ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის, ირბეკ ტომაევის განცხადებით, რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
მისი სიტყვებით, ეს 23.3%-ით მეტია წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით. ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო "ტასს"-ი ავრცელებს.
რუსეთის რამდენი მოქალაქე შევიდა საქართველოში, ტომაევი არ აზუსტებს.
„ქვეყანაში მიმდინარე ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, უკანასკნელ რამდენიმე დღეში ჩვენი რესპუბლიკის გავლით საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს მიმართულებით მსუბუქი ავტომობილების ნაკადი. დღეს საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ზემო ლარსის“ გავლას ელოდება 3.5 ათასი ერთეული მსუბუქი ტრანსპორტი, რომელშიც ძირითადად იმყოფებიან გაწვევის ასაკის პირები. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყარეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მოგროვილია დაახლოებით 800 ერთეული მსუბუქი ტრანსპორტი. რესპუბლიკის გზებზე სატრანზიტო ტრანსპორტის საერთო რაოდენობა 4891-ს შეადგენს. მათ შორის 1391 მძიმე და 3.5 ათასი მსუბუქი სატვირთო ტრანსპორტია“, - განაცხადა მან.
ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ რეგიონის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს მითითებების შესაბამისად, გზების განტვირთვის მიზნით, ქალაქ ვლადიკავკაზის მშენებარე, შემოვლითი გზის მონაკვეთზე, მანქანების დროებითი სადგომი მოეწყო.
ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ „საბაჟო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“.
რადიო თავისუფლება ცდილობს დააზუსტოს მონაცემები საქართველოს მხარესთან.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტულ პერიოდში, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 213 100-მა ადამიანმა გადმოკვეთა - საშუალოდ, კვირაში 53,3 ათასმა ადამიანმა. 2019 წელს კი, კორონავირუსის პანდემიამდე, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 169 915-მა გადმოკვეთა - საშუალოდ კვირაში 42,3 ათასმა ადამიანმა
ასევე ნახეთ ლარსის საბაჟოზე სატვირთო ტრანსპორტის გატარება შეფერხებულია - შემოსავლების სამსახურისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო- გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“.
დღეს რუსეთის "ეფესბემ" განაცხადა, რომ ჯავშანტრანსპორტიორს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ რიგში მდგომები რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გარღვევას შეეცდებიან.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.