ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციიდან პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, შექმნან საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად. მოსამართლეების ნაწილი, მათ შორის ნათია ქუთათელაძე, ანა ღელეყვა და ბესარიონ ალავიძე ზეწოლის ფაქტებზე საჯაროდ, მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემულ ინტერვიუებში საუბრობდნენ.
"არასამთავრობო სექტორი ბოლო რამდენიმე წელია ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის არსებობაზე, რომლითაც მოქმედი და წინა ხელისუფლებები სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ. აღნიშნული ჯგუფი უკვე 15 წელია თანამშრომლობს პოლიტიკურ ხელისუფლებებთან და იყენებს მოსამართლეზე უკანონო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს.
ყოფილი მოსამართლეების საჯარო განცხადებები წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც სათანადო რეაგირება აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში წამოჭრილია ოთხი საკითხი:
- სასამართლო საქმეთა განხილვაში შესაძლო უკანონო ჩარევები;
- საქმეთა განაწილების სისტემით შესაძლო მანიპულირება;
- კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები სასამართლო სისტემაში;
- მოსამართლეთა დანიშვნების დროს შესაძლო არაჯეროვანი გარიგებები და ზეწოლა.
"საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ, რომელიც საქართველოს სახელით გადაწყვეტილებებს 10 წლის განმავლობაში იღებდა, 16 სექტემბერს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას.
"არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სისტემიდან, ან აიძულეს გადასულიყვნენ დაბალი ინსტანციის სასამართლოში... ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, გამოცდილიც მაქვს", - აღნიშნავდა ბესარიონ ალავიძე.
ასევე ნახეთ უზენაესის ყოფილი მოსამართლე გადაწყვეტილებების "ქუჩური გარჩევით" მიღებაზე საუბრობსკიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე გავლენის შესახებ საუბრობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილია. პატიმრობაში მყოფი გოგაშვილის სახელით ფეისბუკზე 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის იყო შუამავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან "კლანის ლიდერებად" მოხსენიებულ მოსამართლეებთან.
"[მოსამართლე მიხეილ] ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუს-თან და მთავარი საკონტაქტო პირები ოცნების სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და [მოსამართლე ლევან] მურუსიძე. ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ", - აცხადებს გოგაშვილი.
ერთობლივი განცხადების ავტორები არიან:
- დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი;
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
- დემოკრატიის ინდექსი-საქართველო;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- უფლებები საქართველო;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.