თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს ბანკი". ის მადლობას უხდის სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს.
„ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი - თავისუფალი. მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს", - ვკითხულობთ „საქართველოს ბანკის" ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
რამდენიმე წუთით ადრე ცნობა დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი კოვზიაშვილმა.
თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" შენობაში დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა და მთელი ამ დროის განმავლობაში მძევლად არაერთი ადამიანი ჰყავდა აყვანილი. ის თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა.
ასევე ნახეთ პოლიციამ, სავარაუდოდ, იცის, ვინ არის "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისავარაუდოდ, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისათვის ცნობილი იყო "საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში. დღის დაახლოებით 4 საათისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს წყარომ შსს-დან არაოფიციალურად დაუდასტურა, რომ სამინისტრომ იცის თავდამსხმელის ვინაობა და უკვე კავშირზეა მისი ოჯახის წევრებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:
- მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
- მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
- მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
- მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.
თავდამსხმელის "საქართველო ბანკში" შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი მძევლის ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმოდა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, კაცი 2 მილიონ ამერიკულ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.