თვითმხილველები სოციალურ ქსელ ტელეგრამის საშუალებით ავრცელებენ რუსეთის მხარეს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამოჩენილი ჯავშანმანქანის სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოებს. ფოტოებში ჩანს ჯავშანტრანპორტიორი, რომელზეც სამხედრო ფორმაში ჩაცმული 7 ადამიანი ზის. მათ სახეები შენიღბული აქვთ.
ფოტოები გავრცელდა ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცისა და "ზემო ლარსის" სახელწოდების ტელეგრამ-არხებზე. ფოტოების მიხედვით, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს ავტომატები უჭირავთ, ჩანს ასევე ჯავშანმანქანის ნომერი - 430.
ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენასთან დაკავშირებით რუსეთის "ეფესბე" აცხადებს, რომ მას გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საზღვრის გარღვევას შეეცდება.
"ჯავშანტრანსპორტიორი მოძრაობს, მაგრამ არა საგუშაგოს მოსაწყობად. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, სარეზერვო საშუალებაა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის - თუ რეზერვისტები მოინდომებენ გამშვები პუნქტის გარღვევას და სასაზღვრო ფორმალობების გაუფორმებლად დატოვებენ ქვეყანას. მხოლოდ ამ მიზნით.
არავითარი საგუშაგო არ მოეწყობა. გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა", - განუცხადეს გამოცემა РБК-ს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის "ეფესბეს" სასაზღვრო სამმართველოში.
ამ საკითხზე პასუხის მიღებას, რადიო თავისუფლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ცდილობს.
თვითმხილველები, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლა უნდათ, ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობენ, პრობლემები ექმნებათ.
ტელეგრამის ერთ-ერთ ჩატში, რომელიც უკვე 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წერენ, რომ კავკასიელებს დაკითხვაზე ცალკე ოთახში აგზავნიან და მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან.
ასევე ნახეთ ჩრდილოკავკასიელებს საქართველოში არ უშვებენ, ისინი ნეიტრალურ ზონაში რჩებიან - თვითმხილველებიდღეს, 26 სექტემბერს, კურგანისა და ტიუმენის რეგიონების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები ხელს უშლიან კურგანის რეგიონში რუსეთსა და ყაზახეთს შორის საზღვრის გადაკვეთაში რუსეთის იმ მოქალაქეებს, ვისაც შესაძლოა მობილიზაცია შეეხოს.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ცვლილებების გარეშე. შეინიშნება მობილიზაციას დაქვემდებარებული პირების გასვლის მცდელობა. ჩვენ მათ ვაცნობთ, რომ ისინი უნდა გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში, არ ვუშვებთ საზღვარზე. ყველა კითხვით, რატომ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება გაშვებაზე უარის შესახებ, უნდა მიმართონ სამხედრო კომისარიატს. განმარტება მათ უნდა მისცენ", - განაცხადეს დეპარტამენტში.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები შეიქმნა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობები გაჩნდა ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.