ჟურნალისტი თელარა გელანტია მთავრობის ბრიფინგზე ისევ არ შეუშვეს

თელარა გელანტია, ჟურნალისტი

BMG-ის რედაქტორი და ჟურნალისტი თელარა გელანტია მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს. ინფორმაციას ადასტურებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური - რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მიზეზი განემარტა მედიასაშუალებას.

BMG-ში კი ამბობენ, რომ პრესსამსახურმა შესთავაზა ბრიფინგზე "სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი გაეშვათ", რადგან თელარა გელანტიას "დღესაც არ დაუშვებდნენ".

"არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… დიახ, პირი დამრჩა ღია... მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ [ორგანიზაციის ხელმძღვანელმა] - აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო - იყო პასუხი", - ამბობს თელარა გელანტია, რომელიც აღნიშნავს, რომ პრესსამსახურს არ განუმარტავს, რა იგულისხმებოდა "იმ ფაქტში" - მის მიერ მანამდე მომზადებული სიუჟეტი, რომელიც მთავრობის გამოუქვეყნებელ განკარგულებებს შეეხებოდა თუ მედიაში მისი სხდომაზე არდაშვების შესახებ მომზადებული მასალები.

თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში პირველად 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს. როგორც ამბობს, ოფიციალურ მიზეზად უთხრეს, რომ "ბევრ კითხვას" სვამდა და ამით ხელი ეშლებოდათ მის კოლეგებს მუშაობაში.

განმარტება მთავრობის ადმინისტრაციას არც მაშინ გაუვრცელებია. ამ ფაქტის გამო თელარა გელანტიამ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა და დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვა.

ასევე ნახეთ BMG-ის ჟურნალისტი მთავრობას სახალხო დამცველთან უჩივის