პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ვიდეომიმართვაში, რომლითაც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, პუტინი გასულ საღამოს უნდა გამოსულიყო, თუმცა, დღეს დილით აჩვენეს, მან განაცხადა, რომ "სამობილიზაციო ღონისძიებები დაიწყება დღეს, 21 სექტემბერს".

"ჩვენი სამშობლოს დასაცავად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი ხალხის და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე(უკრაინის)ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროდ მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინადადებას, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების შესახებ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება". პუტინის თქმით, ეს პირები სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე გაივლიან სავალდებულო სამხედრო მომზადებას.

ასევე ნახეთ რუსეთის ხელისუფლება და ეკლესია პატიმრების იმედად?

რუსეთის არმიაში მნიშვნელოვანი დანაკარგის, მის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემების და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ბოლო ხანს, სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავდა.