშინ და ახლა
1992-1993 წლებში აფხაზეთიდან დევნილ პირთა რაოდენობა 263 757 ადამიანი იყო. დღეის მდგომარეობით - 291 205.
საცხოვრებელი ფართი გადასცეს 130 187 დევნილს. 174 058 დაკმაყოფილებას ისევ ელოდება.
ახლანდელი ტემპით დევნილთა განსახლების დასრულებას კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდება, - ვარაუდობენ მკვლევრები, რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ.
თითქმის 300 000 დევნილიდან სახელმწიფომ ამ დრომდე ბინით ან მისი შესაძენი თანხით მათი ნახევარიც კი ვერ დააკმაყოფილა.
ასევე ნახეთ 30 წელი ბინის მოლოდინში - რატომ გვყავს დევნილები, რომლებსაც სახლი დღემდე არ აქვთმარჩენალდაკარგულები
აფხაზეთის ომის შედეგად მარჩენალდაკარგული 6 015 ბავშვი გახდა.
მარჩენალდაკარგულად ითვლება არასრულწლოვანი, რომელმაც ომში დაკარგა ერთ-ერთი ან ორივე მშობელი.
დევნილობის გზაზე დაღუპულები
სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი შეეცადა რეგიონი სვანეთის უღელტეხილის გავლით დაეტოვებინა. ქართული მხარის ინფორმაციით, ჭუბერის გზაზე 500-მდე ადამიანი გაიყინა. მათ შორის, ბავშვები.
დევნილთა განსახლების ადგილები საქართველოში
აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლიდან, იძულებით გადაადგილებული პირები ქაოსურად სახლდებიან საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ქარხნებში, სასტუმროებში, სანატორიუმებში, საავადმყოფოებსა და სახელმწიფოს კუთვნილ სხვა საჯარო შენობებში. იმ დროს ქვეყანას მათი ბინებით დაკმაყოფილების არც ფინანსური შესაძლებლობა აქვს და არც პოლიტიკური ნება - ხელისუფლება ამბობს, მოითმინეთ, აფხაზეთში მალე დავბრუნდებით, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლადო.
აფხაზეთსა და რეგიონში ვითარების შედარებით დამშვიდების შემდეგ, გალის რაიონიდან დევნილი 47 000-მდე ქართველი სახლებში დაბრუნდა. თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აღმართული მთელი რიგი ბარიერებისა და უფლებების შეზღუდვის გამო, გალის რაიონი ახალგაზრდებისგან იცლება.