უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებულ რეგიონებში "რეფერენდუმები" 23-27 სექტემბერს დანიშნეს

ფოტო არქივიდან: დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "მეთაურები" დენის პუშილინი (მარცხნივ) და ლეონიდ პასეჩნიკი

უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში 23-27 სექტემბერს ჩაატარებენ „რეფერენდუმებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა, ვლადიმირ სალდომ და ევგენი ბალიცკიმ.

ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა უწოდა "გულუბრყვილო შანტაჟი" მათი მხრიდან, ვისაც მხოლოდ ბავშვებთან და მშვიდობიან ადამიანებთან ომი შეუძლია. „ასე გამოიყურება განადგურების შიში. მტერს ეშინია და პრიმიტიულად მანიპულირებს. უკრაინა გადაწყვეტს რუსეთის საკითხს. საფრთხის ლიკვიდირება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი“, - წერს ერმაკი ტელეგრამ-არხზე.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.

2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ხარკოვის ოლქის ნაწილზეც. უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილი სექტემბერში გაათავისუფლა და ამჟამად რუსეთის ჯარებს უტევს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე.

ასევე ნახეთ მედვედევი: უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით ისტორიული სამართლიანობა აღდგება