Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესის ყოფილი მოსამართლე გადაწყვეტილებების "ქუჩური გარჩევით" მიღებაზე საუბრობს


ბესარიონ ალავიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან "მთავარ არხთან" საუბრის დროს თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. საუბარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომლის დიდ ნაწილსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კლანად მოიხსენიებენ.

"არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სისტემიდან, ან აიძულეს გადასულიყვნენ დაბალი ინსტანციის სასამართლოში... ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, გამოცდილიც მაქვს...

მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ მიმეღო გარკვეული გადაწყვეტილებები წინასწარ. იყო თხოვნა, რომ ეს იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მათთან მომივიდა კონფლიქტი.

მათი მხრიდან ასეთ ჩარევებს არ აქვს "აკადემიური ხასიათი" - რომ "იქნებ, კანონში ასე ხომ არ წერია და ხომ არ გჭირდებათ ჩვენი დახმარება", არამედ "ქუჩური წესებით" საქმის გარჩევა [ხდება], დაბარება კაბინეტებში და პირდაპირი მოწოდება, რომ დადგეს ეს შედეგი", - ამბობს ყოფილი მოსამართლე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ სჯერა ყოფილი მოსამართლის გაჟღერებული ბრალდების.

"ოდესმე მიმართა, მაგალითად, საგამოძიებო უწყებას რომელიმე „ქუჩური გარჩევის“ თაობაზე და ა.შ.? ასე მარტივად მე პირადად, ასეთი ტიპის განცხადებებს არ ვენდობი და არ ვიზიარებ, არ ვეთანხმები. თუ არის ისეთი, რაც კრიმინალური შინაარსისაა, რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება საგამოძიებო ორგანოს მიმართოს და დიახ, ყველაფერი გამოძიებული იქნება. ასეთია სწორი მიდგომა. ისე კი, ნამდვილად არ მჯერა, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ზეწოლას ახდენდა ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეზე, რომ მიეღო კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, ეს არ მჯერა, რადგან ვიცი ხელისუფლების განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხების ირგვლივ და არც მსმენია უბრალოდ შიგნით ვინმესგან, ხელისუფლების მხრიდან საჭიროებაზე ან თუნდაც დასაშვებობაზე საუბარი, რომ მოსამართლეზე რაიმე ზეწოლა განახორციელოს", - თქვა სარჯველაძემ.

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის თებერვალში 10-წლიანი ვადით დაინიშნა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომელმაც "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილა და ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მის გარდა, საქმის განხილვაში ჩართულები იყვნენ მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

XS
SM
MD
LG