ბანკში შეჭრიდან 14 საათამდე მან მძევლად აყვანილი პირების საშუალებით 3 ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოკადრებში ჩანს ბანკში მყოფები და თავად შეიარაღებული პირი, რომელიც 2 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი მოთხოვნის შესახებ სწორედ ამ ვიდეოებიდან გახდა ცნობილი.
"წამზომზეა ჩართული, აფეთქდება საათსა და 30 წუთში", - ამბობს ბოლოს გავრცელებულ ვიდეოში მძევალი ქალი მოწყობილობებზე, რომელიც კადრებში ჩანს. მოწყობილობები, რომლებიც ასაფეთქებელს ჰგავს, დამაგრებულია როგორც ბანკის შენობის კედლებზე, ასევე თავად თავდამსხმელის სხეულზე. ამ კადრების მიხედვით, თავდამსხმელს სხეულზე წებოვანი ლენტებით მიმაგრებული აქვს 4 მცირე ზომის კოლოფი, რომლებიც სავარაუდოდ კაბელებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ციმციმებს. კაბელები ჩანს თავდამსხმელის ზურგზეც. რადიო თავისუფლებამ უსაფრთხოების სპეციალისტებს და სამხედროებს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა კადრების მიხედვით იმის თქმა, ნამდვილად ასაფეთქებელ მოწყობილობებია შენობასა და თავდამსხმელის სხეულზე თუ არა, - გვითხრეს, რომ დაბეჯითებით რაიმეს თქმა გავრცელებული კადრებიდან რთულია, ვინაიდან კუსტარულ, ხელნაკეთ მოწყობილობასთან გვაქვს საქმე.
კადრებიდან ჩანს ისიც, რომ თავდამსხმელს შარვლის ჯიბეში აქვს დანა, ხელზე კი წებოვანი ლენტით სავარაუდოდ ხელყუმბარა აქვს მიმაგრებული. ერთ-ერთ ვიდეოში ის ითხოვს, ბანკში მყოფმა მძევლებმა ტელეფონები დააწყონ და ერთ-ერთი მოეხმაროს ხელზე "სკოჩის" დახვევაში. "აქედან გასვლისას არ მესროლოს ვინმემ", - ამბობს სავარაუდოდ თავდამსხმელი.
"ფორმულის" ეთერში გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ხელზე წებოვანი ლენტით დახვეული ნივთი შეიძლება ასაფეთქებელი მოწყობილობების მართვის პულტი იყოს.
იმავე ვიდეოში, სადაც ჩანს, როგორ ითხოვს თავდამსხმელი ხელზე "სკოჩის" დახვევას, ისმის კაცის ხმა: "ლაზერული ბომბია და ბატარეა რომ დაჯდება, აფეთქდება თავისით". ამავე კადრებში ჩანს მძევლები, რომლებსაც ხელები აქვთ შეკრული.
მძევლების ვიდეოებიდან ირკვევა ბანკში შეჭრილის მოთხოვნებიც: ესაა 2 მილიონი დოლარი, ერთი სპრინტერი, ვერტმფრენი, რუსული დროშა და ანკესი.
ასევე ნახეთ რა ვიცით ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი მძევლების შესახებ