BMG-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, 12 სექტემბერს არ დაეშვათ ის ბრიფინგზე, მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა იყო. ამ მიზეზით მან "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" სამართლებრივი მხარდაჭერით სახალხო დამცველს მიმართა.
"ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციულია და იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ, თანასწორობის ძირითად უფლებასთან და "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონთან", - წერია მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" შეფასებით, გარდა დისკრიმინაციული მიდგომისა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებაში ჩანდა გამოხატვის თავისუფლების მიმართ უარყოფითი ტენდენცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ხელისუფლების მხრიდან.
"მედიის თავისუფალი საქმიანობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომებზე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმა და ამ კითხვებზე პასუხების გაშუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს, ღია მმართველობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის", - აცხადებენ IDFI-ში.
12 სექტემბერს, როცა მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველკვირეული მთავრობის სხდომა იმართებოდა, ჟურნალისტი თელარა გელანტია არ შეუშვეს. მისი თქმით, მას პრესსამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ ის "ბევრ კითხვას" სვამდა და ამით ხელი ეშლებოდათ მის კოლეგებს მუშაობაში. ჟურნალისტი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ მომზადებულ სიუჟეტს უკავშირებდა, რომელშიც ჰყვებოდა, როგორ არღვევდა ხელისუფლება კანონს, როცა არ ქვეყნდებოდა განკარგულებები.
ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციიდან ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა.