რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში საყოველთაო აღწერისას დიდი ყურადღება ექცეოდა დაპყრობილი ტერიტორიების ეთნიკური შემადგენლობის დადგენას: ვინ რამდენი იყო, ვის როგორი წილი ჰქონდა და ა.შ. დემოგრაფული სურათის ცვლილება ყოველთვის მძაფრ რეაქციას იწვევდა თავად სტატისტიკას დაქვემდებარებულ ხალხებშიც. ეს საკითხი მწვავედ იდგა აფხაზეთშიც მთელი XX საუკუნის განმავლობაში, როცა ინტენსიური გახდა შიდამიგრაციული პროცესები და მწვავედ დგას ახლაც, როცა დემოგრაფიული ბალანსი მკვეთრად შეიცვალა 30 წლის წინ დაწყებული ომის შედეგად.
რუსეთის იმპერიაში ავტონომია (დამოუკიდებლობა) ხალხების მთავარი საფრთხობელა იყო. ჯერ კიდევ 1905 წელს ქართველი სოციალ-დემოკრატების გაზეთი „მოგზაური“ წერდა:
„კარგად ესმის ხალხს, რომ ავტონომია კავკასიაში, სადაც მრავალი სხვადასხვა ერებია ერთმანეთში არეული, მათთვის საზარალოა, რომ ეს ავტონომია მოასწავებს ერთი მეორეზე გაბატონებას, შუღლსა და მტრობას, უკეთ რომ ვთქვათ - კაცთა მჭამელობას“.
XIX საუკუნეში
რთულია აფხაზეთის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ცნობილია, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობა 1864 წლიდან დამკვიდრდა, რეფორმამდელ პერიოდში კი კამერალური აღწერები არ ტარდებოდა. წყაროების შეჯერებით, პროფესორი ვახტანგ ჯაოშვილი ასკვნის, რომ 1800 წლისთვის აფხაზების რაოდენობა 52 ათასი უნდა ყოფილიყო, 1864 წლისათვის კი, ვიდრე მუჰაჯირობა დაიწყებოდა - 60 ათასი. ამასთან, როგორც ვახტანგ ჯაოშვილი შენიშნავს, „აფხაზეთის მოსახლეობის ორი მესამედი აფხაზებზე, ხოლო ერთი მესამედი ქართველებზე მოდიოდა“ (საქართველოს მოსახლეობა XVII-XX სს. 1984 წ.).
აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამ და რუსული მმართველობის შემოღებამ მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც 1866 წლის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ცარისტულმა ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო აჯანყება და 1867 წელს 15 ათასზე მეტი აფხაზი იძულებით გადაასახლა (არაბ. „მუჰაჯერეთ“ - გადასახლება) თურქეთში.
კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი ამ საკითხთან დაკავშირებით წერდა: „თურქეთში აფხაზთა გადასახლების განზრახვის მთავარი მიზანი ჩვენი საზღვრებიდან მოსახლეობის იმ ნაწილის განდევნაში მდგომარეობს, რომელიც ჩვენდამი ყველაზე უფრო მტრულად განწყობილ ელემენტებს შეიცავს“.
მუჰაჯირობის მორიგი ტალღა გამოიწვია რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომმა. რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ გამოაცხადა და თურქეთში გაასახლა 32 ათასამდე აფხაზი.
„აფხაზების დაახლოებით ნახევარი 1866-1878 წლებში თურქეთში გადაასახლეს. მთელი რიგი დასახლებული პუნქტები სრულიად დაცლილი აღმოჩნდა. დაიწყო ამ მიწებზე გარედან მოსული მიგრანტების ჩასახლება. მნიშვნელოვან კონტინგენტს შეადგენდნენ თურქეთიდან მოსული სომხები და ბერძნები, რომლებიც სახლდებოდნენ დღევანდელი სოხუმის, გულრიფშის და გაგრის რაიონების ტერიტორიაზე, ჩამოსახლდნენ რუსები და ესტონელები, შეივსო აგრეთვე მკვიდრი ქართველების რიცხვი სხვადასხვა კუთხიდან, უპირატესად სამეგრელოდან და სვანეთიდან“, - წერს ვახტანგ ჯაოშვილი.
1897 წელს ჩატარებული აღრიცხვით აფხაზეთში („სოხუმის ოლქში“) 107 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 1916 წელს კი - 148 ათასი.
აფხაზეთისთვის 1864-1921 წლების მოვლენების შეჯამებისას, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, აკაკი ბაქრაძე ამბობდა, რომ აფხაზი ხალხის ცხოვრებაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა:
- აფხაზთა ერთი ნახევარი თურქეთში გადასახლდა და არსებიდად გათურქდა
- აფხაზთა მეორე ნახევარი, მართალია შინ დარჩა, მაგრამ ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წყალობით, გარუსდა და ქართული ეროვნული სამყაროდან გადავიდა რუსულ ეროვნულ სამყაროში
XX საუკუნეში
1916 წლის აღწერით, აფხაზეთის სოფლის მოსახლეობაში ქართველების წილი იყო 55,6%, აფხაზებისა კი - 33,3%.
1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. სერგო ორჯონიკიძისა და სტალინის თანხმობით აფხაზმა ბოლშევიკებმა აფხაზეთი საქართველოდან გამოყვეს და მას „დამოუკიდებელი“ მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭეს.
„შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა აბხაზეთმა, სადაც უმრავლესობა ქართველები არიან და „ავტონომია“ გამოაცხადა რუსულის საქმის წარმოებით, რუსი ჩინოვნიკების წყალობით, რუსული ორიენტაციით“, - წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი სტატიაში „EST MODUS IN REBUS“ („ყოველივეს ზომა აქვს“).
„1939 წელს ჩატარებულმა მომდევნო აღწერამ ამ მიმართულებით გარკვეული ძვრები დააფიქსირა. სოხუმის რაიონის სოფლებში აფხაზეთის მოსახლეობა ოდნავ გაიზარდა და 1900 კაცი შეადგინა, ქალაქ სოხუმში კი 4-ჯერ გაიზარდა და 2415 ადამიანს მიაღწია“, - წერს ზურაბ ანჩაბაძე, რომელიც იქვე მიმოიხილავს ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობისა და რიცხოვნების ცვლილებას:
1939 წლის აღწერამ ასევე აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქად მცხოვრები ადამიანების წილი 15%-დან 28,2%-მდე. ამასთან, ქალაქად ცხოვრობდა: აფხაზი - 7,5 ათასი, ქართველი - 19,8 ათასი, რუსი - 36,1 ათასი, ბერძენი - 7,6 ათასი, სომეხი - 6,6 ათასი, უკრაინელი - 5,3 ათასი, ებრაელი - 1,8 ათასი.
აფხაზეთის მოსახლეობის კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა დააფიქსირა 1959 წლის აღწერამ.
1989 წელს, როცა საბჭოთა კავშირში ბოლო საყოველთაო აღწერა ჩატარდა, აფხაზეთში 525 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის:
აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ზრდა მთელი XX საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, ისევე, როგორც იზრდებოდა სხვა ეთნოსების რაოდენობაც, რაც დიდწილად მიგრაციულ პროცესებთან (ჩასახლებასთან) იყო დაკავშირებული, თუმცა აფხაზური საზოგადოება განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა ქართული მოსახლეობის ზრდას. ამ განცდებს ვერაფერი უშველა აფხაზებისთვის „სატიტულე ერის“ სტატუსისა და კანონით გათვალისწინებული პრივილეგიების მინიჭებამ: გარდა იმისა, რომ მინისტრებისა და რაიკომის მდივნების 2/3 ეთნიკური აფხაზი უნდა ყოფილიყო, საარჩევნო კანონი 65-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 28 მანდატს ანიჭებდა აფხაზებს (მოსახლეობის 17%), 26-ს - ქართველებს (მოსახლეობის 46%) და 11-ს სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს.
ქართველი ისტორიკოსების ნაწილი აფხაზეთში ქართული კომპონენტის ზრდას შესაბამის პერიოდში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირებს.
„საკოლმეურნეო მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა მოსახლეობის ჩასახლება დასავლეთ საქართველოს მცირემიწიანი რაიონებიდან, თუმცა მას არ ჰქონია ინფილტრაციის ხასიათი. ქართველების ჩასახლება გამოუყენებელ მიწის მასივებზე მოხდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა რუსების, უკრაინელების, სომხების და სხვათა შემოდინების პროცესი. ეს ფაქტი გამოწვეული იყო ობიექტური რეალობით: ინდუსტრიალიზაციის კურსის გატარება - სამრეწველო საწარმოების შექმნა, მხარის ბუნებრივი სიმდიდრეების ათვისება, პირველ რიგში, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოების ექსპლოატაციაში შესვლა, - მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ავტონომიური რესპუბლიკის გარედან მუშახელსა და კვალიფიციურ საინჟინრო-ტექნიკურ კადრებს მოითხოვდა. ამის გამო აფხაზთა ხვედრითი წილი რესპუბლიკის მოსახლეობაში მნიშვნელოვნად შემცირდა“ (ბეჟან ხორავა, „ეთნიკური პროცესები აფხაზეთში“).
თუმცა ისტორიკოსების ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ აფხაზების შიში საფუძვლიანი იყო და, რომ ლავრენტი ბერიას მიერ აღებული „ჩასახლების კურსი“ აფხაზური ეთნოელემენტის მინიმუმამდე დაყვანას ისახავდა მიზნად.
XXI საუკუნეში
დემოგრაფია პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. ანტიქართული აფხაზური პროტესტის ერთ-ერთ პირველ სერიოზულ გამოვლინებას ადგილი ჰქონდა 1950-იან წლებში, როცა დიდი პროტესტი გამოიწვია 1954 წელს გამოქვეყნებულმა პავლე ინგოროყვას ფუნდამენტურმა ნაშრომმა „გიორგი მერჩულე“, რომელშიც მეცნიერი ავითარებდა აზრს, რომ თანამედროვე აფხაზები არ იყვნენ ადრეული „აბაზგ-აფსილებისა“ და ადრეული შუა საუკუნეების „აფხაზების“ შთამომავლები.
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში მძიმე პროცესები განვითარდა 1957, 1967, 1978 და 1989 წლებში (მნიშვნელოვან ნეგატიურ როლს თამაშობდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა და სპეცსამსახურები), რაც 1992-1993 წლების ომითა და ქართველთა ეთნოწმენდით გაგრძელდა.